თავდაცვა/უსაფრთხოება

Geworld.ge და “საქინფორმი” ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის გაყალბებულ ინტერვიუს აქვეყნებენ

16 აგვისტო, 2017

16 აგვისტოს, ონლაინ გამოცემებში საქინფორმი და Geworld.ge გამოქვეყნდა იდენტური შინაარსიის მასალები, შემდეგი სათაურებით:

საქინფორმი: “სენსაცია!!! აშშ და დიდი ბრიტანეთი სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას და კავკასიაში დესტაბილიზაციაში რადიკალი ისლამისტების ჩართვას გეგმავდნენ!”

Geworld.ge: “ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა”.

პუბლიკაციებში ნათქვამია, თითქოს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ სკარლეტმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian- თან ინტერვიუში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამეტაპიანი სტრატეგიული გეგმა გაამხილა, რომელიც რუსეთის დაშლისკენ იყო მიმართული. მასალების თანახმად, გეგმის პირველი ეტაპი სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნას და უშიშროების ოფიცრების ამოქმედებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპი ჩეჩნეთში დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში რადიკალი ისლამისტების მოსვლას ისახავდა მიზნად, ხოლო მესამე ეტაპზე თითქოს დაგეგმილი იყო უკრაინაში ფიქტიური კონფლიქტის პროვოცირება, თუმცა მოსკოვმა მოახერხა და ქვეყანა ამ საფრთხისგან დაიცვა. სტატიის ბოლოს საქინფორმი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2008 წელს ომი საქართველოში, ასევე უკრაინაში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პროვოცირებულია. საქინფორმმა მასალის პირველწყარო არ მიუთითა, ხოლო Geworld.ge -მა აღნიშნა, რომ პირველწყარო რუსული REN.tv-ა.

საქინფორმისა და Geworld.ge -ს მიერ გამოქვეყნებული ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის ჯონ სკარლეტის ინტერვიუ ფაბრიკაციაა. BBC-ს რუსულენოვანმა სამსახურმა რუსეთისა და უკრაინის ინტერნეტსივრცეში გავრცელებული იდენტური ცნობა გადაამოწმა და გაარკვია, რომ მასალა ყალბმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელიც ბრიტანული Guardian-ის იმიტაციას წარმოადგენდა.

1

ფოტო: ყალბი ვებ-გვერდის www.theguardıan.com-ის გამოქვეყნებული მასალა, Google-ის არქივი 


The Guardian -ის ყალბი ვებ-გვერდი

რუსულენოვანი BBC-ს  თანახმად, 12 აგვისტოს  ვებ-გვერდმა www.theguardıan.com -მა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის ჯონ სკარლეტის გაყალბებული ინტერვიუ გამოქვეყნა.  საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტანული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო - i - თი განსხვავდებოდა.

2

 

რუსული ენის მოდელი და გრამატიკული შეცდომები

რუსულენოვანი BBC-ის მიეხდვით, ყალბი ინტერვიუს წინადადებათა წყობა  ხშირად იმეორებს რუსული ენის მოდელს, ხოლო სტატიის ფრაგმენტები მიანიშნეს იმაზეც, რომ “ინტერვიუს“ ავტორი რუსულენოვანია. კერძოდ, ტექსტი  აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ავტორს ინგლისური თარგმანისთვის შესაბამისი სიტყვების მარაგი არ აქვს. მასალა სავსეა გრამატიკული და სტილისტური შეცდომებით, მათ შორის გამოტოვებული არტიკლებით.  ბრიტანული ორთოგრაფიის ნაცვლად ხშირად გამოყენებულია ამერიკული ორთოგრაფია, რაც ბრიტანული გამოცემებისთვის გამორიცხულია. ამასთან, სტატიის პუნქტუაცია რუსულთანაა მიახლოებული.

მაგალითი #1

theguardıan.com-ის ყალბი ინტერვიუ

რუსული ვერსია

გამართული ინგლისური ვერსია

Just nine years ago on such days, the 5-day conflict in Georgia took place...

Девять лет назад, в эти дни...

Just nine years ago on this day..

მაგალითი #2

theguardıan.com-ის ყალბი ინტერვიუ  

რუსული ვერსია

გამართული ინგლისური ვერსია

...practically Russia would face another collapse.

...практически Россия столкнется с очередным коллапсом.

...Russia would practically face another collapse.

ბრიტანული გამოცემა The Times  წერს, რომ ამგვარი დამთხვევები აჩენს ეჭვს, რომ ტექსტი თავდაპირველად რუსულენოვანი ავტორის მიერაა დაწერილი, ხოლო მის გავრცელებაში კრემლისტური ჰაკერები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, MI6 -ის ყოფილი უფროსის მიერ თითქოსდა გამოთქმული რამოდენიმე ნარატივი საეჭვოდ იმეორებს კრემლის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, მაგალითად იმას, რომ  „დასავლეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ პუტინს შეუძლია“.

იდენტური ყალბი ინფორმაცია რუსულენოვანმა  Рамблер -მა, ტელეკომპანია Царьград-ТВ-ს ვებ -გვერდმა, ტელეკომპანია Рен-ТВ-მ და რუსულმა მეხუთე არხმაც გაავრცელეს.