მოითხოვა თუ არა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა პუტინის დაპატიმრება ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.4k
VIEWS

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მალევე კრემლის აქტორებმა პუტინის დაკავების ორდერის გაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის ძმის, იმრან აჰმად ხანის პატიმრობიდან გათავისუფლებას დაუკავშირეს. იმრან აჰმად ხანი სასჯელს მოზარდის სექსუალური შევიწროვებისთვის იხდიდა.

18 მარტს რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა და პოლიტოლოგმა, სერგეი მარკოვმა თავის ტელეგრამ-არხზე პირდაპირ დაწერა, რომ კარიმ ხანმა პუტინის დაკავების ორდერი ძმის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ გასცა. მარკოვის თანახმად, დაკავების ორდერის გაცემით “პედოფილების საიდუმლო საზოგადოება” ცდილობს, ლგბტ პროპაგანდისა და პედოფილიის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების გამო პუტინზე შური იძიოს.

იმრან აჰმად ხანის პატიმრობიდან გათავისუფლება და პუტინის დაკავების ორდერის გაცემა დააკავშირეს პროპაგანდისტული გამოცემის “რეგნუმის” შეფ-რედაქტორმა, სტანისლავ სტრემიდლოვსკიმ და “რეგნუმის” ყოფილმა შეფ-რედაქტორმა, იური ბარანჩიკმაც. აღსანიშნავია, რომ ბარანჩიკის პოსტი თავის ტელეგრამ-არხზე გააზიარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ და მთლიანად დასავლეთი გარყვნილებასა და მორალურ სიმახინჯეში დაადანაშაულა – ხოლო რუსეთი ბავშვების დამცველებად გამოიყვანა.

ზახაროვა: ვადასტურებ, ყველაფერი მართალია. ძმა – პედოფილი. როგორც გუშინ ვამბობდი, ახლა ბავშვების გარყვნილებისგან დაცვა დასავლეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. წარმოგიდგენიათ, რამდენი უდანაშაულო ბავშვის სულს დაღუპავდნენ ამ ძმის მსგავსი მორალურად მახინჯი ადამიანები? რუსეთი ამის უფლებას არ იძლევა. ამ ბავშვებზე ალბათ რიგი იდგა უკვე.

მარკოვის, სტრემიდლოვსკის, ბრანჩიკის და ზახაროვას კომენტარები კრემლისტურ მედიებშიც გაშუქდა (1,2,3). პოსტები, რომლებიც კარიმ ხანს ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაში ადანაშაულებდნენ, სოციალური მედიის რუსულ და ქართულენოვანმა მომხმარებლებმაც გავრცელეს (1,2,3,4,5,6,7,8,9,10).

Screenshot 11 4 მოითხოვა თუ არა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა პუტინის დაპატიმრება ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ?Screenshot 12 4 მოითხოვა თუ არა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა პუტინის დაპატიმრება ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ?

მტკიცება, რომ კარიმ ხანმა პუტინის დაკავების ორდერი ძმის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გასცა, დეზინფორმაციაა. ბრიტანული სამართლის მიხედვით, იმრან აჰმად ხანისთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯისთანავე ცნობილი იყო, რომ 9 თვის შემდეგ მას პირობით ვადამდე გაათავისუფლებდნენ. გარდა ამისა, პროცედურულად დაკავების ორდერს არა პროკურორი, არამედ სასამართლო გასცემს.

პროკურორმა, კარიმ ხანმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაკავების ორდერის გაცემის განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა. 

17 მარტს სისხლის წინასასამართლო პალატამ ვლადიმირ პუტინის და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. ხანის განცხადების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს ეჭვისთვის, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებელი. პროცედურულად დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატამ გასცა და არა პროკურორმა კარიმ ხანმა.

  • იმრან აჰმად ხანის საქმე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის ძმა, იმრან აჰმად ხანი პატიმრობიდან 2023 წლის 21 თებერვალს გაათავისუფლეს. იმრან აჰმად ხანი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი იყო. 2019 წელს ის თემთა პალატაში აირჩიეს. BBC-ის თანახმად, ხანის მხრიდან მოზარდზე სექსუალური ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაციით პირი, რომელიც დასახელებული არ არის, 2019 წელს არჩევნების პერიოდში ჯერ კონსერვატიულ პარტიას დაუკავშირდა, ხოლო ხანის პარლამენტში არჩევის შემდეგ – პოლიციას. გამოძიებაც ამ პერიოდიდან დაიწყო. 2022 წლის გაზაფხულზე სასამართლომ ის 2008 წელს 15 წლის მოზარდის სექსუალურად შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო. ხანს ბრალი არ უღიარებია. დამნაშავედ ცნობის შემდეგ ხანი კონსერვატიული პარტიიდან გარიცხეს. მან ასევე დატოვა პარლამენტარის თანამდებობაც. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, იმრან აჰმად ხანმა სცადა, სასამართლოს პროცესი ანონიმურად და საზოგადოებისთვის დახურულ რეჟიმში წარმართულიყო. ხანის თანახმად, მისი თანამდებობის გათვალისწინებით, სახელის გასაჯაროებას შეიძლებოდა მისთვის საფრთხე შეექმნა. ხანმა ასევე სცადა, არ გამჟღავნებულიყო დაზარალებულის ასაკი, თუმცა მას ორივე მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოს მთავარმა მაგისტრატმა, პოლ გოლდსპრინგმა, განაცხადა, რომ რეპუტაციული ზიანი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი საფუძველი არ არის და ღია მართლმსაჯულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია.

იმრან აჰმად ხანს წინასწარ განსაზღვრული ვადით, 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრიტანული კანონმდებლობით, როდესაც განაჩენი ორ წელზე ნაკლებია, დამნაშავეს პატიმრობის ნახევრის მოხდის შემდეგ პირობით ვადამდე ათავისუფლებენ. პირობით გათავისუფლების შემდეგ, რაიმე დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული კვლავ საპატიმროს დაუბრუნდება. სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული გარკვეული პერიოდი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. იმრან აჰმად ხანის შემთხვევაში, 18-თვიანი განაჩენიდან 9 თვე მან საპატიმროში გაატარა, მომდევნო 9 თვე კი პირობით იქნებდა თავისუფალი, რის შემდეგაც 3 თვეს სუპერვიზიის ქვეშ გაატარებს. ხანის პატიმრობის 9-თვიანი ვადა თებერვალში გავიდა, რაც განაჩენის გამოტანისთანავე იყო გათვალისწინებული. შესაბამისად მის გათავისუფლებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმ პირთა გასამართლება, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებში, ომის დანაშაულებსა და აგრესიის დანაშაულში (სამხედრო ძალის გამოყენება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ). სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მართლმსაჯულების დამატებითი ინსტრუმენტია და მას ეროვნული სასამართლო სისტემების ჩანაცვლება და მათში ჩარევა არ შეუძლია.

არქივის ბმულები: 1,2,3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist