მიგრანტები

Geworld-ის დეზინფორმაცია: საქართველოში 100 ათას ჩრდილოაფრიკელს ჩამოასახლებენ

10 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 5 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-მ გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება 100 ათას ჩრდილოაფრიკელსაც ჩამოასახლებს“. სტატიის ავტორის მტკიცებით, ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან 50 ათას მიგრანტს მიიღებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არათუ 50 ათასი არამედ, 100 ათასი მიგრანტი მიიღოს.

 

ბესო ბარბაქაძე: „ევროკომისიის განცხადებაში კი შავით თეთრზე წერია: “ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან 50 ათას მიგრანტს მიიღებს…” რაც შეეხება საქართველოს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლება არათუ 50 ათას, 100 ათასი მიგრანტის მიღებაზეც გამოთქვამს მზადყოფნას. “

ამასთანავე გამოცემა ამ ცნობას რასისტული და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისთვის იყენებს, რაც “საქართველო და მსოფიოს” სარედაქციო პოლიტიკის შემადგენელია: 

ბესო ბარბაქაძე: “...ქვეყნის მეთაური ხმამაღლა იტყვის, აფრიკელები ჩვენი ძმები არიან, შეიძლება რომელიმე ქართველი მამელუქის შთამომავალია და ისტორიულ სამშობლოში საუკუნეების შემდეგ დაბრუნდაო. ჰო, არც ის დაგვავიწყდეს, რომ მათი ჩამოსახლების პარალელურად, ჰომოსექსუალებს და, საზოგადოდ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს, გზას გავუხსნით ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისკენ და იმის შიშით, კაცთმოულეობაში არავინ დაგვადანაშაულოსო, ხმასაც არ ამოვიღებთ, თანაც “დამშეული” აფრიკელები საქართველოში დანაყრდებიან და…“

აღნიშნული მასალა დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ევროკომისიის ინიციატივა  მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეხება, ხოლო ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების მიერ 100 ათასი მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს.

რეალური ფაქტები

  • 2017 წლის 27 სექტემბერის ევროკომისიის  პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიგრანტთა განსახლებაში მხარდასაჭერად 500 მილიონი ევრო გამოუყო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ერთი მხრივ თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთან განსახლების პროცესი უნდა გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჩრდილო აფრიკიდან და აფრიკის რქის ნახევარკუნძულიდან (განსაკუთრებით ლიბია, ეგვიპტე, ნიგერი, სუდანი, ჩადი, ეთიოპია) მოწყვლადი პერსონების განსახლებას.

"

„მითების დეტექტორი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა. რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კოკაიამ ჩვენთან სატელეფონო კომენტარში მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას საფუძველს მოკლებული და აბსურდული უწოდა.

იხილეთ ირაკლი კოკაიას სატელეფონო კომენტარი:

„საქართველოს და მსოფლიო“-ს მასალა გაზიარებული აქვს ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ გვერდ „წინააღმდეგობა - მომავლისათვის / Resistance For Future“-საც.

"

საქართველო და მსოფლიოს შესახებ

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” და მისი ონლაინ გამოცემა  www.Geworld.ge-ის დამფუძნებელია შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომელიც დაარსებიდან დღემდე ტარას გაგნიძეს ეკუთვნის.  “ისტორიული მემკვიდრეობა” საჯარო რეესტრში 2009 წლის 28 იანვარსაა დარეგისტრირებული, ამავე წლიდან გამოდის გაზეთი “საქართველო და მსოფლიოც”.

Damoukidebloba.com-ის  კვლევის “რუსული გავლენა ქართულ არასამთოვორობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” თანახმად, "ისტორიული მემკვიდრეობის" დაფუძნების ინიციატივას თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმა. Geworld.ge-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის, “ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“.

Geworld.ge-ს მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. ამავე შემოქმედებით კავშირში კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ-დასავალი”, GeorgianTimes, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა.


მოამზადა გიორგი რევიშვილმა