16 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა Zarko Iverieli გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ნიდერლანდებში პოლიციამ, ოჯახს, რომელიც ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, ბავშვი წაართვა. პოსტის ავტორი ნიდერლანდებს “უტ…კო ცისარტყელას ქვეყანას უწოდებს და შიშობს, რომ მალე ქართველებსაც მოუწევთ დაემშვიდობონ საკუთარ ბავშვებს, რამდენადაც მთავრობა “ყველაფერში ევროპას აკოპირებს”. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც რამდენიმე პოლიციელს 4-5 წლის ბავშვი სახლიდან გამოჰყავთ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულია. ვიდეო არა “აცრებისადმი კრიტიკულად განწყობილი” მშობლებისთვის შვილის წართმევას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის საკუთარ დედასთან გადაყვანის პროცესს ასახავს.
ვიდეო, რომელიც ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა გაავრცელეს, თავდაპირველად 2021 წლის 12 ნოემბერს “ტვიტერის” მომხმარებელმა @rpveld გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი წერს, რომ მისი შვილი “სულ რაღაც 15-მა ძლიერმა პოლიციელმა სახლიდან წაიყვანა”.
პოსტის კომენტარებში “ტვიტერის” მომხმარებლები კითხულობენ, თუ რა გახდა ბავშვის სახლიდან წაყვანის მიზეზი, რაზედაც პოსტის ავტორი პასუხობს: “შემაჯამებელი საქმისწარმოება ყოფილთან, კორონავირუსზე განსხვავებული შეხედულების გამო.” მეორე მომხმარებელს ბავშვის წაყვანის მიზეზად პოსტის ავტორმა “სასამართლო-დედა-განსხვავებული შეხედულებები სკოლასა და კორონავირუსზე” დაასახელა.
2021 წლის 12 ნოემბერს ანგარიშმა სახელწოდებით “pietje beker” “ტვიტერზე” გავრცელებული ვიდეოს სრული ვერსია “იუთუბზე” გამოაქვეყნა. ვიდეოდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციას ბავშვი დედისთვის უნდა დაებრუნებინა. პოლიცია ბავშვის მამასა და მის მეგობარ ქალს ეუბნება, რომ ბავშვს დედა გარეთ ელოდება.
მეორე ვიდეო, რომელიც “pietje beker”-მა “იუთუბზე 13 ნოემბერს ატვირთა, წარმოადგენს ბავშვის მამისა და “ბავშვთა დაცვის საბჭოს” თანამშრომლის საუბარს, რომელიც ბავშვის წაყვანამდე ერთი თვით ადრე, 2021 წლის 8 ოქტომბერს არის ჩაწერილი.
ნიდერლანდების “ბავშვთა დაცვის საბჭო” იუსტიციისა და უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მშობლებს კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავლის პოვნაში ეხმარება. ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე კონფლიქტში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ სხვა გამოასავალი არ არსებობს, მისი გადაწყვეტილება კი ყოველთვის ორიენტირებულია ბავშვის ინტერესებზე.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელ ზარკო ივერიელს პროფილის ფოტოდ ფოტოშოპით დამუშავებული მიხეილ სააკაშვილის ფოტო აქვს გამოყენებული, რომელიც მიტროპოლიტის შესამოსელშია გამოწყობილი. ზარკო ივერიელი საკუთარ პროფილზე ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.