9-10 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის დროშით აღჭურვილი სამხედრო მანქანების გადაადგილება ჩანს. პოსტების მიხედვით, ეს ტექნიკა სომხეთის მიმართულებით მიემართება და ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მანქანებს ლათინური ასო “Z” აწერია. ერთ-ერთი რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში აკონკრეტებს, რომ ეს ვიდეო მისი პოსტის გამოქვეყნების დღეს (10 სექტემბერს) არის გადაღებული.
გავრცელებული პოსტები შეცდომაში შემყვანია. აზერბაიჯანულ სამხედრო ტექნიკაზე განთავსებულ ნიშნებს იდეოლოგიური დატვირთვა არ გააჩნია. ადგილობრივი ექსპერტის განცხადებით, ეს ნიშნები მხოლოდ დაჯგუფების სახელის პირველ ასოს აღნიშნავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ვიდეო მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს და ის 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეოები მკითხველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ Z-ს ნიშანი რუსეთის არმიას უკავშირდება. Z რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ფორმებზე ან შენობებზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად გამოიყენება და ომის მხარდამჭერ სიმბოლოს წარმოადგენს.
“მითების დეტექტორი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Fakt Yoxla-ს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ვიდეო ავთენტურია, თუმცა ის არ არის ახალი და ტვიტერზე 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები და ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა სხვა ლათინური ასოებითაა აღბეჭდილი.
საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მედიასთან (1, 2.) კომენტარი გააკეთა სამხედრო ექსპერტმა ადალათ ვერდიევმა. მისი განმარტებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ოპერაციებს ატარებენ, როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. შედეგად, უსაფრთხოების დასაცავად, ტექნიკაზე განათავსეს სამხედრო დანაყოფების პირველი ასოები მათი ვინაობის მარტივად დასადგენად. ამასთანავე, ჩვეულებრივი ასოებისგან განსხვავების მიზნით, ტექნიკაზე დატანილ ნიშნებს შუაში დამატებითი ხაზი აქვს გასმული.
შესაბამისად არ დასტურდება, რომ აზერბაიჯანულ ტექნიკაზე აღნიშნულ Z-ს რაიმე კავშირი აქვს ომის პროპაგანდის რუსულ სიმბოლოებთან.
2023 წლის სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ მინისტრმა აზერბაიჯანი ყარაბაღის მისადგომებთან და საერთო საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაციაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ისინი გეგმიურ სამხედრო წვრთნებს გადიან და შესაბამისად მათ საქციელში საეჭვო არაფერია. ამასთანავე, აზერბაიჯანმა თავად დაადანაშაულა სომხეთი ძალების მობილიზაციასა და ახალი საბრძოლო შეიარაღების შეძენაში. ამ სიტუაციას დაემატა ისიც, რომ 11 სექტემბერს სომხეთში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ დრომდე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მომხდარა.
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე ყალბ და მანიპულაციურ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.