NATO-ში ინტეგრაცია

დავით ქვლივიძის დეზინფორმაცია, თითქოს NATO საქართველოს “მამათმავლობის დაკანონებას” სთხოვს

30 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 24 ოქტომბერს მარშალპრესზე გამოქვეყნდა დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგების ვიდეო. ქადაგებაში ქვლივიძე აღნიშნავს, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების წინაპირობად “მამათმავლობის” დაკანონება მოსთხოვა.

დავით ქვლივიძე: "გამოვიდა სტოლტენბერგი, ამათი ნატოს უფროსი რომ იყო, ნატოს, რა ქვია, გენშტაბის, გენერალური მდივანი და პირდაპირ თქვა, ნატო მარტო სამხედრო კავშირი არ არის, ეს არის სულიერი ერთობა უნდა გვქონდეს, პირდაპირ გვითხრა, მამათმავლობა თუ არ დაკანონდება თქვენ ქვეყანაშიო, ჩვენთან არ შეგიშვებთო".

დავით ქვლივიძის განცხადება დეზინფორმაციაა. NATO-ს გენერალურ მდივანს მსგავსი შინაარსის მოთხოვნა საქართველოსთვის არ წამოუყენებია. ალიანსში გასაწევრიანებლად არსებობს წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, რომელთა მისაღწევადაც ქვეყნები სხვადასხვა რეფორმებს ახორციელებენ.

სტოლტენბერგის განცხადება, რომელშიც ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმად “მამათმავლობის” დაკანონებისკენ მოუწოდებს, არ არსებობს. ალიანსში გაწევრიანებისთვის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ღირებულებები და დააკმაყოფილონ 1995 წელს ალიანსის მიერ გაწერილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები მოიცავს ფუნქციონალურ დემოკრატიულ სისტემას, რომელიც საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება; უმცირესობათა ჯგუფების მიმართ სამართლიან მოპყრობას; კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის ვალდებულებას; NATO-ს ოპერაციებში სამხედრო კონტრიბუციის სურვილისა და შესძლებლობის ქონას, ასევე დემოკრატიულ სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებსა და ინსტიტუტებს.