ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

სიადან იღებს სათავეს კონსპირაცია, რომ იტალიაში პენსიების დაზოგვის მიზნით მოხუცებს ინექციით აძინებენ?

15 ოქტომბერი, 2020

11 ოქტომბერს Facebook მომხმარებელმა დალი რაზმაძემ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ავითარებს მოსაზრებას, რომ იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს და ამ ფაქტის შედეგად პენსიები დაზოგეს. ინფორმაციის წყაროდ დალი რაზმაძე ზოგადად იტალიელებს ასახელებს და ავითარებს მოსაზრებას, რომ თუ იტალიაში ეს მართლაც მოხდა, მაშინ იგივე სხვა ქვეყნებშიც არის მოსალოდნელი.

"

ფეისბუკ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს, კონსპირაციაა და არავითარ მტკიცებულებას არ ემყარება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონსპირაციული შინაარსის მქონე ინფორმაცია აპილში კრემლისტურ მედიაშიც გავრცელდა. კერძოდ: ria.ru, lenta.ru, informpskov.ru, sputnik-abkhazia.ru წერდნენ იტალიის “უცნაური სიკვდილის” შემთხვევების შესახებ, რომლის დროსაც “დაინფიცირებული ადამიანი იძინებს და აღარ იღვიძებს”. ისინი წყაროდ Московский комсомолец-ს უთითებდნენ, რომელიც, თავის მხრივ, იტალიაში რუსეთიდან გაგზავნილი ექიმების ინფორმაციას ეყრდნობოდა. აღნიშნულის შესახებ რაიმე მტკიცებულება ღია სანდო წყაროებით, გარდა ზემოთ მითითებული რუსული მედიისა, არ იძებნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მართალია, კორონავირუსით შეიძლება  ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი დაინფიცირდეს, თუმცა მოხუცებულები და სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობის მქონე (ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები და ა.შ.) ადამიანები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს, რომელთა კრიტიკულად დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

რაც შეეხება იტალიას,  2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი 65 წელს გადაცილებული იყო. 4 მარტს, იტალიის სამოქალაქო დაცვის უფროსმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, რომ იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებულია, რომელთაგან ზოგს ადრინდელი დაავადებაც აწუხებდა.  ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის ანალიზის 2020 წლის 31 მაისის მონაცემების მიხედვით, პანდემიის პირველი ტალღის დროს უმეტესწილად დაინფიცირდნენ მოხუცებულები და ქრონიკული მდგომარეობის მქონე ადამიანები. იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საშუალო ასაკი გახლდათ 82, მათ შორის 95%-ს მინიმუმ 1, ხოლო 60%-ს მინიმუმ 3 თანხმლები დაავადება დაუფიქსირდა. 

Superior Health Institute-ის კვლევის მიხედვით, ლომბარდის რეგიონში ეპიდაფეთქების შემდეგ მოხუცებულთა სახლში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი კოვიდზე ტესტირების გარეშე გარდაიცვალა. მოხუცებულთა სახლების კვლევამ გამოავლინა 9 154 სიკვდილის შემთხვევა, რომელთა შორის 680 კოვიდ-19-ით იყო დაინფიცირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 3 000-ზე მეტ შემთხვევაში დაფიქსირდა “გრიპის მსგავსი” ან პნევმონიის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან ყოფილიყო დაკავშირებული.

შესაბამისად, იტალიაში მოხუცთა სიკვდილიანობა აიხსნება როგორც ასაკობრივი ჯგუფის რისკ-ფაქტორებით, რაც მათ კორონავირუსის მიმართებით მოწყვლადს ხდის, ასევე  მოხუცებულთა სახლში დაფიქსირებული ეპიდაფეთქებების რაოდენობით. 

“მითების დეტექტორი” იტალიასთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე ადრეც წერდა:


მოამზადა თამარ ჩხარტიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია