19 ნოემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ვიაროთ დიდი ილიას გზით”. სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთი საქართველოსა და უკრაინაში ანტი-რუსულ განწყობებს თესავს და რომ ეს რუსეთის გასანადგურებლად წინასწარ დაგეგმილი პროექტია. ავტორი იშველიებს ციტატას “ რუსეთისთვის წყლის შეყენება უკრაინის ჩამოშორებით უნდა დაიწყოს!”, რომელსაც ამერიკელ დიპლომატ ზბიგნევ ბჟეზინსკის მიაწერს.
გარდა ამისა, “საქართველო და მსოფლიო” საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შეფასებისას იყენებს ფინეთის მაგალითს. ფინეთი მოხსენიებულია, როგორც რუსეთის “გონიერი” მეზობელი, რომელმაც, ავტორის თქმით, საბჭოთა კავშირთან, ხოლო შემდგომ რუსეთთან თანამშრომლობის გზით ეკონომიკურ აღორძინებასა და კეთილდღეობას მიაღწია.
საქართველო და მსოფლიო: “შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ანტირუსული პროექტისთვის ხორცშესხმა. შეგახსენებთ, ცნობილი ამერიკელი (წარმოშობით პოლონელი) პოლიტიკოსისა და სწავლულის, ზბიგნევ ბჟეზინსკის რეცეპტს _ “რუსეთისთვის წყლის შეყენება უკრაინის ჩამოშორებით უნდა დაიწყოს!”
საქართველო და მსოფლიო: “როგორ არ ვგავართ ფინელებს, რომლებმაც, საბჭოთა კავშირთან გადატანილი მძიმე ომის მიუხედავად, უმალ მოუხმეს გონიერებას, ძალასა და ენერგიას, აწონ-დაწონეს შექმნილი ვითარება, თავიანთი შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, საბჭოთა კავშირთან, რომელმაც ომის შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩამოაჭრა, დაეწყოთ თანამშრომლობა. საბჭოთა კავშირმაც არ დააყოვნა _ ენერგეტიკული რესურსებით, ხეტყით, წიაღისეულით უზრუნველყო ფინეთის მრეწველობა და დროის უმოკლეს პერიოდში 5-მილიონიანი ქვეყანა ედემის ბაღად გადაიქცა.”
“საქართველო და მსოფლიოს” გავრცელებული ცნობები ბჟეზინსკის ფრაზასა და ფინეთთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. 1. ზბიგნევ ბჟეზინსკის ციტატების გაყალბება და მისთვის მკვეთრად ანტირუსული ხასიათის მინიჭება კრემლის ნარატივია. 2. ფინეთის ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად რუსეთთან თანამშრომლობის წარმოჩენა მანიპულაციურია და ფინური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში რუსეთის მნიშვნელობის გაზვიადებას ისახავს მიზნად. 3. საქართველოსა და ფინეთის პოლიტიკური ვითარების შედარება არარელევანტურია, რადგან ფინეთისა და რუსეთის ურთიერთობაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ფინეთი ევროკავშირისა და ნორდიკული საბჭოს წევრი სახელმწიფო და ნატოს სტაბილური პარტნიორია.
- ბჟეზინსკის ციტატების მორიგი გაყალბება
ზბიგნევ ბჟეზინსკი რუსეთს იდეოლოგიურად არ ებრძოდა და არც მისი განადგურების გეგმებს სახავდა. რეალურად, “დიდ საჭადრაკო დაფაში” ბჟეზინსკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის განვითარების სავარაუდო შესაძლებლობებს და უკრაინასთან ურთიერთობას მიმოიხილავს. იგი აღნიშნავს, რომ უკრაინის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეთნიკურად რუსეთთან ყველაზე ახლოს მდგარი ქვეყნის, დასავლურმა გეზმა რუსულ იმპერიულ ინტერესებს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. ბჟეზინსკის აზრით, რუსული ევრაზიული იმპერიის პროექტი უკრაინის გარეშე წარუმატებელი იქნება, რადგან რუსეთი, ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტებით გადატვირთული, არა ევროპულ, არამედ აზიური ტიპის იმპერიად ჩამოყალიბდება.
ამავდროულად, ბჟეზინსკი უშვებს რუსეთის დასავლური ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნის შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში, რუსეთის “ვესტერნიზაციაში” ევროპული უკრაინის როლს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
ამდენად, ბჟეზინსკი “დიდ საჭადრაკო დაფაში” არსად საუბრობს “რუსეთისთვის წყლის შეყენების” რეცეპტზე. იგი აფასებს უკრაინის მნიშვნელობას რუსეთის გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ინტერესებში, ოპტიმისტურად აღიქვამს რუსეთის სამომავლო განვითარებას, და ამასთანავე უშვებს მისი მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას ნატოსა და ევროკავშირთან.
ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბი ციტატები უკვე წლებია, როგორც ქართულ ისე რუსულ მედიაში ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ბჟეზინსკის გაყალბებულ ციტატებზე გასულ თვეებში 2 მასალა გამოაქვეყნა.
- ფინეთის ეკონომიკურ განვითარებაში რუსეთთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია
1980-იან წლებში ფინეთის ეკონომიკა ძირითადად დასავლურ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებთან მიერთების, მრეწველობისა და წარმოების ზრდის ხარჯზე გაიზარდა სწრაფად. საბჭოთა კავშირი ფინეთის ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი იყო და მისმა დაშლამ ფინეთის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა კრიზისის გადალახვა ფინეთის ეკონომიკამ რამდენიმე წელში მოახერხა.
რეალურად, ფინეთის განვითარებული ეკონომიკა სწორად განხორციელებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია. მისი კონკურენტუნარიანობის, სტაბილურობისა და ინოვაციურობის ჩამოყალიბებაში (ამ მაჩვენებლებით ფინეთი საუკეთესო სახელმწიფოდ ითვლება) რუსეთს წვლილი არ შეუტანია. როგორც სავაჭრო პარტნიორი, მართალია, რუსეთი ფინეთის საკმაოდ მსხვილი იმპორტიორია, თუმცა დომინანტური ზეგავლენა ფინეთის ეკონომიკაზე არ აქვს.
ფინეთის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ მრავალფეროვანია. ფინეთი ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტს აწარმოებს გერმანიაში (14.2%), შვედეთში (10.1%) და აშშ-ში (7%). ამ რეიტინგში რუსეთი მეექვსე ადგილს იკავებს (5.7%). რაც შეეხება იმპორტს, ფინეთში ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან: გერმანია (15.5%), რუსეთი (13.2%), შვედეთი (10%).
რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივი გაზი და ნავთობია (61%). საწვავების იმპორტირებას ფინეთი ევროკავშირიდან და ნორვეგიიდანაც აწარმოებს, თუმცა, ამ მხრივ მთავარი პარტნიორი რუსეთია. თავის მხრივ, რუსეთს ფინეთიდან გააქვს ტექნიკა, სამრეწველო პროდუქცია და ქიმიკატები. საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ურთიერთობებიც ამ ტიპის პროდუქციით შემოიფარგლებოდა.
ფინეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტროენერგიის და ტექნოლოგიების წარმოებას, ხე-ტყისა და ქიმიურ მრეწველობას, ასევე ფინეთი მოწინავეა ხელოვნური ინტელექტის განვითარების და პრაქტიკული გამოყენების სფეროში. ფინეთის სტაბილური ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ინდუსტრიული მრეწველობის ისტორიული განვითარება ქვეყანაში და ცოდნის ეკონომიკა: სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების დონის, მეცნიერების განვითარების და სამუშაო ძალის პროფესიონალიზმის მიხედვით ფინეთს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.
ეკონომიკურ განვითარებას ასევე განაპირობებს საკუთრების უფლების გამორჩეული დაცულობა (89.6%), სასამართლოს ეფექტურობა (81.2%), კორუფციის დაბალი დონე (მე-3 ადგილი მსოფლიოში) და ეკონომიკური თავისუფლება (74.9 %).
- საქართველოს და ფინეთის პოლიტიკური ვითარების შედარება არარელევანტურია
1939-1940 წლებში ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის კონფლიქტის შემდეგ ფინეთი იძულებული გახდა, დაეთმო კარელიის ტერიტორია და იქიდან ფინელი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მოეხდინა. ფინეთს კარელიის ყელის დაბრუნების საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია, რისი მიზეზიც ამ რეგიონში ფინელი მოსახლეობის არარსებობაა. ამის სანაცვლოდ, ფინეთი საბჭოთა კავშირთან სტაბილური ურთიერთობის დამყარებას შეეცადა, თუმცა ამავდროულად, მუდმივად ცდილობდა ევროპულ ქვეყნებთან დაახლოებას. 1955 წელს ფინეთი გახდა ჩრდილო-ევროპული ქვეყნების გაერთიანების, ნორდიკული საბჭოს წევრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, მართალია კვლავ შეინარჩუნა რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა, თუმცა ასევე გაწევრიანდა ევროკავშირში და გახდა ნატოსა და აშშ-ს აქტიური პარტნიორი. მიუხედავად იმის, რომ ფინეთი ნატოს ოფიციალური წევრი არ არის, იგი ჩაბმულია ნატოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მისიაში. ფინეთი აცნობიერებს რუსეთისგან მუდმივად მომდინარე საფრთხის არაპროგნოზირებად ხასიათს და ასევე მუდმივად ავითარებს შიდა თავდაცვის აქტიურ პოლიტიკასაც.
ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: “ინაშვილი ტერმინ “ოკუპაციის” წინააღმდეგ”.