ისტორია

რა ვიცით ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ და რას ამტკიცებს სპუტნიკი?

27 აპრილი, 2020

2020 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემამ “სპუტნიკ-საქართველო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეები ფინელი დამნაშავეების საქმის გამოძიებას მოითხოვენ”. სტატიაში “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით, საუბარი იყო ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ ტყვეებზე, რომლებმაც კარელიაში საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრ ბასტრიკინს მიმართეს თხოვნით, გამოიძიოს ფინეთის ხელისუფლების მოქმედებები სამამულო ომის წლებში. სტატიის მიხედვით, ფინეთს 1941-1933 წლებში მშვიდობიანი მოსახლეობის ეროვნული ნიშნით ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში ბრალი უნდა წარედგინოს.

წერილის ავტორების თქმით, ფინელი დამპყრობლები „საკუთარ წესებს უდგენდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ჰყოფდნენ მათ ეროვნული ნიშნით, ძალადობდნენ და ანადგურებდნენ მათ, რაც, მათი აზრით, „გენოციდის ნიშნებს შეიცავს“.

მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკებში, შედეგად კი გენოციდის ნიშნები არ გამოიკვეთა. ბანაკში გარდაცვილი 4 297 ადამიანიდან ძალადობრივი სიკვდილით მხოლოდ 42 გარდაიცვალა. კრემლი ფინეთის ბანაკების თემას ხშირად იყენებს მორიგი დეზინფორმაციული კამპანიისათვის. 

1941-1944 წლებში ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ომი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ფინეთმა აღმოსავლეთ კარელიის დაკავება შეძლო. იმ პერიოდში რეგიონში მართლაც მოეწყო საკონცენტრაციო ბანაკები საბჭოთა ტყვეებისთვის. მთლიანობაში ფინეთს 64 000 საბჭოთა ჯარისკაცი ჰყავდა ტყვედ. პატიმრების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია ფინეთის სამხედრო ტყვეებში სიკვდილიანობის სწრაფი ზრდა. საერთო ჯამში, საბჭოთა სამხედრო ტყვეებისთვის გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით ოცდაათი პროცენტამდე გაიზარდა.

2004-2008 წლებში ფინეთის ეროვნულმა არქივმა სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის საშუალებითაც გამოიკვლია, 1939-1955 წლებში ფინეთში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ომებში დაღუპულთა ადამიანების ისტორია. კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ კარელიის საკონცენტრაციო ბანაკში ომის პერიოდში 4 279 ადამიანი დაიღუპა. 

კვლევის შედეგად გამოქვეყნდა ის ძირითადი წინაპირობები, რამაც კარელიის საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია. ძირითად მიზეზებად სხვადასხვა დაავადება და შიმშილობა დასახელდა, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ იმ პერიოდში ფინეთი საკვების დეფიციტს განიცდიდა. 4 279 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ასევე სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მაგალითებსაც მოიცავს, თუმცა ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მცირეა. სამედიცინო დაავადებების მხრივ ვხვდებით როგორც რესპირატორულ, ასევე სხვა ტიპის დაავადებებს. ინფორმაცია ასევე ასაკის მიხედვით არის დაყოფილი.


კატეგორია

60+ წლის 

15-59 წლის 

0-14 წლის

ჯამში

ნაწლავური ინფექცია

291 357 575 1223
რესპირატორული ინფექცია 32 188 209 429

სხვა ინფექცია 

7 37 10 54
სხვა დაავადება 378 321 213 912

სიმპტომები

350 93 63 506

ძალადობრივი სიკვდილი

3 34 5 42

არ არის ინფორმაცია

402 385 344 1131
ჯამში 1463 1415 1419 4297

როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ პერიოდში ძალადობრივი გზით მხოლოდ 42 ადამიანი დაიღუპა. მათგან უმეტესობა ან ტყვიით იქნა მოკლული (18 მათგანი) ან მოწამლული (11 მათგანი). დანარჩენი მსხვერპლი ძირითადად სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვია

სპუტნიკ საქართველოს მიერ გავრცელებული სტატია იმ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც რუსულ მედიაში ყოველწლიურად შუქდება. ანტი ლაინი, კარელიის ოკუპაციის ერთ-ერთი სპეციალისტი ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ რუსეთის მიერ “გენოციდის” გამოძიება ახალი არ არის.

”ეს ძველი ისტორიაა, რომელიც მსგავსი გზებით წლიდან წლამდე ამოტივტივდება ხოლმე” - თქვა ლაინმა. ”საუბარია საბჭოთა კავშირის ბრძოლაზე ფაშიზმის წინააღმდეგ, რომელშიც ფინეთი მისთვის ფაშისტური მტერი იყო… ბორის ელცინის პერიოდში ისტორიული კვლევები ღია იყო და თანამშრომლობა ფინელ მკვლევარებთანაც ხორციელდებოდა. ახლა კი ამოსავალი წერტილი ის არის, თითქოს წითელ არმიას დიდი სამამულო ომის დროს ცუდი არაფერი გაუკეთებია”. ლაინი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი ისტორიის გადაკეთებას ცდილობს. 

აღსანიშნავია, რომ ფინეთის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჯუსი ნუორტევა აღიარებს ფინელების მიერ ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციას საკონცენტრაციო ბანაკებში, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ ფინელები რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს სანდო ხალხებად არ მიიჩნევდნენ. ამასთანავე, მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ეთნიკურ წმენდად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ფინელებს ამ პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების გადასახლება ან განადგურება არ მოუხდენიათ.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი