მიჰყიდა თუ არა ნორვეგიამ რუსეთს საიდუმლო სამხედრო ბაზა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

619
VIEWS

10 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდებმა PAN News და Don news გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის თანახმად ნორვეგიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი, წყალქვეშა ნავების ბაზა, ოლავსვერნი რუსეთს 4.4 მილიონ დოლარად მიჰყიდა. იგივე ვიდეო 29 ივლისს YouTube-არხზე НОВОСТИ СЕГОДНЯ გამოქვეყნდა

ვიდეოს მიხედვით, ნორვეგიის მთავრობამ ბაზა გაყიდა და ის კერძო პირმა, გუნარ ვილჰელმსენმა შეიძინა, რომელმაც თავისი მხრივ თავისი საკუთრება რუსეთს მიჰყიდა. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ბაზის გაყიდვაზე თანხმობა იენს სტოლტენბერგმა(ნორვეგიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი) გასცა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ნორვეგიის ხელისუფლების ყურადღება ბაზამ მაშინ მიიპყრო, როცა აქ ორი რუსული ხომალდი “აკადემიკ ნემჩინოვი” და “აკადემიკ შატსკი” გაჩერდა – ამ დროს გაირკვა, რომ ვილჰელმსენმა ბაზა რუსებს მიჰყიდა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ეს ხომალდები საიდუმლო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ჰიდროლოგიური და სეისმური ანალიზისა და დიდ სიღრმეზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. ხოლო მეცნიერები რომლებიც ამ გემებზე მუშაობენ, დეტალურ ანალიზს სამხედროებს გადასცემენ – რუსმა სამხედროებმა ნატოს ინფრასტრუქტურის შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მიიღეს.

იდენტური შინაარსის სტატია 4 აგვისტოს რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიამ «Мировое Политическое Шоу» გამოაქვეყნა.

mihqhida thu ara norvegiam ruseths saidumlo samkhedro baza2 მიჰყიდა თუ არა ნორვეგიამ რუსეთს საიდუმლო სამხედრო ბაზა?

მტკიცება, რომ ნორვეგიამ სამხედრო ბაზა რუსეთს მიჰყიდა, დეზინფორმაციაა. 2013 წელს ოლავსვერნის სამხედრო ბაზა გაუქმებული იყო და ობიექტი ნორვეგიულმა კერძო საინვესტიციო ჯგუფმა იყიდა. 2014-2015 წლებში ბაზის ნავსაყუდელის მომსახურებით რუსული ხომალდებიც სარგებლობდნენ, თუმცა ოლავსვერნი რუსეთის მთავრობის ან რომელიმე რუსული კომპანიის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა. ინფორმაცია “მითების დეტექტორს” ბაზის ამჟამინდელმა მფლობელმა კომპანიამ, WilNor Governmental Services AS-მაც დაუდასტურა, რომელმაც ბაზა 2020 წელს შეისყიდა.

ოლავსვერნის საზღვაო ბაზა

ოლავსვერნის საზღვაო ბაზის მშენებლობა 1960 წელს დაიწყო. სამთო კომპლექსი 25 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. 13 000 კვადრატულ მეტრის ფართობზე ბარაკები და სხვადასხვა სამუშაო სივრცეა, ბაზას 3000 კვადრატული მეტრის ფართობის ღრმაწყლოვანი პორტი აქვს, ბაზა ასევე აღჭურვილია წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელით. ოლავსვერნის ბაზა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო ცივი ომის პერიოდში. თუმცა 2000 წლებში ნორვეგიის მთავრობამ მიიჩნია, რომ რუსეთი ნორვეგიისთვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და ამ ტიპის საზღვაო ბაზის შენახვაზე გაწეული ხარჯები არამიზნობრივი იყო.

mihqhida thu ara norvegiam ruseths saidumlo samkhedro baza3 მიჰყიდა თუ არა ნორვეგიამ რუსეთს საიდუმლო სამხედრო ბაზა?
ოლავსვერნის ბაზის მდებარეობაა. წყარო: Тhe Times

2009 წელს ნორვეგიის პარლამენტმა ბაზის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მალევე ბაზა გასაყიდად ონლაინ ვებგვერდზე finn.no განთავსდა. შესაბამისად, ბაზას სამხედრო დანიშნულება აღარ ჰქონდა. საბოლოოდ ბაზა 2013 წელს კერძო ინვესტორებმა შეისყიდეს, რომლებმაც ჯგუფი Olavsvern Group AS ჩამოაყალიბეს. ინვესტორებს შორის იყო გუნარ ვილჰელმსენი, რომელსაც ბაზის მფლობელად ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოც ასახელებს. საინვესტიციო ჯგუფის მიზანი იყო საზღვაო ბაზა რეგიონში ნავთობის მოპოვების ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობაში ჩაერთოთ. ობიექტი ნამდვილად იენს სტოლტენბერგის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გაიყიდა, თუმცა მას სამხედრო ბაზის ფუნქცია გაუქმებული ჰქონდ. ასევე დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ ბაზა რუსებს მიჰყიდეს – არ მაშინ და არც მომდევნო წლებში, ობიექტს რუსები არ განაგებდნენ. 

კერძო პირზე ბაზის გაყიდვამ განსაკუთრებული ყურადღება 2015 წელს მიიპყრო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოლავსვერნის პორტს რუსული ხომალდები “აკადემიკ ნემჩინოვი” და “აკადემიკ შატსკი” იყენებდნენ. გამოცემა Newsweek-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “ნორვეგიის საიდუმლო წყალქვეშა ნავების ბაზა რუსებზე ქირავდება”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ხომალდები რუსულ გეოფიზიკურ კომპანიას “სევმორნეფტგეოფიზიკას” ეკუთვნის, რომელიც ღრმა და მეჩხერ წყლებში სეისმური აქტივობის გაზომვაში სპეციალიზდება. “სევმორნეფტგეოფიზიკას” კლიენტებს შორის კი “გაზპრომი” და კრემლთან დაკავშირებული სხვა კომპანიები ფიგურირებდნენ. შესაბამისად “სევმორნეფტგეოფიზიკას” ხომალდების ოლავსვერნის ნავსაყუდელში გაჩერებას კრიტიკაც მოჰყვა. თუმცა ბაზა რუსეთის მთავრობის ან რომელიმე რუსული კომპანიის მფლობელობაში არ ყოფილა და მსგავსი ინფორმაცია არც Newsweek-ის სტატიაშია მოცემული. ინფორმაცია, რომ ბაზა რუსულ მფლობელობაში არასოდეს ყოფილა, “მითების დეტექტორს” ოლავსვერნის ბაზის ამჟამინდელმა მფლობელმაც, კომპანია WilNor Governmental Services AS-მა დაუდასტურა.

  • 2020 წლიდან ოლავსვერნის ბაზა NATO-ს პარტნიორი კომპანიის, WilNor Governmental Services AS-ის მფლობელობაშია

ნორვეგიულმა კომპანიამ WilNor Governmental Services AS ოლავსვერნის ბაზის მფლობელი ჯგუფის Olavsver n Group AS-ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2020 წელს შეიძინა და შესაბამისად ბაზა მის მფლობელობაში გადავიდა. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებთან და NATO-სთან და პარტნიორებს ლოგისტიკური მომსახურებით უზრუნველყოფს. შესაბამისად ბაზაზე გარკვეულწილად ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გავლენაც აღდგა. კომპანიის მიზანი ოლავსვერნისთვის სამხედრო ფუნქციის დაბრუნება იყო და შედეგად უკვე 2021 წელს ბაზაზე ნიდერლანდების სამეფო საზღვაო კორპუსმა ზამთრის წვრთნები ჩაატარა.  2020 წელს კი ნორვეგიული მედია წერდა, რომ შესაძლებელი იყო ოლავსვერნის ბაზაზე აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები განთავსებულიყო.

დეტალების დასაზუსტებლად “მითების დეტექტორი” WilNor Governmental Services AS-ს დაუკავშირდა. კომპანიამ “მითების დეტექტორს” მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ვიდარ ჰოლის განცხადება მიაწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, ბაზის სიახლოვეს ნავთობის მოპოვების ინდუსტრია არ განვითარდა და ინვესტორებმა, რომლებმაც ბაზა 2013 წელს შეისყიდეს, გადაწყვიტეს, ბაზაზე სხვა კომერციული აქტივობა განევითარებინათ. ამ პროცესის ფარგლებში ბაზის ნავსაყუდელი გაჩერებისთვის და საჭირო მარაგების შესავსებად სხვადასხვა ხომალდისთვის იყო ხელმისაწვდომი. 2014-2015 წლებში ოლავსვერნის ნავსაყუდელში ორი რუსული კვლევითი ხომალდი “აკადემიკ ნემჩიროვი” და აკადემიკ შატკსი” იყო გაჩერებული. ბაზის ნავსაყუდელს ხანმოკლე გაჩერებისთვის და ასევე საწვავის შესავსებად იყენებდნენ რუსული თევზსაჭერი გემებიც. ოლავსვერნის ბაზაზე გემების საწვავით კომპანია Bunker Oil უზრუნველყოფდა. “მითების დეტექტორთან” მიმოწერაში WilNor Governmental Services AS დაადასტურა, რომ ბაზის მფლობელებს შორის რუსული ინტერესთა ჯგუფები არასოდეს ფიგურირებდა და უშუალოდ ბაზაც რუსეთის წარმომადგენლებზე მიქირავებული არ იყო.

“ოლავსვერნის მფლობელებს შორის რუსული ინტერესთა ჯგუფები არასოდეს ყოფილან და არც თავად ბაზა ყოფილა რუსებზე გაქირავებული. ოლავსვერნში რუსული აქტივობა შემოიფარგლებოდა რამდენიმე წლის წინ ნავსაყუდელში [გემების] გაჩერებებით. WilNor Governmental Services AS (WGS) ოლავსვერნის წილების 66% 2020 წლის მიწურულს შეისყიდა. WGS არის კომპანია, რომელიც დაკავებულია NATO-ს ძალების ლოგისტიკური მხარდაჭერით. მას შემდეგ რაც ბაზა WGS-ს საკუთრებაში გადავიდა, რუსულ და ჩინურ ხომალდების ოლავსვერნში შესვლის უფლება არ აქვთ.” – ნათქვამია WilNor Governmental Services AS-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ოლავსვერნის ბაზაზე რუსეთთან დაკავშირებული აქტორების აქტივობა წარსულში საკმაოდ შეზღუდული იყო, ამჟამად იგი სრულიად შეწყვეტილია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, ნორვეგია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist