2 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ევროპაში მიცვალებულთა დაკრძალვის ახალი მეთოდი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც გვამს ფისით ავსებენ და ყავის მაგიდად იყენებენ. მისი განცხადებით, ამით მიცვალებულებს შეურაცხყოფენ და ეს მეთოდი არც თუ ისე ახალია. მის პოსტს თან ახლავს ფოტოც, რომელშიც თვალთვაძის მიერ აღწერილი “ყავის მაგიდის” უკან 3 ადამიანი დგას.
იგივე ფოტო ანალოგიური აღწერით ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა.
გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული. ის 2023 წლის 19 ივნისს X (ყოფილი ტვიტერი) ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა.
გავრცელებული ფოტოს უკუძიების მეთოდით დადგინდა, რომ ფოტოს ეს (AI) ვერსიაც კი უკვე მოდიფიცირებულია. 2023 წლის 18 ივნისს, თითქმის ანალოგიური ფოტო სოციალურ ქსელ X-ზე მომხმარებელმა კელი პორტმა გამოაქვეყნა, თუმცა “მაგიდაში” მიცვალებულის მაგივრად ძაღლის ფიტულია ჩასმული, რომელსაც არაბუნებრივად დიდი თავი აქვს.
აღსანიშნია, რომ პორტმა არ დააკონკრეტა ეს ფოტო ნამდვილია თუ პროგრამულად შემქნილი, თუმცა კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა მიხვდა, რომ პოსტი ხუმრობა იყო. ეს იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ კელი პორტი ჰოლივუდში მოღვაწეობს და ბევრი ცნობილი ფილმის ვიზუალური ეფექტების გუნდს ხელმძღვანელობს.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო პირველად სწორედ კელი პორტის პოსტის კომენტარების სექციაში, 19 ივნისს გამოჩნდა. ის ანგარიშმა Free Willie Urqs-მა ატვირთა წარწერით: “ძალიან სახალისოა “საყვარელი ადამიანის” აკრილის ფისში ჩასმა!”, რასაც პორტმა უპასუხა: “ბებია ნამდვილად კარგ ყავის მაგიდას ქმნის”. 20 ივნისიდან ეს ფოტო უკვე არაერთ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
22 ივნისს X მომხმარებელმა ჯორდან ლაილსმა პოსტის კომენტარში დაწერა, რომ ის იყო ჟურნალისტი, რომელიც ამ ფოტოებზე ინფორმაციას აგროვებდა და სთხოვა პორტს და Free Willie Urqs-ს მიეწოდებინათ მისთვის დეტალები, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ პირადად მან ფოტოს შესაქმნელად გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის თაობის ფოტოშოპი, თუმცა მან არ იცოდა თუ როგორ შექმნა ძაღლის ფოტო კელი პორტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემქმნელის აღიარების გარდა, გავრცელებულ ფოტოს დაკვირვების შემთხვევაშიც ემჩნევა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ეს პირველ რიგში ხელის თითებზე აისახება. კერძოდ, მარჯვენა ხელზე ქალს აქვს 6 თითი, მარცხენა ხელი კი მთლიანად არაბუნებრივად გამოიყურება.
გავრცელებული ფოტო ფაქტების გადამმოწმებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია Snopes-მაც გადაამოწმა. ფოტოს უკუძიებისა და ინფორმაციის მოძიების გარდა, მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის აღმომჩენი ხელსაწყოებიც, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ ფოტო დიდი ალბათობით სწორედ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიქმნა.
ამჟამად ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში მიცვალებულის დაკრძალვის ორი მეთოდი არსებობს: დასაფლავება და კრემაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ადამიანს ეკოლოგიურად უფრო სუფთა სახის დაკრძალვა სურს, რის საპასუხოდაც ბრიტანეთში ყველაზე დიდმა დაკრძალვის სერვისის მომწოდებელმა კომპანიამ 2023 წელს გამოაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ისინი კლიენტებს შესთავაზებდნენ “წყლით კრემაციის” ვარიანტსაც. ამ მეთოდის გამოყენების პროცესში, სხეული თავსდება დიდ მოწყობილობაში, რომელიც სავსეა წყლითა და ტუტეს ხსნარით. რამდენიმე საათში სხეული მთლიანად იშლება ქიმიურ კომპონენტებად და რჩება მხოლოდ ძვლები, რომლებსაც შემდგომში ფქვავენ, მიღებულ თეთრ ფხვნილს ათავსებენ სპეციალურ ურნაში და ოჯახს გადასცემენ.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.