ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

აზიანებს თუ არა ფრინველებს 5G? “ასავალ-დასავალი” მანიპულაციურ ციტატას ავრცელებს

11 ივნისი, 2020

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 8-14 ივნისის ნომერში ნიუ-ჰოსპიტალსის კლინიკის მედპერსონალის სახელით დაიბეჭდა განცხადება, რომელიც 5G-ის ტექნოლოგიის ფრინველებზე ზემოქმედებას ეხებოდა. “ასავალ-დასავალის” მტკიცებით, კლინიკის მედპერსონალი ლუკა თვალიაშვილი აცხადებს, რომ 5G გადამცემებს შეუძლიათ ფრინველებში ნერვული აშლილობის გამოწვევა და პეკინზე ყვავის ადამიანებზე თავდასხმას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

ლუკა თვალიაშვილი, ნიუ-ჰოსპიტალის მედპერსონალი: "შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5G გადამცემებს ჩიტების დაზიანება შეუძლიათ. ნებისმიერი სახის დასხივება, ასევე სეზონური ცვალებადობა ფრინველების აგზნებადობასა და ცვალებად ხასიათს იწვევს. ფაქტია, მომხდარი [პეკინზე ადამიანზე ყვავის თავდასხმა] ამტკიცებს, რომ გარკვეული სახის გარემო პირობებმა ფრინველების ნერვული აშლილობა და აღგზნება გამოიწვია."

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ 5G-სა და ფრინველებს შორის შესაძლო კავშირზე განცხადება არ წარმოადგენს კლინიკის ოფიციალურ პოზიციას, ხოლო ლუკა თვალიაშვილი არა კლინიკის ექიმი, არამედ ტექნიკური პერსონალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ. 

  • ასავალ-დასავალში დაბეჭდილი ციტატა კლინიკის პოზიციას არ წარმოადგენს

“მითების დეტექტორთან” წერილობით კომენტარში კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსი” აცხადებს, რომ ასავალ-დასავალში დაბეჭდილი ლუკა თვალიაშვილის ციტატა არ წარმოადგენს კლინიკის ოფიციალურ პოზიციას და ამასთანავე ის არ არის კლინიკის ექიმი.

ნიუ ჰოსპიტალსის ადმინისტრაცია: “ლუკა თვალიაშვილის ციტატა არ წარმოადგენს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პოზიციას. კლინიკის ადმინისტრაციას არ აქვს ინფორმაცია რა დროს და რა გარემოებაში მოხდა ამ ინფორმაციას გავრცელება ლუკა თვალიაშვილის მიერ. ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ ლუკა თვალიაშვილი არ არის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი, თუმცა იგი დასაქმებულია კლინიკაში და წარმოადგენს ტექნიკურ პერსონალს.” 

  • 5G-სთან დაკავშირებული კონსპირაციები პერიოდულად ვრცელდება 

5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ, თუმცა კონსპიროლოგები 5G-ს კორონავირუსის გავრცელებას და ფრინველების დაცოხვას უკავშირებენ. მითმა, თითქოს 5G-ის რადიოტალღები ფრინველებს კლავს, თვეებია სოციალურ ქსელებში რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. კონსპირაცია დაიწყო ჯონ კულსის (John Kuhles) პოსტით, რომელიც გასულ წელს ამტკიცებდა, რომ ნიდერლანდებში შოშიების მასობრივ სიკვდილს სწორედ 5G ანტენების დატესტვა იწვევდა. როგორც Snopes აღნიშნავს, ჯონ კულსი რამდენიმე კონსპირაციული ვებ-საიტისა და სოციალური ქსელების ანგარიშების ადმინისტრატორია.
 
ფრინველებზე გავრცელებული კონსპირაციები სხვადასხვა დროს Reuters-მა და APNews-მაც გადაამოწმეს. 5G-ის რადიოტალღები წარმოადგენს მაგნიტური გამოსხივების მცირე დონეს, არამაიონებელ გამოსხივებას, რომელსაც არ შეუძლია ფრინველების დახოცვა. ამასთან, ფრინველების მასობრივი სიკვდილი არ არის ახალი ფენომენი და სხვადასხვა დადგენილი ან უცნობი მიზეზებით მსგავსი ფაქტები 5G-ის ტექნოლოგიამდეც ხდებოდა.
 
იხილეთ 5G-ის შესახებ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია:

 არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?