2023 წლის ივნისში ფეისბუქ ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაში მწვანე მაიმუნის დნმ-ი და კიბოსთან დაკავშირებული ვირუსული პრომოტორი აღმოაჩინეს (1, 2, 3). ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გამო რნმ ვაქცინების გამოყენება შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინაში მწვანე მაიმუნის დნმ-ის აღმოჩენასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მაიმუნის თირკმელში ნაპოვნ ვირუს SV40-ს არსებობას ვაქცინებში დაასაბუთებდა. SV40 პრომოტერის ვაქცინაში იდენტიფიცირება არ უტოლდება თავად SV40 პოვნას, რადგან პრომოტერი წარმოადგენს დნმ-ის თანმიმდევრობას, რომლებიც ხელს უწყობს გენის ექსპრესიის სტიმულირებას და დიდი ხანია გამოიყენება მოლეკულურ ბიოლოგიაში.
SV40, მაიმუნები და ვაქცინა
ანგარიშები, რომლებიც მაიმუნების დნმ-სა და ვაქცინებზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, მტკიცებულებად იყენებენ კონსპირაციული საიტის The Epoch Times-ის სტატიას სახელწოდებით “მაიმუნის ვირუსის დნმ-ი კოვიდ-19-ს ვაქცინაში იპოვეს”. პოსტებში გამოყენებული სქრინშოთები სწორედ ხსენებული სტატიის რუსული ვერსიაა. The Epoch Times-ის მასალა ეყრდნობა მიკრობიოლოგის კევინ მაკკერნანის კვლევას. კერძოდ, სტატიის თანახმად, მაკკერნანის ჯგუფმა ფაიზერის და მოდერნას მრნა-ს ვაქცინებში იპოვეს დნმ-ის დამაბინძურებელი (კონტამინანტი) და სიმიანური ვირუსი 40 (SV40) პრომოტერი, რომელზეც ეჭვობენ რომ ადამიანებში იწვეს კიბოს, მათ შორის ლიმფომას, თავის ტვინისა და ძვლის კიბო. მაკკერნანმა აღმოაჩინა ორჯაჭვიანი დნმ-ის პლაზმიდების მაღალი დონე. მისი თქმით, დაბინძურების დონე განსხვავდება გასაზომი ინსტრუმენტის მიხედვით, თუმცა საბოლოო ჯამში, დნმ-ის დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად აღემატება მარეგულირებელ ლიმიტებს როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. ორჯაჭვიანი დნმ-ის არსებობა იწვევს გენომის ინტეგრაციას, ვინაიდან SV40-ს ახასიათებს ძალიან აგრესიული გენის ექსპრესია. სტატიის ბოლოში ვკითხულობთ, რომ არსებული რისკებიდან გამომდინარე, მაკკერნანი მოუწოდებს შეწყდეს ვაქცინების ადმინისტრირება როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. თავად კვლევის ავტორმა მაკკერნანმა უარყო The Epoch Times-ს სტატიაში არსებული მტკიცებები და მათ “შიშის გაღვივება” და “ქლიქბეითი” უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში ასევე ამტკიცებს, რომ კევინ მაკკერნანის აღმოჩენების გამო შეწყდა რნმ ვაქცინების გამოყენება. სინამდვილეში, ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამერიკაში ავტორიზებული და ხელმისაწვდომია განახლებული ფაიზერის, მოდერნასა და ნოვავაქსის ვაქცინები, რომლებიც, ორიგინალი ვერსიისგან განსხვავებით, არის ბივალენტური და ადამიანის ორგანიზმს იცავს როგორც “ორიგინალი” ვირუსისგან, ასევე, ომიკრონის BA.4 და BA.5 შტამებისგანაც.
არის თუ არა მაიმუნის დნმ-ი კოვიდ-19-ს ვაქცინაში?
გამომცემლობა “ასოსიეითედ პრესმა” (AP) 2023 წლის 16 ივნისს გამოაქვეყნა მასალა, რომელიც სანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით აქარწლებს ხსენებულ მტკიცებას. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელმა ალესანდრო ფაიამ AP-სთან კომენტარში განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მაიმუნის თირკმელში ნაპოვნი ვირუსი SV40-ს არსებობას ვაქცინებში დაასაბუთებდა. AP-სთან ინფორმაცია უარყო ფარმაცევტულმა კომპანიამ “ფაიზერმაც”, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ვაქცინები სრულად სინთეტიკურია და მისი ფორმულირებისას მწვანე მაიმუნები არ გამოუყენებიათ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ადამიანის გენომის პროექტის ყოფილმა კვლევითმა დირექტორმა და ამჟამინდელმა ამერიკული კომპანიის სამედიცინო გენომიკის ხელმძღვანელის კევინ მაკკერნანის თანახმად, მისი თანავტორობით ჩატარებული კვლევა, ჯერ არ არის გამოქვეყნებული რეცენზირებულ ჟურნალში. მართალია, მკვლევრებმა „SV40 პრომოტერი“ აღმოაჩინეს ფაიზერის ვაქცინაში, თუმცა მისი იდენტიფიცრება არ უტოლდება თავად SV40 პოვნას, რადგან პრომოტერი წარმოადგენს დნმ-ის თანმიმდევრობას, რომლებიც ხელს უწყობს გენის ექსპრესიის სტიმულირებას და დიდი ხანია გამოიყენება მოლეკულურ ბიოლოგიაში.
წყაროების შესახებ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.