7 ყალბი ამბავი და კონსპირაცია კორონავირუსზე, რომელიც 7 ქვეყნის ფაქტჩეკერებმა გამოავლინეს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ეფეგრ
703
VIEWS

ჩინეთში აღმოჩენილი და შემდგომში მის საზღვრებს გარეთ გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ ინტერნეტ სივრცეში უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. Poynter-ის ინსტიტუტის საერთაშორისო ფაქტჩექერთა ქსელის (IFCN) ფორმატში მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყნის  48 ფაქტჩექერმა, მათ შორის, “მითების დეტექტორმა”,   კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ყალბი ამბავი და კონსპირაცია გამოავლინა. სტატია, სათაურით “კორონავირუსი: 30 ქვეყნის ფაქტჩეკერი მცდარი ინფორმაციის 3 ტალღას ევრძვიან” Poynter-ის ინსტიტუტმა 28 იანვარს გამოაქვეყნა. აღნიშნულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ მასალას კორონოვირუსის შესახებ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ფაქტჩეკერების მიერ გადამოწმებულ 7 ყალბ ამბავსა და კონსპირაციას შეეხება:

1. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პატენტს ვადა გაუვიდა

"

ამერიკული ვებ-გვერდის “Lead Stories”-ის  ფაქტჩექერებმა გამოავლინეს ყალბი ამბავი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება. ფეისბუქ მომხმარებელმა Isaiah Rastetter-მა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერს, რომ ჩინეთში აღმოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პატენტს ვადა 2020 წლის 22 იანვარს ამოეწურა. იგი ავითარებს თეორიას, თითქოს ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა და იმის გამო გავრცელდა, რომ შემდგომში მის განსაკურნებლად საჭირო პრეპარატები მოსახლეობამ იყიდოს და მწარმოებლემა დიდი მოგება მიიღონ. ფაქტების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ვაქცინის პატენტი, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელს აქვს მითითებული, ახალი ტიპის კორონავირუსს საერთოდ არ ეხება. სინამდვილეში, აღნიშნული პატენტი უკავშირდება SARS-ის ვირუსს, რომელიც ჩინეთში 2002 წელს გავრცელდა და 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება უჰანში აღმოჩენილ ახალი ტიპის ვირუსს, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ ბოლომდე შემუშავებული არ არის – როგორც ბლუმბერგს აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერმა ენთონი ფაუჩიმ უთხრა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დატესტვის რეჟიმშია და მისი შედეგები 3 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

2. კორონავირუსის გამო აშშ-ის საგანგებო სიტუაციების  მართვის ფედერალური სააგენტო საგანგებო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

"

2020 წლის 23 იანვარს, ამერიკულ ვებ-გვერდ Twisted Truth-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც, ჩინური კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, აშშ-ის საგანგებო სიტუაციების  მართვის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას თხოვს. სტატია მრავალმა ვებ-გვერდმა გააზიარა, მათ შორის ვიდეო რგოლი Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. ამერიკულმა Politifact.com-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, კერძოდ აშშ-ის საგანგებო სიტუაციების  მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) პრეს-სპიკერს, ლიზი ლიცოუს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო.

3. ბილ გეითსის ფონდი ახალი ტიპის კორონავირუსისგან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს

"

ამერიკულმა კონსპიროლოგიურმა ვებ-გვერდმა INFOwars.com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებს, რომ ბილ და მელინ გეითსების ფონდმა ახალი კორონავირუსისგან 65 მილიონი ადამიანის დაღუპვა 3 თვით ადრე იწინასწარმეტყველა. სტატია ეყრდნობა 2019 წლის ოქტომბერში, ფონდისა  და ბრიტანული პირბრაითის ინსტიტუტის ერთობლივ ღონისძიებაზე ჩატარებულ მოდელირებას, სადაც ეპიდემიის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. INFOwars ამტკიცებს, რომ გეითსების ფონდი ჩინეთში აღმოჩენილი ახალი ვირუსით დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. სინამდვილეში  საქმე ისაა, რომ პირბრაითის ინსტიტუტი ფლობს SARS-ის კორონავირუსის ვაქცინის პატენტს (ამ ტიპის ვირუსმა 2002-2003 წლებში ჩინეთში იფეთქა და 800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა), რომელსაც ჩინეთში აღმოჩენილ ახალი ტიპის კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს. Politifact.com-ის ფაქტჩექერები ადასტურებენ, რომ გეითსების ფონდი ბრიტანულ ინსტიტუტს აფინანსებს, თუმცა იქვე შემდეგ გარემოებას დასძენენ: იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანული ინსტიტუტი ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პატენტს არ ფლობს და ჯერ მსგავსი რამ არც არის შექმნილი, ლოგიკურია, რომ გეითსების ფონდი ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიისგან ფინანსურ შემოსავალს ვერ მიიღებს.

