ამბობდა თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე უარს მინსკის შეთანხმების მიხედვით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

628
VIEWS

7 თებერვალს ალტ-ინფოს ეთერში გადაცემა ალტ-ანალიტიკის ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ მინსკის შეთანხმებაზე ისაუბრა:

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო: “მინსკის შეთანხმება რა იყო? მინსკის შეთანხმება იყო, რომ რუსეთი უბრუნებდა უკრაინას ამ ტერიტორიებს [ლუჰანსკსა და დონეცკს] და უბრალოდ უკრაინა არ შევიდოდა ნატოში. ანუ, ამ ტერიტორიებს, რომლებსაც უკრაინას დაუბრუნებდა, ვეტოს უფლება ექნებოდა”.

Screenshot 2023 02 13 112516 ამბობდა თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე უარს მინსკის შეთანხმების მიხედვით?

მტკიცება, რომ მინსკის შეთანხმებით რუსეთი უკრაინას დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებს ნატოში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ უბრუნებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მინსკის არცერთი შეთანხმება არ მოიცავდა უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას ან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისათვის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ვეტოს უფლების მინიჭებას. 

მინსკის პირველ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 5 სექტემბერს მოეწერა. ის 12 პუნქტისაგან შედგებოდა. შეთანხმების მიხედვით, უნდა მომხდარიყო ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა დაუყოვნებლივ, რასაც მონიტორინგს ეუთოს მისია გაუწევდა. ეუთოს მისია მონიტორინგს გაუწევდა სიტუაციას რუსეთისა და უკრაინის საზღვარზეც, სადაც შეიქმნებოდა უსაფრთხოების ზონები. გარდა ამისა, უკრაინას უნდა დაეწყო დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც მოიცავდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დროებითი თვითმმართველობის თაობაზე კანონის მიღებას. შეთანხმების მიხედვით, ამ კანონის საფუძველზე ამ ოლქებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

შეთანხმება ასევე მოიცავდა უკრაინის ტერიტორიიდან არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების, სამხედრო შეიარაღების, მეომართა და დაქირავებულ მებრძოლთა გასვლას, ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ეროვნული დიალოგის გაგრძელებას, დონბასში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დონბასის რეგიონის ეკონომიკის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის პროგრამის შემუშავებას და კონსულტაციებში მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხელმოწერიდან მალევე დაირღვა. 19 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს შეიცავდა, მათ შორის 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას, უსაფრთხო ზონის თავზე სამხედრო თვითმფრინავების აკრძალვას, უცხოელი მებრძოლების გასვლას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, რასაც ეუთოს სადამკვირვებლო მისია გაუწევდა მონიტორინგს, თუმცა, შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტზე და უკრაინის მიერ კონტროლირებულ სხვა ტერიტორიებზე თავდასხმა გააგრძელეს.

მინსკის მეორე შეთანხმებას ხელი 2015 წლის 12 თებერვალს მოეწერა ხელი. ის პირველ შეთანხმების გაგრძელებას წარმოადგენდა და 13 პუნტს მოიცავდა. მათ შორის იყო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 15 თებერვლიდან, უსაფრთხოების ზონის შექმნა და ამ ზონიდან  ეუთოს მონიტორინგით კონკრეტული სამხედრო ტექნიკის გაყვანა, დიალოგის დაწყება უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე, უცხოელი მებრძოლების და შეიარაღების გასვლა და არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების დაშლა, ტყვეთა გაცვლა, დონეცკსა და ლუჰანსკში გავითარებულ მოვლენებში მონაწილეთა ამნისტია.

მეორე შეთანხმების მიხედვით, უკრაინის რადას დოკუმენტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიეღო რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავდა ტერიტორიას, რომელზეც სპეციალური რეჟიმი დროებითი ავტონომიის კანონის შესაბამისად გავრცელდებოდა. დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ადგილობრივი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობით და ეუთოს სტანდარტებითა და მონიტორინგით უნდა ჩატარებულიყო.

მინსკის მეორე შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, უკრაინის მთავრობას კონფლიქტის ზონასთან არსებულ სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლი უბრუნდებოდა.

მასში ასევე საუბარი იყო უკრაინაში 2015 წლის ბოლომდე გასატარებელ საკონსტიტუციო რეფორმაზე დეცენტრალიზაციის მიმართულებით და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე, რომლის პირობები შეთანხმებაში ასე იყო განსაზღვრული:

  • დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეთა დასჯის, შევიწროების და დისკრიმინაციისაგან გათავისუფლება
  • ენობრივი თვითგამორკვევის უფლება
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში პროკურორებისა და მოსამართლეების დანიშვნაში
  • ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოებთან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა
  • სახელმწიფოს მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების კონკრეტული ნაწილებისათვის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გაწევა
  • ცენტრალური ხელისუფლების მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ხელშეწყობა რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე რეგიონებთან თანამშრომლობაში
  • დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების კონკრეტულ ნაწილებში ადგილობრივი საბჭოსთვის სახალხო მილიციის ჩამოყალიბების უფლების მინიჭება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად
  • შეთანხმების მიხედვით, შეუძლებელი იქნებოდა ვადამდელ არჩევნებში არჩეული და რადას მიერ კანონის შესაბამისად დამტკიცებული ადგილობრივი დეპუტატების და სხვა ოფიციალური პირების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

უკრაინამ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების შესახებ აღნიშნული კანონი 2014 წლის 16 სექტემბერს მიიღო და ის ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებსაც მოიცავდა, ხოლო ძალაში ადგილობრივი არჩევნების შეთანხმების შესაბამისად ჩატარების შემდეგ შედიოდა. ამავე წელს დაიწყო დეცენტრალიზაციის რეფორმის გატარება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობბის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ არც აღნიშნული კანონი და არც დეცენტრალიზაციის რეფორმა არ მოიცავდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისათვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე რაიმე ტიპის ვეტოს მინიჭების უფლებას. მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, დაეყოლიებინა უკრაინა სეპარატისტებთან მოლაპარაკებებზე და მათთვის ავტონომიის გაზრდაზე, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გამორიცხა სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არსებული რეგიონებისათვის სპეციალური სტატუსის და ვეტოს უფლების მინიჭების შესაძლებლობა. 

მიუხედავად უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები შეთანხმების პუნქტების დარღვევას აგრძელებდნენ. რუსეთს დონბასიდან არ გაუყვანია საკუთარი შეიარაღებული ძალები და ტექნიკა და ხელს უშლიდა ეუთოს მინიტორინგის მისიის მუშაობას. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ადგილობრივი არჩევნების თარიღი თვითნებურად შეცვალეს, თუმცა, ზეწოლის შემდეგ მისი ჩატარება გადადეს. საბოლოოდ სეპარატისტებმა ე.წ. არჩევნები 2018 წლის 11 ნოემბერს მინსკის შეთანხმების პირობების დარღვევით ჩაატარეს. ე.წ. არჩევნები არ ჩატარებულა უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ეუთოს მისიას არ მიეცა დაკვირვების საშუალება და სანაცვლოდ რუსეთმა ულტრამემარჯვენე პარტიების წარმომადგენლები მიიწვია დამკვირვებლებად. შესაბამისად, მის შედეგს არ ცნობენ უკრაინა, ევროკავშირი და აშშ.

როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, მინსკის არცერთი შეთანხმება მოიცავდა უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის პირობას, ან დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისათვის გაზრდილი თვითმმართველობის პირობებში ქვეყნის საგარეო კურსზე ვეტოს უფლების მინიჭებას. 2022 წლის 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე, რუსეთმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, 22 თებერვალს კი ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის საფუძველზეც მათი ანექსია მოახდინა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist