ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

62
VIEWS

24 იანვარს, ტელეკომპანია ალტ-ინფოს ეთერში, გადაცემა “დღის კომენტარის” წამყვანმა კახი ხუციშვილმა, რომელიც, დეკემბრის მდგომარეობით, ასევე პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი იყო, განაცხადა, რომ ჩეხეთს ჰყავს 25000-იანი არმია, საიდანაც მხოლოდ 5 ათასი არის რეალურად სამხედრო, დანარჩენი 20000 კი ისეთ თანამდებობებზეა დასაქმებული, როგორიცაა პროგრამირება, თარჯიმნობა და სხვა. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სამხედროებს ჩეხეთში ბევრი ბენეფიტი აქვთ და რამდენიმე წლიანი მსახურების შემდეგაც კი ენიშნებათ მუდმივი პენსია, რომელიც არც თუ ისე მცირე თანხაა. თუმცა, წამყვანის მტკიცებით ეს ყველაფერი ნატოს დამსახურება არ არის და პირიქით, ნატოში ყოფნით ჩეხები უფრო ბევრს კარგავენ, რადგან ალიანსი აღმოსავლეთ ევროპის მისი წევრი ქვეყნების ჯარისკაცებს ბევრად დაბალ ხელფასებს უხდის, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების არმიის წევრებს.

altinpho1 ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება

მტკიცება იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯარისკაცებს უფრო ნაკლებ ხელფასს უხდის ვიდრე დასავლეთ ევროპელებს და ამიტომ ჩეხები ნატოში ყოფნით ბევრს კარგავენ,  მცდარია. რეალურად, ჯარისკაცებს ხელფასს უხდის მათი სახელმწიფო და არა ნატო. ამასთანავე, მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ჩეხეთს მხოლოდ 5000 შეიარაღებული ჯარისკაცი ყავს. 

  • ჯარისკაცებს ხელფასს ნატო არ უხდის

ნატოს, როგორც ორგანიზაციას არ ყავს საკუთარი ჯარი. იმ შემთხვევაში თუ ალიანსის უმაღლესი ორგანო- ჩრდილო ატლანტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაერთოს რომელიმე მისიაში თუ ოპერაციაში, წევრი სახელმწიფოები სურვილისამებრ გამოყოფენ ჯარისა და აღჭურვილობის ნაწილს მასში ნატოს სახელით მონაწილეობის მისაღებად. ამასთანავე, ორგანიზაციის ბიუჯეტი არ არის იმხელა, რომ შეძლოს ყველა წევრი სახელმწიფოს სამხედრო პერსონალის ხელფასის გადახდა. ჯარისკაცები პირველ რიგში ეკუთვნიან თავიანთ ქვეყანას და ანაზღაურებას და ბენეფიტებსაც სწორედ სახელმწიფოსგან იღებენ. 

შეიარაღებული ძალების მსგავსად, ნატოს ბიუჯეტი მთლიანად არის დამოკიდებული მის წევრ სახელმწიფოებზე. 2023 წელს ალიანსის ბიუჯეტმა შეადგინა დაახლოებით 3.3 მილიარდი ევრო, რომელიც მთლიანი ეროვნული შემოსავლების გათვალისწინებით წევრ სახელმწიფოებზე პროპორციულად ნაწილდება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აშშ-სა და გერმანიაზე (16-16%), ყველაზე ცოტა კი მონტენერგოზე (0.03%) მოდის

altinpho2 ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება

ალიანსის ბიუჯეტი ნაწილდება შემდეგ სამ მიმართულებაზე: სამოქალაქო ბიუჯეტი (ნატოს გენ-შტაბის შენახვა); სამხედრო ბიუჯეტი (ნატოს სარდლობის სტრუქტურის დაფინანსება); ნატოს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა (სამხედრო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების დაფინანსება). მაგალითისთვის, წლიურად ბიუჯეტიდან 360 მილიონი დოლარი იხარჯება პოლონეთის საჰაერო ძალების ბაზაზე ამერიკული სამხედრო მანქანების, ტანკების და არტილერიის განთავსებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს აქვს “თავდაცვის ხარჯების” საერთო განმარტება, რომელიც განიმარტება, როგორც “ეროვნული მთავრობის მიერ განხორციელებული გადახდები სპეციალურად მისი შეიარაღებული ძალების, მოკავშირეების ან ალიანსის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული ფინანსები, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელფასები და საპენსიო გადახდები  შედის ნატოს თავდაცვის ხარჯების განმარტებაში.   

რამდენი სამხედრო ჰყავს ჩეხეთს?

2022 წელს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო 27197 სამხედრო მოსამსახურე და 8000-ზე მეტი სამოქალაქო თანამშრომელი.

altinpho3 ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება

რაც შეეხება 2023 წელს, ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის არმია 28134 ჯარისკაცისგან შედგება, რომელთაგან 11171 სახმელეთო დანაყოფებში მსახურობს, 5078 საჰაერო ძალების წევრია, 423 ტერიტორიულ ძალებში ირიცხება, 271 კიბერ ძალებში 11191 კი სხვადასხვა პოზიციაზე იმყოფება. დამატებით, თავდაცვის ძალებში მსახურობს რამდენიმე ათასი სამოქალაქო თანამშრომელიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 111.8 მილიარდი ჩეხური კრონადან, 80.3 მილიარდი სამხედრო ძალებს უნდა მოხმარდეს, საიდანაც 25,6 მილიარდი კრონა სამხედრო პერსონალის ხელფასებზე, ბონუსებზე, პენსიებზე და სხვა სოციალურ ბენეფიტებზეა გათვალისწინებული. 

altinpho4 ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება
წყარო: ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო. გრაფიკზე ასახულია თავდაცვის სამინისტროსთვის 2023 წელს გამოყოფილი თანხის (111.8 მილიარდი კრონა) დანიშნულება
altinpho5 ალტ-ინფოს ეთერში ნატო-სა და ჩეხეთზე 2 დეზინფორმაცია ვრცელდება
წყარო: ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო. პირადი სავალდებულო ხარჯები მოიცავს: ხელფასს, სადაზღვეო პრემიას, პენსიას, საზღვარგარეთ მსახურებისთვის დამატებით ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ბენეფიტებს.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, ჩეხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist