NATO-ში ინტეგრაცია

ჯონდი ბაღათურია ამტკიცებს, რომ საბჭოთა საქართველო ნატოსკენ ისწრაფვოდა

7 მარტი, 2018

2017 წლის 1 მარტს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან  30 წელია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გამო არის კონფლიქტში ჩართული.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: ანუ [ნატო] გეუბნება, რომ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალ შენს გამო, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ შენ უნდა შეხვიდე რუსეთთან კონფლიქტში ჩემs გამო. 30 წელია ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ვართ ნატოს გამო!”

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, 27 წლის წინ აღადგინა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი საქართველოს პრეზიდენტბმა ედუარდ შევარდნაძემ პირველად 2002 წელს, NATO-ს პრაღის სამიტზე, 16 წლის წინ განაცხადა. 30 წლის წინ საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, შესაბამისად 30 წლის წინ მას NATO-სთან დაახლოების შესახებ დიალოგი ვერ ექნებოდა. ალიანსში ინტეგრაციის სურვილის დეკლარირება კი 2002 წელს, ანუ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ მოხდა.

  1. NATO-ში ინტეგრაციის სურვილის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ პირველად 2002 წლის პრაღის სამიტზე განაცხადა, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს უკვე 9 წლის მანძილზე აკონტროლებდა

NATO-ში ინტეგრაციის შესახებ ოფიციალურად საუბარი 2002 წელს დაიწყო. 2002 წელს, კონფლიქტებში რუსეთის ჩართულობის გამო, საქართველოს უკვე 9 წლის მანძილზე, დაკარგული ჰქონდა კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალზე.

აფხაზეთის ომში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებს. Human Rights Watch-ის 1995 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთი ომში აფხაზეთის სასარგებლოდ მონაწილეობდა. იმავე ანგარიშის მიხედვით, რუსული იარაღი აფხაზების ხელში ხვდებოდა, ხოლო რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს მიერ კონტროლირებად სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდა. აფხაზების მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კავკასიიდან მოხალისეები ჩავიდნენ მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. 1993 წლის მარტში ქართულმა ძალებმა სუ-27-ის ჩამოგდება შეძლეს, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალების პილოტი მართავდა.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ჩართულობა პროცესებში უფრო აშკარა 1992 მაისიდან კონფლიქტის მხარეებს შორის შეტაკებების გამძაფრების შედეგად ჩანს. რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხასბულატოვი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუსკოი საკუთარ განცხადებებში ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეებად მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთი ყველა ღონეს იხმარდა "საკუთარი მოქალაქეების” დასაცავად. ხასბულატოვი ცხინვალში ომის გამო შევარდნაძეს თბილისის შესაძლო დაბომბვითაც ემუქრებოდა.

ხასბულატოვის განცხადებებიდან 3 კვირაში, რუსეთის ხელმძღვანელობით სამშვიდობო შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა, ადმინისტრაციულ საზღვართან კი რუსი სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

       2. 1990-იან წლებში რუსეთი თავად თანამშრომლობდა NATO-სთან

30 წლის მანძილზე საქართველო რუსეთთან NATO-ს გამო კონფლიქტში იმ მიზეზითაც ვერ იქნებოდა ჩართული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი თავად თანამშრომლობდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან.

  • 1991 წელს რუსეთი  ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), ხოლო 1994 წელს “თანამშრომლობა მშვიდობისთვის” პროგრამას შეუერთდა.
  • 1997 წელს ალიანსსა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც NATO-რუსეთის ფუძემდებლურ შეთანხმებასაც უწოდებენ. აღნიშნული ხელშეკრულებით რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და დაშინების სხვა მეთოდებს როგორც NATO-ს წევრი, ასევე სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. აღნიშნული პრინციპები რუსეთმა დაარღვია როგორც 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციით, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიით.
  • 2002 წელს ჩამოყალიბდა NATO-რუსეთის საბჭო (NRC), რომელიც უსაფრთხოების მიმდინარე საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენდა.

NRC-ის შეხვედრები დროებით შეჩერდა 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო, ხოლო 2014 წელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო NATO-რუსეთის ყველა პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყდა.


მოამზადა სოფო გელავამ