პოლიტიკა

მტკიცება, თითქოს Freedom House ევროპას არაფორმალურ მმართველობას ჰპატიობს, ივანიშვილს - არა, კომიკურია

24 იანვარი, 2019

2019 წლის 19 იანვარს  საინფორმაციო სააგენტო პირველმა პოლიტიკური ანალიტიკოსის გია აბაშიძის ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა Freedom House-ი საქართველოში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე შეშფოთებას გამოხატავს, “ევროპის ძირძველი დემოკრატიების” მისამართით იდენტური პრობლემის გამო კითხვები არ უჩნდება. ევროპული არაფორმალური მმართველობის მაგალითებად კი ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს ასახელებს, როგორიცაა პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

გია აბაშიძე, პოლიტიკური ანალიტიკოსი: "ფრიდომ ჰაუსის" მკვლევარი ნეიტ შენკანი [რომ დამაეჭვა მისი უზუსტობების კასკადმა] და "დანი & ძმანი" მისნი, საქართველოსთან მიმართებაში არაფორმალურ მმართველობაზე რომ ლაპარაკობენ, ევროპის ქვეყნების ძირძველი დემოკრატიების მისამართით თუ აქვთ მსგავსი "შეშფოთება-აღშფოთება"?..

"

აღნიშნული განცხადება და შედარება აბსურდულია, რადგან  ივანიშვილისგან განსხვავებით, გერმანიისა და ბრიტანეთის  მმართველები კონკრეტულ ინსტიტუტებს წარმოადგენენ (პრემიერ-მინისტრი, კანცლერი), კანონის ჩარჩოში მოქმედებენ, ლეგიტიმაცია არჩევნების საფუძველზე აქვთ მინიჭებული და ანგარიშვალდებულები არაინ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე. დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კონტექსტში პოლონეთის ხსენება კი სიცრუეა, რადგან Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშში პოლონეთი სწორედ არაფორმალური მმართველობის გამოა გაკრიტიკებული.

           რას გულისხმობს არაფორმალური მმართველობა?

არაფორმალური მმართველობა გულისხმობს ისეთი ტიპის მმართველობას, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი კანონის ჩარჩოებში მოქცეული და ინსტიტუციონიზირებული არ არის. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში  პირადი კავშირები და გავლენები გადამწყვეტ როლს თამაშობს. არაფორმალური მმართველი ისე მართავს ქვეყანას და ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას, რომ მას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ აქვს. ეს კი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

"  გერმანია

გერმანიაში კანცლერს   ხმათა უმრავლესობით წარმომადგენლობითი ორგანო ბუნდესტაგი (პარლამენტი) ამტკიცებს, რომლის წევრებიც საყოველთაო არჩევნების  შედეგად ხალხის მიერ არის არჩეული. კანცლერის კანდიდატურას ბუნდესტაგს დასამტკიცებლად პრეზიდენტი წარუდგენს. კანცლერის კანდიდატურა არჩევნების შედეგად ბუნდესტაგში შექმნილი კოალიციის მიერ  არის შეთანხმებული.

ქრისტაიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც გია აბაშიძეს შესაძლო არაფორმალური მმართველის მაგალითად მოჰყავს, კანცლერი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის კანდიდატურას ბუნდესტაგში არჩევნების შედეგად შექმნილი კოალიცია დაამტკიცებს.

კანცლერი  კანონის ჩარჩოში მოქმედებს. მისი უფლებამოსილება გერმანიის “ ძირითადი კანონით ” არის განსაზღვრული. კანცლერი ანგარიშვალდებულია ხსალხის მიერ არჩეული ბუნდესტაგის წინაშე, რომელიც უფლებამოსილია უნდობლობა გამოცხადოს კანცლერს და დაითხოვოს ის, თუ ხმათა უმრავლესობით ახალი კანცლერს აირჩევს.

"   დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთს მართავს მთავრობა, რომლის ხელმძრვანელიც პრემიერ მინისტრია.

დიდ ბრიტანეთში მთავრობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარლამენტარებისაგან იქმნება, ხოლო პოლიტიკური ტრადიციის თანახმად, პრემიერი გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება.

გია აბაშიძის მიერ არაფორმალური მმართველის  მაგალითად დასახელებული გორდონ ბრაუნი 1983 წლიდან ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ლეიბორისტული პარტიიდან. 2007 წელს, ტონი ბლერის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მომენტისათვის, ბრაუნი პარლამენტის წევრობასთან ერთად ექსჩეკერის მდივნის (ფინანსთა მინისტრის) პოზიციას ითავსებდა. ბლერის თანამდებობიდან და ლეიბორისტული პარტიის ლიდერობიდან გადადგომის შემდეგ, ბრაუნი პარტიის ლიდერად აირჩიეს და ის პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს პროცესი არაფორმალური მმართველობის ნიშანი ვერ იქნება, რადგანაც გორდონ ბრაუნი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი გახდა. პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას უფლებამოსილება აქვს, განსაზღვროს, ვინ იქნება  ქვეყნის პრემიერი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებებს და მთავრობასთან მის ურთიერთობას მინისტრთა კოდექსი არეგულირებს, ხოლო  პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში პრემიერ მინისტრი ყოველი კვირის ოთხშაბათს წარსდგება წარმომადგენელთა პალატის წინაშე და პარლამენტის წევრების შეკითხვებს პასუხობს.

პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა უფლებამოსილია მთავრობის მთელ შემადგენლბას უნდობლობა გამოუცხადოს (no confidence vote), რასაც შედეგად ალტერნატიული მთავრობის ფორმირება შეიძლება მოჰყვეს.


 

წარმოადგენს  უფლებამოსილ სახელმწიფო ინსტიტუტს

აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია

არის ანგარიშვალდებული

აქვს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება

გორდონ ბრაუნი (2010 წელს დატოვა პრემიერის პოსტი, ხოლო 2015 წელს - პარლამენტი)

+ + + +
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი (იმ შემთხვევაში თუ კანცლერი გახდება) + + + +
ბიძინა ივანიშვილი (2013-2017) - - - -

გია აბაშიძე 2010 წელს დიდი ბრიტანეთის მინისტრის პოსტზე მყოფ გორდონ ბრაუნსა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს, რომელიც კანცლერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ მის კანდიდატურას ბუნდესტაგი დაამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ათანაბრებს. იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გამო Freedom House-ის კრიტიკის ობიექტი გახდა, ზემოთ დასახელებული ლიდერებისგან განსხვავებით,ივანიშვილი არცერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა

Freedom House-ი პოლონეთს მთავრობის ფუნქციონირების ნაწილში სწორედ რომ ხელისუფლებაზე არაფორმალური გავლენის არსებობის გამო აკრიტიკებს

გია აბაშიძის აზრი, თითქოს Freedom House-ის არაფორმალური მმართველობის გამო ქვეყნებს შერჩევითად აკრიტიკებს და მისი სამიზნე პოლონეთი არ გამხდარა, მცდარია, რადგანაც პოლონეთს Freedom House-ის კრიტიკის სამიზნე ხელისუფლებაზე არაფორმალური გავლენის არსებობის გამო აკრიტიკეს.

“Freedom House”- ის 2018 წლის ანგარიშში პოლონეთში მთავრობის ფუნქციონირება 1 ქულით არის გაუარესებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად “Freedom House” პოლონეთის ხელისუფლებაზე  პარტიის „კანონი და სამართლიანობა" [PiS, Prawo i Sprawiedliwość]  ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის არაფორმალურ გავლენაა დასახელებული.

Freedom House: [2017] წლის მანძილზე პარტიის „კანონი და სამართლიანობა” ლიდერი და სეიმის (პარლამენტის) წევრი იაროსლავ კაჩინსკი კვლავ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ხელისუფლებაში,მიუხედავად იმისა, რომ  მას ოფიციალურ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტი არ ეკავა. 2017 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ ის მიიჩნეოდა…”

პოლონეთი ანტიდემოკრატული ნაბიჯებისა და   კანონის უზენაესობის რისკის ქვეშ დაყენების გამო ევროკავშირიც აკრიტიკებს, რასაც  ევროპარლამენტის 2019 და 2017 წლის განცხადებებიც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიასა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომლებსაც დემოკრატიული მმართველობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, პოლონეთი დემოკრატიული მმართველობის სისტემაზე 1989 წლიდან გადავიდა, როცა ქვეყანამ კომუნიზმს თავი დააღწია.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მაგალითები

Freedom House საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის საილუსტრაციოდ ის ფაქტი მოჰყავს, რომ 2012 წლიდან მინისტრების მნიშვნელოვანი პოზიციები მასთან დაკავშირებულ პირებს უკავიათ და მის ჩართულობას ქვეყნის მართვაში არც თვითონ და არც საქართველოს მთავრობა უარყოფს.

Freedom House: “არაფორმალური მმართველობა საქართველოს დემოკრატიული ფუნცქიონირებისს მთავარ შემაფერხებელს წარმოადგენს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მილიარდერი, ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახდენს არაფორმალურ გავლენას მთავრობის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური მმართველობა ივანიშვილით არ დაწყებულა; ის დიდი ხანია საქართველოს პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია თუმცა, 2013 წელს ივანიშვილის პრემიერ მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოში  დღეს არსებული არაფორმალური მმართველობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ფორმა სრულად გასცდა კანონის ფარგლებს”.

  • 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2 ეთერში საუბრისას  აღიარა, რომ ივანიშვილის პოზიციას ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე სერიოზული გავლენა ჰქონდა, მათ შორის, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევისა და  ეროვნული ბანკის ფორმირების პროცესზე.
  • 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოფილმა პრემიერმა გრიფით საიდუმლო “კაბელების საქმის” ისეთ დეტალებზე  ისაუბრა, რაც მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”  2015 წლის  ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში  ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში მუშაობდა.