4. კორონავირუსს  ძმრის მჟავა/თეთრი ძმარი (Acetic Acid / White Vinegar) ამარცხებს

ჩინეთის ტერიტორიის სიახლოვეს, ტაივანში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ტაივანელმა ფაქტჩექერების ცენტრმა (Taiwan FactCheck Center) რამდენიმე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია შეისწავლეს, მათ შორის ის, რომ თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსს თეთრი ძმარი – ძმრის მჟავა (White vinegar , Acetic Acid ) ამარცხებს. ტაივანის ინფექციურ დაავადებათა სამედიცინო ასოციაციის დირექტორისა და ტაივანის სახელმწიფო საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰუანგ ლიმინის თქმით, თეთრი ძმარი/ძმრის მჟავა სტერილიზაციის და დეზინფექციისთვის არ გამოდგება, შესაბამისად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

"

5. კორონავირუსის შემქმნელი ულტრამილიონერი ფარმაცევტია

"

მექსიკელმა ფაქტჩექერებმა აღმოაჩინეს სოციალურ მედიაში აქტიურად გაზიარებადი პოსტი, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის შემქმნელი მულტიმილიონერი ფარმაცევტია. პოსტში ვირუსის ავტორად ვინმე “რაულ რუდოლფო აბჰდუზ კჰანი” იყო მითითებული. მეტი დამაჯერებლობისთვის, ფოტოზე CNN-ის ლოგო და აღნიშნული “ფარმაცევტის” ფოტოც იყო მოცემული. სინამდვილეში, ფოტოზე გამოსახული პიროვნება არა  აბჰდუზ კჰანი, არამედ ესპანელი იუთუბერი რაულ ალვარესია, რომელიც იუთუბ არხ AuronPlay-ის ფლობს.

"

საინტერესოა, რომ რაულ ალვარესი დეზინფორმაციის მსხვერპლი ადრეც გამხდარა. 2019 წლის აპრილში მისმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა – მას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაში ადანაშაულებდნენ.

"

6. ვირუსი სპეციალურად არის შექმნილი, რათა მისი საწინააღმდეგო ვაქცინები გაიყიდოს

"

ბრაზილიელმა ფაქტჩექერმა სააგენტო LUPA-მ სოციალურ ქსელ ფეისბუკში აღმოაჩინა პოსტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს 3 ეტაპიანი პროცესი – პრობლემის შექმნა (ვირუსის შექმნა) – რეაქცია (პანიკა, შიში, მსხვერპლი) – პრობლემის გადაწყვეტა (ვირუსის საწინააღდმეგო ვაქცინის წარმოდგენა და მისი გაყიდვიდან შემოსავლის მიღება). პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პატენტი ჯერ კიდევ 2018 წელს არსებობდა. ფაქტჩექერებმა ფაქტების გადამოწმების შედეგად დაადგინეს, რომ, სინამდვილეში, პოსტში მითითებული ვაქცინა არანაირ კავშირში არაა დღეს გავრცელებულ კორონავირუსთან. პატენტი, რომელზეც პოსტშია საუბარი, ბრიტანულ პირბრაითის ინსტიტუტს ეკუთვნის და იგი მხოლოდ ფრინველებისთვის გამოიყენება. ინსტიტუტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ორგანიზაცია ადამიანების ვირუსებზე არ მუშაობს, ხოლო მათ მიერ შექმნილ პატენტებზე ინფორმაცია საჯაროდ, მათ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

7. რუსული ტელევიზია ამტკიცებს, რომ კორონავირუსს ამერიკული ლაბორატორიები ავრცელებენ

"

Poynter-ის ინსტიტუტი სტატიაში, სხვა ფაქტჩექერებთან ერთად, “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალასაც მიმოიხილავს. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია:

“თუმცა აშკარაა, რომ ადგილი გამოიძებნა შეთქმულების თეორიებისთვისაც – ქართველმა ფაქტ-ჩექერებმა იგი ტელევიზიაში ნახეს.

“მითების დეტექტორმა” აღმოაჩინა, თუ როგორ მცდარად აკავშირებს რუსული ტელევიზია ძველ ვიდეომასალას, სადაც ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია ჩანს იმ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც 2019 წელს, აზიაში აღმოჩენილ კორონავირუსს აშშ რეგიონშივე განთავსებული ამერიკული ლაბორატორიის საშუალებით ავრცელებს. როგორც ფაქტჩერებმა დაადგინეს, ტელესიუჟეტში ძველი, 2018 წელს გადაღებული საარქივო მასალაა გამოყენებული”.

რუსული ტელეარხის “Ren TV”-ის ეთერში, მ/წ 27 იანვარს გავიდა სიუჟეტი, სადაც რუსი სამხედრო ექსპერტის, იგორ ნიკულინის  განცხადებებზე დაყრდნობით კონსპირაციის რამდენიმე ხაზი ვითარდება – სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება აშშ-ის ინტერესებშია და იგი მიზანმიმართულად, ჩინეთისა და ჩინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. კორონავირუსის შესახებ კონსპირაციების განვითარების კონტექსტში სიუჟეტის ავტორი თბილისში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ასახელებს, რითაც დაუსაბუთებელ პარალელს ავლებს ჩინეთში აღმოჩენილ ვირუსსა და თბილისში მოქმედ ლაბორატორიას შორის. უფრო მეტიც, ამ კონტექსტში სიუჟეტში მოყვანილია 2018 წლის საარქივო მასალა, რომელშიც რუსეთში მცხოვრები საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს. მაშინ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ადამიანებიდან 24 მხოლოდ ერთ დღეს გარდაიცვალა. მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში “ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist