Meta სხვა კომპანიების ფოტოებზეც დაამატებს ნიშანს, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

Meta ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების აღმოჩენასა და მონიშვნაზე მუშაობს. განცხადების მიხედვით, Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე გაზიარებულ ფოტოებზე, რომლებიც სხვა კომპანიების დახმარებით არის შექმნილი, დატანილი იქნება ნიშანი, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული. 

Meta-ს ხელსაწყოს დახმარებით შექმნილ ფოტორეალისტურ გამოსახულებებზე თავიდანვე დატანილია მითითება “Imagined with AI”, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ამოცნობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, თუმცა, განცხადების მიხედვით, Meta მუშაობს, რომ შესაძლებელი გახდეს სხვა კომპანიების, მაგალითად, Google-ს, OpenAI-ს, Microsoft-ის, Adobe-ს, Midjourney-სა და Shutterstock-ის დახმარებით შექმნილი AI ფოტოების ამოცნობა და მონიშვნაც.

meta Meta სხვა კომპანიების ფოტოებზეც დაამატებს ნიშანს, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

განცხადების მიხედვით, ადამიანებს სურთ, იცოდნენ, სად გადის საზღვარი რეალურ და ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ კონტენტს შორის. სწორედ ამიტომ, Meta მუშაობს პარტნიორებთან, რათა გაერთიანდნენ საერთო ტექნიკური სტანდარტების გარშემო. Meta-ს ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილ AI ფოტოებზე დატანილია ხილული ნიშანი, ასევე, ფაილში ჩაშენებულია უხილავი მეტამონაცემები, რომლებიც ფოტოს შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. სწორედ მეტამონაცემები იძლევა საშუალებას, რომ პლატფორმებზე გაზიარებული AI-თ გენერირებული ფოტოების ამოცნობა გახდეს შესაძლებელი. Meta-ს ცნობით, ისინი მუშაობენ ხელსაწყოზე, რომლის მეშვეობითაც უხილავი მეტამონაცემების იდენტიფიცირება მოხდება, განსაკუთრებით, AI გენერირებული ფოტოების – შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კომპანიები ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებზე მეტამონაცემებს დაამატებენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე იქნება გაზიარებული, მათ Meta-ს მიერ ნიშანი ავტომატურად დაემატება. გრძელვადიან პერსპექტივაში, პრობლემის გადაჭრის მიზნით, Meta მუშაობს AI-ით გენერირებული კონტენტის ამოცნობაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მას უხილავი მონაცემები არ აქვს დართული. ასევე, კომპანია ეძებს გზებს, რათა გართულდეს უხილავი მონაცემების წაშლა ან შეცვლა. 

რაც შეეხება AI-თ შექმნილ ვიდეოებსა და აუდიოებს, Meta-ს განმარტებით, გამოსახულებებისგან განსხვავებით, ვიდეოების ამოცნობისთვის ტექნოლოგია ჯერჯერობით არ არის დახვეწილი, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობენ. Meta-ს განცხადების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც სოციალურ ქსელებში მსგავს ვიდეოს ან აუდიოს ავრცელებს, ვალდებული იქნება, მიუთითოს, რომ ისინი AI-ის დახმარებით არის შექმნილი, რათა მათ ნიშანი დაემატოს. თუ მომხმარებლები ასე არ მოიქცევიან, კომპანია მათ წინააღმდეგ ზომების მიღებას განიხილავს, თუმცა, რა ზომებზეა საუბარი, Meta არ აკონკრეტებს.    

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება წლის განმავლობაში დაგეგმილი მრავალი მნიშვნელოვანი არჩევნების კონტექსტში. კომპანია მეტად თვალსაჩინო ნიშანს გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ან დამუშავებულ გამოსახულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების მოტყუების “განსაკუთრებულად დიდ რისკს ქმნის”.  

10 წელზე მეტია, Meta ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ AI-ის, ზოგჯერ, ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებენ, რის წინააღმდეგაც Meta-ს ახალი ინიციატივა იქნება მიმართული, ხელოვნური ინტელექტი მრავალ სასარგებლო შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, Meta-ს ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სიძულვილის ენის შემცირება შეძლეს და 0.01-0.02%-მდე დაიყვანეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი 10 000 კონტენტიდან მხოლოდ ერთი ან ორი შეიცავს სიძულვილის ენას.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist