პროტესტი კოსოვოში – რატომ დაშალეს მომიტინგეები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

97
VIEWS

29 მაისს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში – Первый канал, life.ru გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კოსოვოში ქალაქ ზვეჩანში ნატოს სამშვიდობო ძალებმა და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად დაშალეს. life.ru წერს, რომ ამის ამსახველი კადრები ონლაინ ვრცელდება.

Screenshot 4 1 პროტესტი კოსოვოში - რატომ დაშალეს მომიტინგეები?

  • არჩევნები ჩრდილოეთ კოსოვოში

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო რაც 2023 წლის 23 აპრილს ადგილობრივ არჩევნებში ეთნიკურად ალბანელი მერები აირჩიეს. კოსოვოს 4 ქალაქში ზვეჩანში, ლეპოსავიჩში, ზუბინ-პოტოკსა და მიტროვიცაში, სადაც ეთნიკურად სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ, მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ამ რეგიონში – “სერბული სია” სერბებს მოუწოდა არჩევნებზე არ წასულიყვნენ. შედეგად, არჩევნებზე 3,5 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა და ამ ქალაქებში ალბანელი მერები აირჩიეს. სერბები კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ პირობით მიიღებდნენ თუ მათი მოთხოვნა ავტონომიასთან დაკავშირებით შესრულებული იქნებოდა, რაც გულისხმობდა კოსოვოს სერბთა მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნას. ეს შეთანხმება პრიშტინას მთავრობამ ევროკავშირთან  შუამავლობით ათწლეულის წინ დადო.

  • შეტაკება სერბ მომიტინგეებს, სამართალდამცავებსა და NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიას შორის

სერბები ჩრდილოეთ კოსოვოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ალბანელ მერებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია 29 მაისს გამძაფრდა, როდესაც სერბებმა ქალაქ ზვეჩანში ადმინისტრაციულ შენობაში ძალით შეღწევა სცადეს. სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას, NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეთაგან დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა.  კოსოვოს პოლიცია და NATO-ს კოსოვოში განთავსებული KFOR-ის სამშვიდობო მისიის ძალები ადმინისტრაციულ შენობებს იცავდნენ. France24 -ის ინფორმაციით, KFOR-მა თავიდან მომიტინგეების პოლიციისგან გამოყოფა სცადა, თუმცა შემდეგ ხალხის დაშლა ფარებითა და ხელკეტებით დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ჯარისკაცებს ქვები, ბოთლები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ქალაქ ზევჩანში სამართალდამცავები და NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად დაშალეს. საერთაშორისო მედიების მიხედვით კი მომიტინგეები საკრებულოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ და სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები სწორედ ამის შემდეგ გამოიყენეს. BBC ასევე წერს, რომ მომიტინგეებმა ნატოს მანქანებზე რუსეთის არმიის სიმბოლო Z სპრეით დახატეს.

  • გამოხმაურებები კოსოვოში მიმდინარე პროტესტზე

ჩრდილოეთ კოსოვოში განვითარებულ მოვლენებს ნატოს KFOR-ის სამშვიდობო მისიაც გამოეხმაურა. მათი განმარტებით,  ჯარისკაცებმა ძალადობრივ, საშიშ და არაპროვოცირებულ თავდასხმებს უპასუხეს და მანდატს მიუკერძოებლად ასრულებდნენ. 

ამ თემაზე კომენტარი 30 მაისს NATO- ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მან ძალადობრივი ქმედება დაგმო და აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსმა ჩრდილოეთ კოსოვოში ძალადობრივი საპროტესტო აქციების ჩასახშობად კიდევ 700 სამხედრო გააგზავნა. 

აშშ-მა კოსოვოს წინააღმდეგ ეთნიკური დაძაბულობის გაღვივებისთვის სადამსჯელო ქმედებები გამოაქვეყნა. აშშ-ის განცხადებით, ნატოს სამშვიდობოების და სერბი მომიტინგეების დაშავება კოსოვომ გამოიწვია. სადამსჯელო ღონისძიების სახით, აშშ გააუქმებს კოსოვოს მონაწილეობას ერთობლივ სამხედრო წვრთნებში და დიპლომატიურ შეხვედრებს შეაჩერებს. ვაშინგტონი ასევე შეწყვეტს კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაეროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ადვოკატირებას.

ჩრდილოეთ კოსოვოში დაახლოებით 50 000 ეთნიკურად სერბი ცხოვრობს. 18 მარტს პრიშტინა და ბელგრადი სიტყვიერად შეთანხმდნენ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გეგმის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კოსოვოში კავშირების გაუმჯობესებასა და დაძაბულობის განმუხტვას, ადგილობრივი სერბებისთვის მეტი ავტონომიის შეთავაზებით. სერბების მტკიცებით, შეთანხმებას ჯერჯერობით კონკრეტული ქმედება არ მოჰყოლია. 

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი კი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი უმეტესი ქვეყნების მიერ. გარდა ესპანეთის, სლოვაკეთის, კვიპროსის, რუმინეთის და საბერძნეთისა, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს სერბეთი,რუსეთი და ჩინეთი, ასევე არც საქართველო. 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: კოსოვო, სერბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist