იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

189
VIEWS

11 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ 1989 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო ოდენობა წელიწადში 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, შესაბამისად, მოქალაქეს თვეში საშუალოდ 3 500 აშშ დოლარი ჰქონდა.

პოსტს თან ერთვის რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც იდენტური მტკიცებაა გაჟღერებული, თითქოს 1990 წელს საქართველოს მოქალაქის მოხმარების დონე 42 000 აშშ დოლარად ფასდებოდა, რას საბჭოთა კავშირის საშუალო მაჩვენებელზე 4-ჯერ და თანამედროვე საქართველოს მაჩვენებელზე 11-ჯერ მეტია. გარდა ამისა, ვიდეოში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირში საქართველო ყველაზე მდიდარ რესპუბლიკად ითვლებოდა და სტალინის პერიოდიდან მოყოლებული უზარმაზარ პრივილეგიებს იღებდა. ვიდეოში ნათქვამია, რომ საქართველოში მოხმარების დონე წარმოებისას 4-ჯერ აღემატებოდა.

Screenshot 13 7 იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?

მტკიცება, რომ 1990 წელს საქართველოს მოქალაქის მოხმარების დონე 42 000 აშშ დოლარს აღწევდა და რესპუბლიკაში მოხმარების დონე წარმოებისას 4-ჯერ აღემატებოდა, მტკიცებულების გარეშეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ნარატივს, რომ საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში პრივილეგირებული იყო და საბჭოთა კავშირის საშუალოზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა, რუსული პროპაგანდა წლებია იყენებს.

მტკიცებას, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო, რაც პრივილეგიების ხარჯზე მიიღწეოდა, რადგნა თავად წარმოება ქვეყანაში ბევრად ნაკლები იყო, ხოლო სამომხმარებლო ხარჯები მაღალი, კრემლის პროპაგანდა წლებია კულტივირებს. 2020 წელს ამ თემაზე ექსპერტის აზრი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ გამოაქვეყნა, სადაც პროპაგანდისტული გზავნილების საპირწონედ  სსრკ-ის დაშლის წინა პერიოდში საქართველოს ეკონომიკა არის მიმოხილული.

პუბლიკაციაში განხილულია სწორედ რუსულენოვან ვიდეოში მოყვენილი მტკიცებები, რომ საქართველოს მცხოვრებლები ქვეყანაში წარმოებულთან შედარებით 4-ჯერ მეტ პროდუქტს მოიხმარდნენ და მოხმარების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 42 000 აშშ დოლარს აღწევდა. არჩვაძის მიხედვით, მონაცემები თითიდანაა გამოწოვილი, რადგან მსგავსი მოხმარების დონე არათუ კრიზისში მყოფ საბჭოთა კავშირს და მის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკას, აშშ-საც არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს საბჭოთა კავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მიმდინარე საბაზრო ფასებში გამოსახული მონაცემით 2 748 აშშ დოლარს შეადგენდა, საქართველოში უფრო ნაკლებს – 1 641 აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ში 23 652 აშშ დოლარს.

Screenshot 14 7 იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?
წყარო: data.un.org

ამ თემაზე “მითების დეტექტორი” თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანს, გიგა გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა. ბედინეიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ვიდეოში მოყვანილი მაჩვენებელი სიმართლეს შეესაბამებოდეს:

გიგა ბედინეიშვილი: “ეს გულისხმობს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე ცხოვრების საშუალო დონე საბჭოთა კავშირში და ეს ნამდვილად არ იყო ასე. საბჭოთა კავშირის საშუალო დონეს თუ შევხედავთ, მაგალითად, მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ალბათ, არც ერთი ბოლომდე საიმედო არ არის იმიტომ, რომ საბჭოთა პროპაგანდით გაჟღენთილ სტატისტიკას ეყრდნობოდა, მაგრამ იმ შეფასებებითაც, 10 000-ზე მეტი მთლიანი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არსად არ თქმულა. ეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იღებდნენ ამ მაჩვენებელს. რუბლებს იღებდნენ და შემდეგ ძალიან ხელოვნური გაცვლითი კურსით გადაყავდათ ეს დოლარებში. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი, 9 000 აშშ დოლარი მშპ ერთ სულ მოსახლეზე გულისხმობდა დაახლოებით 8 000 რუბლს, იმიტომ, რომ ოფიციალური კურსი მანეთზე ნაკლები იყო, 80 კაპიკი იყო ერთი დოლარი. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში კურსი 10 მანეთამდე ადიოდა. მოხმარება, თუ მოხმარებაში გულისხმობენ მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარების კომპონენტს ერთ სულ მოსახლეზე, როგორ შეიძლება ამდენი ყოფილიყო, როცა მთლიანი წარმოება, ალბათ, სინამდვილეში იყო 2-3 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე.”

გარდა ამისა, ბედინეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში პროდუქტის დიდ ნაწილზე დეფიციტი არსებობდა:

გიგა ბედინეიშვილი: “იმ პერიოდში ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვხედავდი რა იყო ჩვენი მოხმარება. სულ რომ გვერდზე გადავდოთ ეკონომიკა, ჩვენი მოხმარება იყო ღარიბი დიეტა, მუდმივ დეფიციტში ყოფნა რაღაც სამომხმარებლო საქონლის. ხორცი იყო სერიოზული ფუფუნება. რომ შევხედოთ რას მოვიხმარდით დიეტის თვალსაზრისით, ყველის და ხორცის დეფიციტი იყო. ტანსაცმლის და სხვა სახის პროდუქტის დეფიციტი იყო, ძნელად იყო ხელმისაწვდომი.”

რაც შეეხება წარმოებისა და მოხმარების შედარებას, იოსებ არჩვაძის მიერ მოყვანილი მონაცემებით, უარყოფითი სალდო, ანუ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის მეტობა ქვეყნიდან გატანილთან შედარებით, 380 მილიონ მანეთს შეადგენდა, რაც საქართველოში წარმოებული ეროვნული შემოსავლის 3.8% იყო. დადებითი სალდო საბჭოთა კავშირში მხოლოდ ორ რესპუბლიკას – ბელარუსს და აზერბაიჯანს ჰქონდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოში მოხმარების დონე წარმოებისას 4-ჯერ აღემატებოდა სიმართლეს არ შეესაბამება.

Screenshot 15 7 იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?
წყარო: “საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში”, იოსებ არჩვაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2020

იოსებ არჩვაძეს ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მაჩვენებელზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო საბჭოთა კავშირის საშუალო მაჩვენებელს საქონლის და მომსახურების შეძენის მხრივაც ჩამორჩებოდა (საკავშირო დონის 78.4%). 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში მოსახლეობის მიერ შეძენილი საქონლის მოცულობა საბჭოთა კავშირის მაჩვენებელს 12.4%-ით ჩამორჩებოდა, რუსეთის ფედერაციის მაჩვენებელს 20.5%-ით, ესტონეთის მაჩვენებელს კი 46.9%-ით და ბოლოს წინა, მე-14 ადგილს იკავებდა.

Screenshot 16 6 იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?
წყარო: “საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ს დაშლის წინა პერიოდში”, იოსებ არჩვაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2020

გიგა ბედინეიშვილი “მითების დეტექტორთან” საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ პერიოდში მოხმარება წარმოებაზე 4-ჯერ მეტი ყოფილიყო:

გიგა ბედინეიშვილი: “ამის ფიქრის საფუძველს იძლევა ალბათ ის, რომ რაღაც სუბსიდირების ხეირი საქართველოს ჰქონდა. ზოგიერთ რესპუბლიკას ჰქონდა, რუსეთთან შედარებით. ეს იყო ერთგვარი ხარკი, რომელსაც რუსეთი იხდიდა იმისთვის, რომ ამ რესპუბლიკებს არ მოეთხოვათ დამოუკიდებლობა. აჰა თქვენ ფული, გადაიღეთ ფილმები, იცეკვეთ, იმღერეთ. თუმცა ის, რომ რუსები რასაც აწარმოებდნენ ერთ სულ მოსახლეზე იმის ნახევარს ჩუქნიდნენ ქართველებს, ასე გამოდის, თუ ამ ციფრებს დავუჯერებთ, ეს ასე არ იყო.”

მისივე თქმით, მსგავსი გზავნილები რუსული პროპაგანდისტული მეთოდია, რომელიც ნოსტალგიას და მეხსიერების არ არსებობას ეფუძნება:

გიგა ბედინეიშვილი: “ ირიბად გვეუბნებიან, რომ ისევ თუ დაბრუნდებით ახალი ტიპის საბჭოთა კავშირში, რუსეთის გუბერნია თუ გახდებით, ისე გვიყვარხართ, რომ ისევ ისე ბედნიერები იქნებით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყავითო. ეს ეყდნობა იმ დაშვებას, რომ ხალხს არ ახსოვს სინამდვილეში რამდენად გაჭირვებული იყო. ხალხს ნოსტალგიურად ახსოვს ის პერიოდი იმიტომ, რომ ახალგაზრდები იყვნენ. სულ არ ახსოვთ ის ყოფა, რომელშიც ვიყავით. წლები უნდა მდგარიყავი რიგში, რომ მანქანა ან ბინა გეყიდა. საბაზრო მექანიზმები საერთოდ არ არსებობდა. ეს პროპაგანდისტული მეთოდია. რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა როგორც იდეა და მიზანი სულ არ ეთაკილება. იცის, რომ შეიძლება საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ ან ძალიან ვარდისფრად ახსოვთ წარსული და ასეთი ხალხი ნაყოფიერი ნიადაგია პროპაგანდისათვის.”

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ვიდეო, რომელიც თან ერთვის ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტს არის ნაწყვეტი History Lab-ის დოკუმენტური ფილმიდან “СССР. Империя наоборот. Грузия”, რომელშიც უმეტესად საუბარია საბჭოთა პერიოდის ქართულ კინოზე. History Lab «Студия ГРАД»-ის პროექტია, რომლის YouTube გვერდი 2019 წელს შეიქმნა და საბჭოთა კავშირის შესახებ მსგავს დოკუმენტურ ფილმებს ათავსებს.

Screenshot 17 6 იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist