პოლიტიკა

Liberastuli seni ირაკლი კობახიძის 2017 წლის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

18 იანვარი, 2021

11 იანვარს გიორგი იბერიელის ფეისბუქ პროფილმა გვერდ Liberastuli seni-ს 2020 წლის 1 ივლისის პოსტი 6 საჯარო ჯგუფში გააზიარა. პოსტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოს შემდეგი ციტატით აზიარებს: “მე არ ვიცი, რას ნიშნავს ტრადიციული ღირებულებები, ამაზე საუბარი სახიფათოა./ი.კობახიძე/” პოსტს თან ახლავს გვერდის მიერ გაკეთებული კომენტარი: “დებილი ლიბერასტი!”.

;

17 იანვრის მონაცემებით, პოსტს 61 გაზიარება აქვს. 1 ივლისის პოსტი ჯგუფებში ხელახლა მას შემდეგ გააზიარეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებდა.

;

Liberastuli seni-ს პოსტი მანიპულაციურია და ირაკლი კობახიძის ციტატას უკონტექსტოდ ავრცელებს. 2017 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივის საპასუხოდ, კონსტიტუციაში ეროვნული ცნობიერება და ფასეულობები ჩაემატებინათ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ “კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის” და ეროვნული ცნობიერების შინაარსი ამ დოკუმენტთან მიმართებით მისთვის ბუნდოვანი იყო, რადგან გარკვეულ რისკებს შეიცავდა. კობახიძეს არ უთქვამს, რომ ზოგადად ტრადიციული ღირებულებებია სახიფათო, როგორც ამას Liberastuli seni წერს.

2017 წლის 23 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსიტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის განიხილა. სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გამოთქვა ინიციატივა, რომ “სოციალური სახელმწიფოს” თავში ცვლილებები შეეტანათ და ეროვნული ცნობიერება და ფასეულობები ჩაემატებინათ. ირაკლი კობახიძემ მას უპასუხა, რომ “კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის, რომ მას ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ ესმის და მისი კონსტიტუციაში ჩაწერა სახიფათოა.

Liberastuli seni-ის ვერსიაში კი აღნიშნულია, თითქოს კობახიძემ თქვა, რომ ტრადიციულ ღირებულებებზე საუბარი სახიფათოა. რეალურად კი ირაკლი კობახიძემ ეროვნული ცნობიერების კონსტიტუციაში ჩაწერის  პრობლემაზე ისაუბრა და არა ზოგადად ტრადიციული ღირებულებების უარყოფაზე.

Liberastuli seni-ს ვერსია:

ირაკლი კობახიძის სრული ციტატა:

მე არვიცი რას ნიშნავს ტრადიციული ღირებულებები, ამაზე საუბარი სახიფათოა.

ბატონო ნუკრი, კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის. არც ეროვნული ცნობირების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების. ეროვნული ცნობიერება საერთოდ სახიფათო რამეა კონსტიტუციაში. ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს, რას ნიშნავს, არ ვიცი. განათლება გასაგებია. ცნობიერების განვითარება ადამიანების იდეოლოგიზაციას ნიშნავს.

საბოლოოდ,  საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში ქანთარიას ინიციატივა აისახა  და ჩაიწერა, რომ “სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების და თვითმყოფადობის დაცვაზე.”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორმა გიორგი მელაძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარში აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია მთავრობისთვის მოქმედების ჩარჩოა, ყველა კანონი და ტერმინი მკაფიო და გასაგები უნდა იყოს, რათა ბუნდოვანი განმარტებები არ გამოიწვიოს. 

“კანონი იცავს ადამიანის გამოხატვის უფლებას, აზრის უფლებას, განვითარების უფლებას, რაც ადამიანს ეხმარება იმაში, რომ საკუთარი ინტერესები და ღირებულებები საჯარო ცხოვრებაში დაიცვას. რომელია ისეთი რამ, რაც მაგალითად, ადამიანის განვითარების უფლებაში ან კონსტიტუციით დაცულ სხვა უფლებებში არ ჩაეტეოდა?!, - აღნიშნა მელაძემ.


წყაროების შესახებ

ანტილიბერალური ფეისბუქ-გვერდი Liberastuli seni 2019 წლის 21 მაისს შეიქმნა და დღესდღეობით 1240 მოწონება აქვს. გვერდს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს, რომელიც მას საბერძნეთიდან მართავს.

;

Liberastuli seni-ი ალტ-ინფოს ქსელთან არის დაკავშირებული. გვერდს პროფილის ფოტოზე ალტ-ინფოს სოლიდარობის ჩარჩო აქვს დაყენებული, აქტიურად აზიარებს ალტ-ინფოს გადაცემებს და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებს და აუდიტორიას ალტ-ინფოს არხის და გაზიარებისკენ მოუწოდებს.

;

ალტ-ინფოს ქსელი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ფეისბუქმა რამდენჯერმე წაშალა. 2020 წლის 26 ნოემბერს ალტ-ინფომ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია მიიღო და 2021 წლის 8 იანვარს საცდელი მაუწყებლობით ეთერში გავიდა.


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


პოსტის არქივი: Liberastuli seni


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.