ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არც ვაქცინები და არც Nestle-ს, Craft-ის, PepsiCo-ს საკვები პროდუქტები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავენ

1 მარტი, 2021

 2021 წლის 20 და 21 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებლებმა ნინო ბრეგაძემ და გოჩა ჩუმაშვილმა სოციალურ ქსელში იდენტური ტექსტი გაავრცელეს. პოსტის თანახმად, არსებობს საკვები დანამატი HEK-293, რომელიც ადამიანის აბორტირებული ემბრიონის თირკმელის უჯრედებისაგან შედგება და მას თავიანთ პროდუქტებში საკვების მწარმოებელი ისეთი მსხვილი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა Nestle, Kraft და PepsiCo. პოსტის მიხედვით, სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე ინგრედიენტად მითითებულ “ბუნებრივ არომატიზატორში” სწორედ ემბრიონის უჯრედები იგულისხმება. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ HEK-293 ე.ი. აბორტირებული ემბრიონის თირკმლიდან მიღებული უჯრედები ვაქცინების დასამზადებლად გამოიყენება. 

გოჩა ჩუმაშვილიც და ნინო ბრეგაძეც პოსტის წყაროდ რუსულენოვანი youtube მომხმარებლის Сон Разума-ს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ვიდეოს ბმულს უთითებენ. ვიდეო პოსტის ძირითად მტკიცებებს იმეორებს, ასევე მასში ნახსენებია საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია “Senomyx”, რომელიც თითქოსდა საკვების არომატიზატორებს ემბრიონის უჯრედებისაგან ამზადებს. 

;

მტკიცება, თითქოს პოსტში დასახელებული კომპანიების მიერ წარმოებული საკვები პროდუქტები ემბრიონული უჯრედების ხაზს HEK-293-ს შეიცავს, დეზინფორმაციაა, რომელიც უკვე წლებია ვრცელდება. მცდარია ინფორმაციაც, რომ აბორტირებული ემბრიონის უჯრედები ვაქცინების შემადგენლობაში შედის. ემბრიონის უჯრედულ ხაზს HEK-293 მეცნიერები სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებისათვის 40 წელზე მეტია იყენებენ, თუმცა იგი არცერთი სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის არც ვაქცინების და არც საკვები პროდუქტების, ინგრედიენტს არ წარმოადგენს.

  1. საკვების მწარმოებელი კომპანიები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს საკვების დანამატად არ იყენებენ

დეზინფორმაცია, თითქოს საკვების მწარმოებელი სხვადასხვა ამერიკული კომპანიები, მათ შორის გოჩა ჩუმაშვილის მიერ დასახელებული Kraft, PepsiCo და Nestle, თავიანთ პროუქტებში ადამიანის ემბრიონის უჯრედებს იყენებდნენ, სხვადასხვა დროს ინგლისურენოვანი (ძირითადად აბორტის მოწინააღმდეგეთა) ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების ანგარიშებით ვრცელდებოდა. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების Politfact-ისა და Snopes-ის მიხედვით, მითი პირველად 2011  წელს გაჩნდა და იგი აბორტის მოწინააღმდეგე ორგანიზაციისა  Children of God for Life და საკვების არომატიზატორების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის  Senomyx-ის დაპირისპირებას უკავშირდება. ორგანიზაციამ Senomyx-ს და მის პარტნიორ საკვების მწარმოებელ კომპანიებს (Kraft, PepsiCo, Nestle და ა.შ)  ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკვების არომატიზატორების კვლევებში Senomyx ემბრიონულ უჯრედულ ხაზს HEK-293-ს იყენებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Senomyx ემბრიონული უჯრედების ხაზს არომატების კვლევისას მართლაც იყენებდა, ეს არ ნიშნავს, რომ ემბრიონის უჯრედები ან Senomyx-ის, ან დასახელებული საკვების მწარმოებელი კომპანიების რომელიმე პროდუქტის შემადგენლობაში შედის და მომხმარებლები ადამიანის ემბრიონის უჯრედებს საკვებთან ერთად იღებენ. როგორც, Senomyx -ის წარმომადგენლებმა 2011 წელს განმარტეს, HEK-293-ის უჯრედების კომპანიის მკვლევარები გემოს რეცეპტორების მიერ სხვადასხვა არომატის საპასუხო რეაგირებაზე ლაბორატორიული დაკვირვების დროს იყენებდნენ. რეალურად,  HEK-293-ის უჯრედები არომატიზატორის ინგრედიენტი კი არ არის, არამედ არომატიზატორის უჯდრედზე ზემოქმედების დასატესტად გამოიყენება. შესაბამისად, მტკიცება, რომ საკვების არომატიზატორები და მათი გამოყენებით შექმნილი პროდუქტები ადამიანის ემბრიონის უჯრედებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცების, თითქოს საკვების მწარმოებელი კომპანიები Senomyx-თან პარტნიორობის ფარგლებში HEK-293 უჯრედებს საკვებ დანამატად იყენებენ, გადასამოწმებლად FullFact უშუალოდ ამ კომპანიებს დაუკავშირდა. Kraft-ის თქმით, ისინი Senomyx-ის პროდუქციას საერთოდ არ იყენებენ, PepsiCo-მ კი განაცხადა, რომ დასახელებულ კომპანიასთან დამატკბობელი საშუალებების კვლევაში თანამშრომლობენ, თუმცა საერთო კვლევების ფარგლებში ემბრიონის უჯრედებს ან ადამიანის სხვა ქსოვილებს არ იყენებენ, ხოლო Nestle ორგანიზაციას არ გამოეხმაურა. 

