Mediacity.ge-ს და რუსული არხების დეზინფორმაცია: თითქოს ევროპარლამენტმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ტერორიზმს გაუთანაბრა

7 დეკემბერი, 2016

23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთისა და ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების პროპაგანდის ზრდის შესახებ რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირის ინსტიტუტებს სტრატეგიული კომუნიკაციების გააქტიურებისკენ მოუწოდა.

Mediacity.ge -ს მანიპულაციური სათაური და არაზუსტი ციტატა

საინფორმაციო სააგენტო Mediacity.ge -მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია მანიპულაციური სათაურით "ევროპარლამენტმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ‘შავ სიაში’ შეიყვანა და ტერორიზმს გაუთანაბრა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში მართლმადიდებლური ეკლესია „ისლამისტურ სახელმწიფოსთან" არის გაიგივებული. ასევე მოყვანილია სააგენტო РИА Новости-ს გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინის ციტატა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი რეზოლუციას რუსულ მედიასთან მიმართებით "დემოკრატიაზე დეგრადაციულ წარმოდგენას” უწოდებს.

რეალური ფაქტი: რეზოლუცია მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან სახელმწიფო (რუსეთი) და არასახელმწიფო აქტორებისგან (დაეში/ISIS) მომდინარე პროპაგანდას, ხოლო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რეზოლუციის ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები.

Mediacity.ge-ს სტატიაში რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც მიმოიხილავს რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტებს - არასწორადაა წარმოდგენილი.

რეზოლუციის გაშუქება რუსულ მედიაში

Mediacity.ge - ს სტატიაში მითითებული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ერთ-ერთია იმ რუსული მედიასაშუალებებიდან, რომლებმაც რეზოლუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემაში "Время покажет” ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიერ რუსული მედიისა და დაეშის პროპაგანდის გათანაბრება გააკრიტიკეს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რეზოლუციამ პირიქით, მკაფიოდ გამიჯნა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისაგან მომდინარე საფრთხები და აღწერა განსხვავება რუსულ და დაეშისგან მომდინარე პროპაგანდას შორის.

ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში " საღამო ვლადიმირ სოლოვიევთან ერთად”კი აღინიშნა, რომ რეზოლუცია ამტკიცებს, რომ ევროპაში კათოლიციზმი - დე-ქრისტიანიზაციის პროცესს გადის. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მსგავსი არაფერი არ წერია.

ევროკავშირის პასუხი რუსულ პროპაგანდაზე

ევროდეპუტატების მიერ 23 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს გააქტიუროს ძალისხმევა კრემლის და ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან მომავალი პროპაგანდის წინააღმდეგ.

"ევროპარლამენტი სერიოზულად შეშფოთებულია ევროპაში კრემლის მიერ ინსპირირებული საქმიანობის სწრაფი გაფართოებით, მათ შორის დეზინფორმაციით და პროპაგანდით, რომელიც მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების გაზრდისკენ, შეასუსტოს ევროკავშირი და შეიტანოს მასში განხეთქილება”.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენასა და გაანალიზებაზე მუშაობენ. ეს გულისხმობს ასევე დაფინანსების გაზრდას ევროკავშირის იმ დემოკრატიული ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც რუსეთსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში მედიის თავისუფლებას უჭერენ მხარს. კერძოდ, ევროპარლამენტის მოსაზრებით, დამატებითი თანხების გამოყოფა საჭიროა "დემოკრატიის ევროპული ფონდისთვის” (European Foundation for Democracy), პროგრამისთვის "ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR), "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიის თავისუფლების მონიტორინგისთვის” (EaP Media Freedom Watch) და სხვ. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს გააძლიერონ ძალისხმევა და მოახდინონ მეტი რესურსის მობილიზება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, განათლების, ონლაინ და ადგილობრივი მედიის, ასევე საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების მიმართულებით, რაც მოქალაქეებს ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საშუალებას მისცემს. ამასთან, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სწორი ფორმების შერჩევა სპეციფიური რეგიონების შემთხვევაში, მათ შორის ადგილობრივ ენებზე ინფორმაციის წვდომის უზრუნველყოფა.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება პროპაგანდას ეწევა არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა ნატოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე "სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული ჯგუფის” (StratCom Task Force) პერსონალისა და ბიუჯეტის გაზრდა. "სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული ჯგუფი” 2015 წელს შეიქმნა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხო დაიჯესტებს (Disinformation Review და Disinformation Digest) ავრცელებს.

რუსული პროპაგანდის საპასუხოდ ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა 2015 წლიდან დაიწყო. 2015 წლის 29 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი (East StratCom Team), რომლის მანდატში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისა და რუსეთის მიმართულებით მუშაობა შედის. 2015 წლის 22 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა" წარადგინა, რომელშიც სამი ძირითადი მიზანია გაცხადებული:

  • აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • მედია გარემოს გაძლიერება, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარე აქტორების დეზინფორმაციულ აქტივობებზე და ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერება, წინასწარ განჭვრიტოს და რეაგირება მოახდინოს მსგავს დეზინფორმაციაზე.

მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ევროკავშირის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება" ერთ-ერთ რეკომენდაციად მითითებულია რომ ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, რაც რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს უკავშირდება, კომუნიკაციის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გადახედვას და ახლებურ მიდგომას საჭიროებს. MDF - ის რეკომენდაციით, სამოქმედო გეგმის განახლებისას გასათვალისწინებელია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გაცილებით ფართო და სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სტრატეგია ევროკავშირთან ერთად NATO-ში ინტეგრაციის საკითხებსაც უნდა მოიცავდეს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთიან პრიორიტეტზე აკეთებდეს ფოკუსირებას. ამასთან, სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა სრულფასოვნად უნდა ასახავდეს იმ საერთო ღირებულებებს, რომელთაც ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება. პუბლიკაცია და რეკომენდაციები დეტალურად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.