გზაგასაყარზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

რუსული ჩარევა, კოვიდის მზარდი შემთხვევები, პოლარიზებული საზოგადოება: აშშ-სა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში გრეტა ლინდეს არჩევნებისშემდგომ სიტუაციაზე ესაუბრა. 

306 ხმით 232-ის წინააღმდეგ – ჯო ბაიდენმა, არჩეულმა პრეზიდენტმა, აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგია ოფიციალურად მოიგო. ამდენად, ხმის მიცემიდან თვენახევრის  შემდეგ აშშ-მ იცის, ამჯერად უკვე დანამდვილებით, საითკენ მიდის. უფრო სწორად კი – ვისთან ერთად.

აშშ არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წელს ასეთ დაძაბულ ბრძოლაში თავისი მომავალი გადაწყვიტა. საქართველომ ოქტომბრის ბოლოს ახალი პარლამენტი აირჩია. სამხრეთ კავკასიაში მდებარე და მოსახლეობით ბერლინის ზომის საქართველო, როგორც წესი, არაა პირველი სახელმწიფო, რომელსაც აშშ-ს ადარებენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად, იმაზე მეტი პარალელი არსებობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მერყევი შტატის (Georgia) და სახელმწიფოს იდენტურ სახელი შედარების მთავარი მიზეზი არაა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ ხმების 50%-ზე მეტით საპარლამენტო არჩევნები მოიგო. დანარჩენი პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან, მათი აზრით, არჩევნების მანიპულირება მოხდა. საპროტესტო აქციებს აწყობს ოპოზიცია, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს პარტიებს დაწყებული ლეიბორისტული და დამთავრებული ლიბერალ-ნაციონალისტური ფლანგით.

„რუსეთს სურს, საზოგადოებაში ბზარი გააჩინოს“ 

არჩევნების შედეგებით ნახევარი ქვეყნის უკმაყოფილება არაა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესს უკავშირდებ – სიტუაცია მანამდეც დაძაბული იყო, როგორც ამას ბათუ ქუთელია აცხადებს. ის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია. 2008 წლიდან 2011 წლამდე ის აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობდა. ქუთელიას მიხედვით, პოლარიზებულია როგორც აშშ, ასევე საქართველო. „ეს პოლარიზაცია ყველგანაა. გვაქვს მხარეთა დაპირისპირების, ეთნიკური, კოვიდის და მეზობლებთან ურთიერთობის საკითხები.“ საქართველოს უდიდესი მეზობელი კი, ქუთელიას მიხედვით, ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია: „რუსეთს სურს როგორც ამერიკულ, ასევე ქართულ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი ბზარის გაჩენა“.

დამტკიცდა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გაყალბებული ამბების გავრცელების გზით ჩაერია. ქუთელიას ეს არ გაჰკვირვებია: „ჩემი აზრით, მათი მიზანი ყველას დისკრედიტაციაა, მათ შორის ინსტიტუტებისაც“. მართალია, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ჩარევის დამტკიცებული ფაქტები არ ყოფილა, მაგრამ წელს ტრამპის ხელისუფლება საფოსტო გზით ხმის მიცემის შესახებ  შეთქმულებებს თავად ავრცელებს. როგორც ქუთელია განმარტავს, მსგავსი რამ საქართველოშიც ხდებოდა: „ტრადიციული საშუალებების გარდა, მათ საბაბად კოვიდიც გამოიყენეს“.

„ხელისუფლებამ კოვიდი კამპანიისთვის და არა რეალური პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენა“ 

ისევე, როგორც აშშ-ში, კორონავირუსის პანდემია საქართველოშიც უკონტროლო ხდება – ყოველდღიურად 4,000 შემთხვევაზე მეტი ვლინდება. ავსტრიას, რომელსაც საქართველოზე ორჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, გასულ კვირაში 19,600 ახალი ინფიცირების შემთხვევა ჰქონდა, საქართველოს კი – 25,000. შედეგად, საავადმყოფოთა მართვის სისტემა „სრულებით ჩამოიშალა“, როგორც ამას ქუთელია აღწერს. მედიკამენტებზე ან უფასო საწოლებზე წვდომა მხოლოდ მმართველ პარტიასთან კარგი ურთიერთობის მქონეებს გააჩნიათ.

გარდა ამისა, ბევრს ხელისუფლების მხრიდან კრიზისთან დაკავშირებული კომუნიკაცია აბნევს: „თავდაპირველად, ხელისუფლება ტრაბახობდა, რომ კოვიდს კარგად უმკლავდებოდა. შეზღუდვები იყო მკაცრი, მაგრამ კონკრეტულ ფენებზე მორგებული არ ყოფილა და იყო მექანიკური“, აჯამებს ქუთელია. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებდნენ. თუმცა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ მთავრობა უბრალოდ მოუმზადებელი იყო: „მათ კოვიდის სიტუაცია არჩევნებისთვის გამოიყენეს. ქართულმა ოცნებამ ის კამპანიისთვის გამოიყენა და არა ნამდვილი პრობლემების გადაჭრისთვის“.

რაც ქუთელიას ყველაზე მეტად აბრაზებს, არის ხელისუფლების მიერ ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალე გზა: „საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის ფარგლებში, მათ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით თანხის დახარჯვა და არავის შეუძლია ამის გადამოწმება.“ საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,700 აშშ დოლარს შეადგენს (შედარებისთვის, აშშ-ში ის 62,800 დოლარია), ამდენად „თითოეულ დახარჯულ დოლარს შედეგი აქვს“.

„თუ კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ, დავიწყებთ ავტოკრატიისკენ სვლას“ 

„დროა ამერიკა გამოვაჯანმრთელოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის რანგში თავის პირველ მიმართვაში. მისი მისიაა გააერთიანოს გახლეჩილი ქვეყანა. „როგორც აშშ, ასევე საქართველო ახლა გზაგასაყარზე იმყოფებიან,“ – აცხადებს ბათუ ქუთელია. ბაიდენის და ჰარისის არჩევით, აშშ-მ დიპლომატიური, მშვიდობიანი ვარიანტი აირჩია. საქართველომ ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტოს, თუ საით ურჩევნია სვლა: „თუ კრიზისს თავს ვერ დავაღწევთ, დავიწყებთ ავტოკრატიისკენ სვლას“. ქუთელიას მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავლისთვის მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გასულ კვირას პარლამენტის გახსნით სესიას ბოიკოტი გამოუცხადა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს. ბათუ ქუთელია ამას ეთანხმება: „ამის გარეშე პოლიტიკური ძალას ლეგიტიმაცია არ ექნება”. ეს, ქუთელიას აზრით, არის მთავარი განსხვავება ამერიკისგან. ხმების გადათვლით და მტკიცებულებების არქონის გამო სარჩელების გაუქმებით, აშშ-მ დაამტკიცა, რომ მათი სასამართლო სისტემა მუშაობს. ქუთელიას აზრით, საქართველოს, როგორც ახალგაზრდა და მოწყვლად დემოკრატიას, არ აქვს ისეთი მაღალი ნდობით მოსარგებლე ინსტიტუტები, როგორც ამერიკას. შესაბამისად, პროტესტები უნდა გაგრძელდეს: „სახელმწიფოს დე-ფაქტო მიტაცების ფონზე, დემოკრატიისთვის ადგილი მხოლოდ ქუჩებშია დარჩენილი და ოპოზიციაც სწორედ ამას აკეთებს“.


გრეტა ლინდე
ფრილანსერი ჟურნალისტი სპეციალურად მითების დეტექტორისთვის 


სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist