სოციალურ ქსელში კიბოს მკურნალობის ცრუ და დაუმტკიცებელი მეთოდი ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.4k
VIEWS

4 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა გოჩა ტაბატაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ექიმი გუპტა პაციენტებს კიბოს პროფილაქტიკის მიზნით შაქრის მოხმარების შეზღუდვას, 1 ჭიქა ლიმონის ცხელი წვენისა და 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთის მიღებას ურჩევს. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ  მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბუნებრივი მედიცინა ქიმიოთერაპიაზე 1000-ჯერ ეფექტიანია და ერთი ჭიქა ლიმონის წვენი  კიბოს უჯრედების შემცირებას უწყობს ხელს.
"
ინფორმაცია, კიბოს სავარაუდო სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მტკიცებულებების გარეშეა. შაქრის შეზღუდვა კიბოს განვითარების რისკს არ ამცირებს და არც ლიმონის წვენის და ქოქოსის ზეთის მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესახებ არსებობს სამეცნიერო კვლევები. მტკიცება, რომ პოსტში აღწერილი მკურნალობის მეთოდები ქიმიოთერაპიაზე 10 000-ჯერ ძლიერია, უსაფუძვლოა. არ არსებობს მერილენდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც კიბოს სამკურნალოდ ამ საშუალებებს მხარს უჭერს.

იდენტური ინფორმაცია კიბოს მკურნალობის შესახებ 2019 წელს მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ფაქტების გადამმოწმებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა PolitFact-მა და Africacheck-მა გადაამოწმეს.

ტედ განსლერმა, ამერიკის კიბოს საზოგადოების პათოლოგიის კვლევის სტრატეგიულმა დირექტორმა, Politfact-თან საუბრისას მკურნალობის მეთოდებს აბსურდული უწოდა.

”არ არსებობს არც ერთი სანდო სამეცნიერო კვლევა ამ პოსტში არსებული ნებისმიერი მტკიცების დასადასტურებლად. გარდა ამისა, ეს მტკიცებები კიბოს უჯრედების ზრდის, გავრცელებისა და კვდომის შესახებ არსებულ მეცნიერულ გაგებას არ შეესაბამება,” – განაცხადა განსლერმა.

ნაირობში მდებარე ტეხასის კიბოს ცენტრის დირექტორმა, კეტრინ ნიონგესამ Africacheck-თან საუბრისას, პოსტში წარმოდგენილ მტკიცებებს მითები უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამად რომელიმე მათგანის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

გამოიწვევს თუ არა შაქრის შეწყვეტა კიბოს უჯრედების განადგურებას?

ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის თანახმად, მტკიცებულება, რომ შაქარის შეზღუდვა კიბოს განვითარების რისკს ამცირებს,  ან, დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, გადარჩენის შანსს ზრდის, არ არსებობს. ავსტრალიის კიბოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი სანჩია არანდა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ  კიბოს უჯრედებისთვის შაქრის მიწოდების შეწყვეტით სხეულის ჯანსაღი უჯრედებიც საჭირო შაქრის დეფიციტს განიცდიან.

“ეს წონაში კლებას და იმუნური სისტემის ეფექტიანობას შეამცირებს, რის გამოც უფრო სავარაუდოა, რომ კიბო პროგრესირდეს.”- ამბობს არანდა.

ასე რომ, შაქრის მთლიანად შეზღუდვამ ზოგჯერ ორგანიზმზე შეიძლება უარყოფითადაც კი იმოქმედოს.

კიბოს შესახებ მითების ჩამონათვალში, რომელიც მაიოს კლინიკამ შეადგინა, ნათქვამია, რომ შაქრისა და კიბოს ურთიერთკავშირის გასაგებად უფრო მეტი კვლევის არსებობაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უჯრედის, მათ შორის კიბოს უჯრედების ენერგიის მთავარ წყაროს გლუკოზა წარმოადგენს, შაქრის მაღალი შემცველობა არ ზრდის კიბოს უჯრედების გამრავლების რისკს, ისევე, როგორც შაქრის ნაკლებობა არ აფერხებს მათ ზრდას.

მცდარი წარმოდგენა შეიძლება ეფუძნებოდეს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის არასწორ გაგებას.  პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის საშუალებით ექიმები ქსოვილთა ფუნქციონირებას აფასებენ და იმ პათოლოგიურ ქსოვილებს აღმოაჩენენ, რომლებიც ნორმაზე მეტად ან ნაკლებად აქტიურად მუშაობენ.  პაციენტები იღებენ “რადიოაქტიურ ტრეკერს”, რომელიც, როგორც წესი, გლუკოზის ფორმით არის წარმოდგენილი. ეს  ტრეკერი სხეულის ყველა ქსოვილის მიერ შთაინთქმება, მაგრამ ქსოვილები, რომლებიც უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, მათ შორის კიბოს უჯრედები, მეტ რაოდენობას იწოვს. ამის გამო შესაძლოა გაჩნდა მოსაზრება, რომ კიბოს უჯრედები სისხლში შაქრის შემცველობის მომატებისას უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

განკურნავს თუ არა ლიმონის წვენი კიბოს?

სამედიცინო კვლევების კვლევის ეროვნულმა ცენტრის (National center for health research) მიხედვით, რომელიც არაკომერციულ სამედიცინო კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს, ლიმონი  არ არის კიბოს სამკურნალო დადასტურებული საშუალება და არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, რომელიც ლიმონისა და ქიმითერაპიის ეფექტურობას შეადარებს.

ამ დრომდე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ლიმონი და სხვა ციტრუსები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, კერძოდ მოდიფიცირებულ პექტინსა და ლიმონოიდებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, თუმცა ეს თვისებები ჯერ არ არის გამოცდილი ადამიანებზე.

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ციტრუსების კიბოს საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი თვისებების მუხედავად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ კიბოს განკურნება შეუძლიათ.

ინფორმაცია ლიმონის წვენის სამკურნალო თვისებების შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ფაქტების გადამმოწმებელი საერთაშორისო ორგანიზაციის, Snopes-ის მიხედვით, არც ერთი სამეცნიერო ან სამედიცინო კვლევით არ მტკიცდება, რომ ლიმონი ყველა სახის კიბოს საწინააღმდეგო წამალია, ქიმიოთერაპიაზე 10 000-ჯერ ძლიერია და რომ მისმა მიღებამ შეიძლება ავთვისებიანი კიბოს უჯრედები  გაანადგუროს. ასევე არ არსებობს მერილენდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც რომელიც კიბოს სამკურნალოდ ამ საშუალებებს მხარს უჭერს.

კურნავს თუ არა კიბოს დილა-საღამოს 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთის მიღება?

მალაიზიის უნივერსიტეტში ჩატარებული ერთი კვლევის მიხედვით,  ქოქოსის ზეთი ძუძუს კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტში ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს ამცირებს, ხოლო კალაბრიის უნივერსიტეტის კვლევაში ნათქვამია, რომ ლაურინის მჟავას, რომელიც  ქოქოსის ზეთის ერთ-ერთი კომპონენტია, მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება შეუძლია. თუმცა სამედიცინო მკვლევარები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ქოქოსის ზეთს ყველა სახის კიბოს განკურნება შეუძლია.

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კვლევებში, რომლებშიც ქოქოსის ზეთის სასარგებლო თვისებებზე იწერება, საუბარია  საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებისგან (MCTs) შემდგარ ქოქოსის ზეთზე და არა იმ ზეთზე, რომელიც მომხმარებლებისთვის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი.
"
ვინ არის ექიმი გუპტა?
გუპტას გვარის მქონე რამდენიმე ონკოლოგი და ჰემატოლოგი ექიმი მართლაც არსებობს. მაგალითად, როჰან გუპტა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია, ვინეეტ გუპტა კი ინდოეთში საკრას ჰოსპიტალის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. როჰან გუპტასა და ვინეეტ გუპტას სამეცნიერო ნაშრომებში კიბოს ცრუ მკურნალობის მეთოდებს არ ვხვდებით და ისინი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახულ ექიმი გუპტასგან ფიზიკურად განსხვავდებიან.

"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო / როჰან გუპტა / ვინეეტ გუპტა

პოსტის გავრცელება
5 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Inga  Tavberidze-მ გოჩა ტაბატაძის პოსტი უცვლელი სახით ფეისბუკ ჯგუფში Tbilisi Pearl-of Georgia?? გამოაქვეყნა, რომელსაც 6 სექტემბრის მდგომარეობით, 1500-ზე მეტი გაზიარება აქვს.
"
იდენტური ინფორმაცია ონლაინ გამოცემა Georgian Times-მაც გაავრცელა.
"


Georgian Times-ის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist