პოლიტიკა

ვინ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ავღანეთის ბაზაზე ოპოზიციის გამარჯვების შესახებ?

31 ოქტომბერი, 2020

31 ოქტომბერს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა ფარნაოზ ჭკადუამ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებმა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს მხარი, რის შედეგადაც პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. პოსტს 14:00 საათის მდგომარეობით 278 გაზიარება აქვს. 

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად”, რომელიც წერდა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთის ორივე სპეც.უბანზე ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა პოსტში კონკრეტულად პარტია“ნაციონალური მოძრაობა” ნახსენები არ ყოფილა. გვერდს ასევე თანდართული ჰქონდა ჯარისკაცების ფოტო საარჩევნო უბნიდან. ფოტოს წყაროდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროა მითითებული. აღნიშნულ პოსტს 46 გაზიარება აქვს.

როგორც Crowdtangle-ის მონაცემები აჩვენებს, ინფორმაცია პირველად ფარნაოზ ჭკადუამ დილის 8:38 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი ფარნაოზ ჭკადუას და გვერდის “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად” პოსტები საჯარო ფეისბუქ ჯგუფებში 29-ჯერ გადაზიარდა. მათ შორის იყო სხვადასხვა ფეისბუქ მომხმარებლის, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების, მიერ გამოქვეყნებული პოსტებიც, რომლებიც იმავე შინაარსის ინფორმაციას შეიცავდა.

1

2

 

 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ავღანეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შედეგები უკვე ცნობილია და ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ცნობები უარყო და განაცხადა რომ საარჩევნო უბნები ინფორმაციის გავრცელების მომენტში დახურული  არ იყო.

ინფორმაციას ავღანეთის ბაზაზე ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შესახებ თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და მას “ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი” უწოდა. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მოლოდინაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიხურება და შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. შესაბამისად ამ ეტაპზე შედეგები ცნობილი არ არის. 

ვინ არის ფარნაოზ ჭკადუა?

ფარნაოზ ჭკადუას პირად ფეისბუქ გვერდზე უწერია, რომ ის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუშაობს. იგი 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ფარნაოზ ჭკადუა ფეისბუქზე ოპოზიციური შინაარსის და ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა, რომელთა შორისაც იყო “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”. გვერდი 2020 წლის აპრილში ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ გაუქმდა, მოგვიანებით კი 2020 წლის 17 მაისს იდენტური სახელწოდებით თავიდან შეიქმნა. გვერდი აგრძელებდა ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიას და დეზინფორმაციის გავრცელებას, თუმცა მას შემდეგ რაც “მითების დეტექტორმა” ბიძინა ივანიშვილზე გვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციაზე მასალა გამოაქვეყნა და ფეისბუქის მიერ აღნიშნული პოსტი ყალ ინფორმაციას მოინიშნა, “ქოცების დასაცინი ოფიციციალური სააგენტო” სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.