დეზინფორმაცია, თითქოს GCSD სკოლებში სქესის შეცვლასა და ლგბტქ საკითხებზე პროექტს ახორციელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

86
VIEWS

11 დეკემბერს კრემლისტური მედია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” განიხილეს ნაწყვეტი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის” (GCSD) მიერ მომზადებული 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტიდან, რომელშიც მათ მიერ სკოლებში განხორციელებულ პროექტზეა საუბარი. ერთ-ერთი წამყვანი, გიორგი ქარდავა ამტკიცებს, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მოსწავლეებს ხვდება და მათ უხსნის, რა არის გენდერი და როგორ შეიძლება სქესის შეცვლა.  

გიორგი ქარდავა: “საქართველოს სკოლებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს ტრენინგები, მოსწავლეებთან, ბავშვებთან ხდება შეხვედრები, სადაც დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბავშვებს უხსნიან, რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერი და როგორ შეიძლება გენდერის შეცვლა, ანუ სქესის შეცვლა როგორ არის შესაძლებელი”. 

 ასევე, გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი, შოთა მარტინენკო ამტკიცებს, რომ GCSD სკოლებში ბავშვებზე ცდებს ატარებს და მათ “ლგბტ იდეოლოგიას” უკითხავს, რადგან, მისი შეფასებით, ცნება გენდერი ლგბტ იდეოლოგიის ნაწილია. 

GCSD da lgbt ideologia დეზინფორმაცია, თითქოს GCSD სკოლებში სქესის შეცვლასა და ლგბტქ საკითხებზე პროექტს ახორციელებს

მტკიცება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაცია GCSD სკოლებში ბავშვებს უხსნის, თუ როგორ არის შესაძლებელი სქესის შეცვლა და მათ “ლგბტ იდეოლოგიას” უკითხავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, პროექტი “SHE’s GREAT!”, რომლის შესახებაც დოკუმენტშია საუბარი, გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა ხელშეწყობისთვის არის შექმნილი.   

წამყვანები გადაცემაში განიხილავენ ნაწყვეტს არასამთავრობო ორგანიზაციის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტიდან, რომელშიც საუბარია პროექტზე “SHE’s GREAT!”, რომელიც IREX-ის გლობალური პროგრამის ნაწილია და გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპზეა დაფუძნებული. 

“2022 წლის აგვისტოში, GCSD-მ მუშაობა დაიწყო მეორე ფაზაზე. აღსანიშნავია, რომ მეორე ფაზა მოიცავს აქტივობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ქვეყნის შიგნით, შეირჩა პროექტში ჩართული რვა სკოლა სხვადასხვა რეგიონებიდან სადაც ჩამოყალიბდა “გენდერი და ჩემი გარემოს” კლუბები. მონაწილეებს ჩაუტარდათ 8 კვირიანი ტრენინგ-სესიები გენდერული სტერეოტიპების, გენდერულ ნორმების იდენტიფიცირებისა და გარდაქმნის შესახებ. ტრენინგ სესიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეიმუშაონ და თავიანთ სკოლებსა და თემში განახორციელონ ახალგაზრდული ინიციატივები”. – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში სიტყვა “გარდაქმნა” მიემართება გენდერულ სტერეოტიპებსა და ნორმებს და არავითარი კავშირი არ აქვს “სქესის შეცვლასთან”, როგორც ამას გადაცემის წამყვანი, გიორგი ქარდავა ამტკიცებს. რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უტარებს ტრენინგს, თუ როგორ უნდა გარდაქმნან გენდერული სტერეოტიპები. გარდა ამისა, პროექტის სახელიდანაც (SHE’s GREAT!) ჩანს, რომ ის ქალების გაძლიერებისკენ არის მიმართული და ე.წ. “ლგბტ იდეოლოგიასთან” კავშირში არაა. იმავეს ვკითხულობთ საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტშიც:

“ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პრობლემიდან გამომდინარე, GCSD-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქალების ხელშეწყობა წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება აუცილებელია ზოგადი კეთილდღებისა და მდგრადი განვითარებისათვის”. 

როგორც GCSD-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, მათ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები გენდერის ნორმებთან მიმართებაში სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, გოგონების გაძლიერებასა და მათი ლიდერული უნარების განვითარებას ემსახურება. პროექტის მეორე ნაწილი 2023 წელსაც განხორციელდა და, GCSD-ს მიხედვით, მასში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისის რვა სხვადასხვა სკოლიდან 170 მონაწილე იყო ჩართული.  

IREX-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია პროქტის აქტივობების შესახებ, რომლებიც მოიცავს: გენდერისა და ჩემი საზოგადოების კლუბის შექმნას, ქვეყნის მასშტაბით გამოწვევებისა და ტენდენციების გამოვლენას, STEM ტრენინგებს (მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, ხელოვნება/დიზაინსა და მათემატიკაში), კამპუსებში ვიზიტებს, მიკრო-სტაჟირებებს, რომლითაც მონაწილეებს ექმნებათ შთაბეჭდილება STEM სფეროებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით გამოწვევებისთვის გადაჭრის გზების შემუშავებას, დასკვნით ეტაპზე ჯგუფების მიერ თავიანთი პროექტების ერთმანეთისთვის გაზიარებას. პროქტში ჩართული არიან მშობლები, აღმზრდელები და სკოლის პედაგოგებიც.  

IREX-ის ვებ-საიტზე ასევე გამოქვეყნებულია თბილისის ერთ-ერთი სკოლიდან პროექტში ჩართული მოსწავლის კომენტარი, თუ რა ისწავლა პროგრამის ფარგლებში: 

 “ჩვენ ვისწავლეთ, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს და როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. აქ მთავარი საკითხი პრობლემის გამომწვევი მიზეზია – პრობლემის საფუძველი, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვიყოთ მიმართული. მაგალითად, მე უკვე ვიცი, როგორ უნდა დავეხმარო ძალადობის მსხვერპლს და შემიძლია, სიტუაციას მისი პერსპექტივიდან შევხედო, რათა ვიყო ემპათიური მის მიმართ. რაც მთავარია, მე ვიცი, როგორ არ უნდა გავხდე მსხვერპლი და ვის მივმართო, თუ ვინმე ჩემს შეურაცხყოფას განიზრახავს”. 

საქართველოს გარდა, გლობალურ პროგრამაში ასევე ჩართული არიან მოსწავლეები უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, იორდანიიდან, სენტ-ლუსიიდან, ბენინის რესპუბლიკიდან და გვატემალიდან. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO, განათლება
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist