პოლიტიკა

НТВ-ს ფოტომანიპულაცია ამტკიცებს, თითქოს ჯონ მაკკეინი ალ-ბაღდადის შეხვდა

18 ივლისი, 2017

2017 წლის 9 ივლისს რუსულ ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ეხება. სიუჟეტში გამოყენებულია ორი ფოტო, რომელზეც, НТВ-ს მტკიცებით, არიზონას სენატორის ჯონ მაკკეინისა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შეხვედრაა ასახული. სიუჟეტის წამყვანი და მოწვეული რესპონდენტი, ტიერი მეისანი, რომელიც ამჟამად დამასკოში ცხოვრობს და 2015 წლამდე რუსული ჟურნალის “Однако”-ს კორრესპონდენტი იყო, ამტკიცებენ, რომ “ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის შექმნილია, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი კი ამერიკელების ხელდასმულია.

"

აღნიშნული ფოტოები მანიპულაციურია, რადგან მასზე არა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, არამედ “სირიის თავისუფალი არმიის” წევრები არიან გამოსახულნი.

НТВ-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გამოყენებულია 2 ფოტო, რომელთაგან

პირველი 2013 წლის მაისში ჯონ მაკკეინისა და “სირიის თავისუფალი არმიის” წევრების შენობის გარეთ შეხვედრას ასახავს, ხოლო მეორე ფოტოზე უშუალოდ შეხვედრის კადრია ასახული. პირველი ფოტო არიზონას სენატორმა ჯონ მაკკეინმა Twitter-ის გვერდზე 2013 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა, წარწერით: “მნიშვნელოვანი შეხვედრა სირიაში მამაც მეომრებთან, რომლებიც თავისუფლებისთვის სიცოცხლეს სწირავენ და ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.”  ტვიტერზე გამოქვეყნების შემდეგ ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში იმ შინაარსით გავრცელდა, თითქოს სენატორი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებს, კონკრეტულად კი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შეხვდა, რომელიც 2011 წლის 11 ოქტომბერს აშშ-მა “ტერორისტად” გამოაცხადა.

"

The Daily Beast-ისა და CNN Politics ინფორმაციით, მაკკეინი სირიაში 2013 წლის მაისში იმყოფებოდა და იქ “სირიის თავისუფალი არმიის” წევრებს შეხვდა, რომელიც 2011 წელს სამოქალაქო ომის დროს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციონერ ჯგუფად ჩამოყალიბდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში ჯონ მაკკეინის კომუნიკაციების დირექტორმა, ბრაიან როჯერსმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მამაკაცი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ალ-ბაღდადია, სინამდვილეში სირიის მეამბოხე დაჯგუფების Northern Storm Brigade-ის ერთ-ერთი მეთაურია.

"

კიდევ ერთი პირი, რომლის იდენტიფიცირებაც ფოტოებიდან შესაძლებელია, სირიის თავისუფალი არმიის სამხედრო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი სალიმ იდრისია.
 

"

აბუ ბაქრ ალ ბაღდადის შესახებ

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურია, რომელმაც 2014 წლის 29 ივნისს თავი “ისლამური სახელმწიფოს” ხალიფად გამოაცხადა. 2017 წლის 11 ივლისს ალ-ბაღდადის მოკვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა პენტაგონს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 2011 წლის 11 ოქტომბერს აშშ-მა ალ-ბაღდადი “ტერორისტად” გამოაცხადა და $10 მილიონიანი ჯილდო გამოსცა მისი დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ.

სირიის თავისუფალი არმიის შესახებ

სირიის თავისუფალი არმია შეიარაღებული ოპოზიციური ორგანიზაციაა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დროს 2011 წლის 29 ივლისს ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია პოლკოვნიკმა რიად ალ-ასადმა შექმნა, რომელსაც ორი გაცხადებული მიზანი ჰქონდა: ბაშარ ალ-ასადის ძალადობრივი მთავრობისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა და წინააღმდეგობის ოპეერაციების ინიცირება. სირიის თავისუფალი არმია ასადის რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანულ მეთოდებს იყენებს. 2013 წელს მისი 15 წარმომადგენელი "სირიის ნაციონალურ კოალიციაში" გაწევრიანდა, რომელიც ოპოზიციურ ორგანიზაციებს აერთიანებს და მისი მიზანი ასადის რეჟიმის დამხობაა.

წყაროების შესახებ:

2001 წლიდან НТВ-ს მედია ჰოლდინგი “გაზპრომ მედია” ფლობს. ტელეკომპანია НТВ 1993 წელს ჩამოყალიბდა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ ღიად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. 2000 წელს საგადასახადო პოლიციამ, რომელსაც ზურგს ФСВ და რუსეთის პროკურატურა უმაგრებდა, ტელეკომპანია დაარბია, ხოლო მფლობელი ვლადიმირ გუსინსკი დააკავა.

ფრანგი ჟურნალისტი ტიერი მეისანი 2015 წლამდე რუსული ჟურნალის “Однако”-ს თანამშრომელი იყო და რუსული ტელევიზიების ხშირი რესპონდენტია. მეისანის პოზიციები და პუბლიკაციები კონსპირაციის თეორიებს ეფუძნება. საკუთარ ნაშრომებში ის ამტკიცებს, რომ 9/11-ის ტერაქტი აშშ-ის მიერ იყო მოწყობილი, ხოლო ბესლანის ტრაგედია CIA-ს განხორციელებულია, CIA-ს მიერვე გაწვრთნილი შამილ ბასაევის ხელით.


მოამზადა სოფო გელავამ