  1. HEK-293 ვაქცინებზე კვლევებშიც ფართოდ გამოიყენება, თუმცა თავად ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავს 

საკვები პროდუქტების მსგავსად, აბორტირებული ემბრიონის უჯრედები არც ვაქცინების შემადგენლობაში გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონის უჯრედული ხაზი ვაქცინების კვლევაში ფართოდ გამოიყენება. HEK-293-ის ხაზს მეცნიერები წითელას, ყბაყურის, ებოლას, გრიპისა თუ კორონავირუსის ვაქცინების შექმნის პრე-კლინიკურ ეტაპზე იმაზე დასაკვირვებლად იყენებენ, როგორი გავლენა აქვს ვაქცნიას ადამიანის უჯრედებზე და მისი გენომის სტრუქტურაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბრიონის უჯრედები ვაქცინის ინგრედიენტია და ვაქცინის მიღების შემდეგ ისინი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, რადგან ემბრიონის უჯრედები არა ვაქცინების წარმოებაში, არამედ მათი ლაბორატორიული გამოცდისა და შესწავლისას გამოიყენება. წარმოების პროცესში კი ვაქცინები ყველა იმ მინარევისაგან იწმინდება, რომელიც ვაქცინის ინგრედიენტს არ წარმოადგენს. 

დეზინფორმაცია, თითქოს აბორტირებული ემბრიონის უჯრედები კორონავირუსის ვაქცინის შემადგენლობაში შედის, ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

HEK-293-ის შესახებ 

ემბრიონის უჯრედული ხაზი HEK-293 ადამიანის აბორტირებული ემბრიონის თირკმლიდან გამოყოფილი ორიგინალი უჯრედის კლონებისაგან შედგება. საწყისი უჯრედის იზოლირება 1970-იან წლებში ნიდერლანდელმა მეცნიერმა შეძლო (იმ ემბრიონის აბორტირება, რომელიც მან გამოიყენა, ლეგალურად, თუმცა კვლევითი მიზნებისთვის არ მომხდარა). უჯრედის მკვლევრები და მიკრობიოლოგები HEK-293-ის უჯრედებს უკვე ათობით წელია, რაც ლაბორატორიულ პირობებში ინახავენ და ამრავლებენ, რადგან ეს უჯრედული ხაზი ფართოდ გამოიყენება ისეთი ბიოლოგიური და სამედიცინო კვლევებისათვის, როგორებიცაა კიბოს, პრეპარატებისა თუ ვაქცინების ლაბორატორიული კვევები. როგორც მეცნიერების განმარტავენ, HEK-293-ის უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში სწრაფი ტემპებით მრავლდებიან (36 საათში ერთხელ) და დიდი რაოდენობით კლონებს ქმნიან, ამიტომაც HEK-293-ზე მიმდინარე კვლევები ახალი აბორტების და სხვა ემბრიონებისაგან უჯრედების მიღებას არ საჭიროებს. ყველა კვლევა, რომელიც HEK-293-ს ეფუძნება, 40 წლის წინ აბორტირებული ერთი ემბრიონის უჯრედულ ხაზზეა დაფუძნებული.


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.