ისტორია

მართებულია თუ არა მტკიცება, რომ სანაინი და ახპატი ქართული ძეგლებია?

2 ივნისი, 2020

1 ივნისს tvalsazrisi.ge-მ   გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “გარეჯთან ერთად ლორე-ტაშირის ქართულ ძეგლებსაც ვკარგავთ!!!”. Სტატია ეყრდნობა გიორგი ანდრიაძის ფეისბუქ პოსტს, სადაც ანდრიაძე წერს, რომ სანაინი და ახპატი ქართული ეკლესიებია, რომლებიც სომხებმა იუნესკოს სომხური კულტურის ძეგლებად აღიარებინეს. ანდრიაძე, თავის მხრივ, ეყრდნობა თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის პროექტს ambioni.ge, სადაც  ახპატი და სანაინი ქართულ ძეგლებად არიან მოხსენიებული. Ambioni.ge სანაინისა და ახპატის ქართულ წარმომავლობის დადასტურებას იმით ცდილობს, რომ ამ ეკლესიებში ფრესკებზე ქართული წარწერები გვხდება. 

გიორგი ანდრიაძე: “აზერებთან ერთად სომხებიც გვიტევენ!!! თან უფრო ძლიერად და ჩუმად!..სომხებმა სანაინი და ახპატის ქართული ეკლესიები იუნესკოს სომხური კულტურის ძეგლებად აღიარებინეს!!! გარეჯთან ერთად ლორე -ტაშირის ქართულ ძეგლებსაც ვკარგავთ!!!”

Ambioni.ge: “ახპატში, სანაინში, ქობაირში, ოძუნსა და სხვა ძეგლებში – იქ, სადაც კედლებზე ქართული წარწერები ჩანს და ფრესკის ფრაგმენტები იკითხება, იმას მეტყველებს, რომ ეს ტაძრები ქართულია. ეს კვალი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წაიშალოს.”

სანაინი და ახპატი სომხური მონოფიზიტური სავანეებია და ინფორმაცია, რომ ისინი ქართული ეკლესიებია არ შეესაბამება სიმართლეს. Ორივე სამონასტრო კომპლექსი   მდებარეობს ლორეს პროვინციაში, რომელიც 1921 წელს კომუნისტების განკარგულებით საქართველოს ჩამოერთვა და სომხეთს გადაეცა. Სანაინი და ახპატი მე-10 საუკუნეში აშენებული სამონასტრო კომპლექსებია და 1996 წლიდან ისინი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. 

ამ საკითხზე “მითების დეტექტორი” ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ სანაინი და ახპატი არა ქართული, არამედ სომხური კულტურული მემკვიდრეობაა და გამორჩეულად მნიშვნელოვანი არქიტექტურული კომპლექსებია. 

Ახპატის მონასტერი დაარსდა 976 წელს სოხეთის მეფის აშოტ მე-3 მოწყალის მეუღლის დედოფალ ხოსროვანუშის ინიციატივით, ხოლო სანაინი იყო კურიკიანელი ბაგრატიდების საგვარეულო რეზიდენცია, სანაინის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასაც, რომელიც შუა საუკუნეების სომხური კლასიკური არქიტექტურის ნიმუშია.

  • Სანაინი და ახპატი არ არის ქართული კულტურული ძეგლები, ეს არის სომხური ხუროთმოძღვრების შემოქმედება;
  • Იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის სიაში ორივე ტაძარი არა ახლა, არამედ 1996 წელს შევიდა;
  • Ახპატის მონასტერში ფრესკაზე სომხურ წარწერებთან ერთად გვხდება ქართულიც, მაგრამ ეს დაკავშირებულია მე-13 საუკუნის თამარის ძლიერ ეპოქასთან და ქართულ გავლენასთან სომხეთზე;

Ხელოვნების ისტორიკოსი გიორგი გაგოშიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ლორე-ტაშირში ზოგადად არის  ქართული ძეგლები, მაგრამ სანაინი და ახპატი ნამდვილად არ მიეკუთვნება ქართულ ეკლესიებს.

გიორგი გაგოშიძე: “  Ამ ტერიტორიაზე არის საკმაოდ ბევრი ქართული ძეგლი, მაგრამ სანაინის და ახპატი რომ ქართულია ეს ინფორმაცია მართებული არ არის. Სანაინიც და ახპატიც არის ძალიან ცნობილი გრიგორიანული მონოფიზიტური სავანეები. Ორივე ეკლესია ეს  არის სომხური მონოფიზიტური ტაძრი, მე როგორც ვიცი, ქართულ ქალკედონური არასდროს არ ყოფილა ეს ტაძრები.”

Გაგოშიძე ასევე არ უარყოფს იმას, რომ ახპატის ეკლესიაში ფრესკებზე სომხურ წარწერებთან ერთად გვხდება ქართული წარწერებიც, მაგრამ ეს ნამდვილად არ მიუთითებს ამ ეკლესიის ქართულ წარმომავლობაზე.

გიორგი გაგოშიძე: “ Კი არის ფრესკებზე, მაგალითად ახპატის ეკლესიაში მოხატულობაზე ქართული წარწერები სომხურ წარწერებთან ერთად. Ისინი  მე-13 საუკუნის წარწერებია, მაგრამ ეს უბრალოდ თამარ მეფის დროინდელი მოხატულობაა. Ამ დროს დიდი გავლენა იყო ქართული კულტურისა სომხურ კულტურაზე. Თუმცა  წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობდა ამ ეკლესიებში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს არის მკვეთრად ანტი ქალკედონისტური ორი ძალიან ძლიერი სომხური სავანე. ასე  მათ მეზობლად არის ქართული ეკლესიები, მაგალითად ახტალა, კობაირი, ხნევანგის ეკლესია და კიდევ სხვა.”


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც tvalsazrisi.ge გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს, რაც ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციას უწყობს ხელს. 2019 წელს tvalsazrisi.ge რუსულ “კომსომოლსკაია პრავდას” მიერ დაფუძნებულ Экспресс газета-ზე დაყრდნობით წერდა, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში იარაღით დახმარებას ჰპირდებოდა, რაც ფოტომანიპულაციასა და არარსებულ წყაროებს ეყრდნობოდა. 


მოამზადა ნესტან ანანიძემ,
მითების დეტექტორის ლაბორატორია