ნავალნის “მხიარული” ქვრივი – კრემლის პროპაგანდა იულია ნავალნაიას წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ნავალნაია
322
VIEWS

16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება, თუმცა ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ნავალნის მხარდამჭერები. ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ნავალნის ცხედარი ოჯახს მხოლოდ 24 თებერვალს გადასცეს. 

19 თებერვალს იულია ნავალნაიამ ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა  და განაცხადა, რომ ის ქმრის გზას გააგრძელებს, ამ ბრძოლაში კი საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამ განცხადების შემდეგ რუსულ პროპაგანდისტულ არხებში ნავალნაიას დისკრედიტაცია აქტიურად დაიწყო. ნავალნაიას უკრიტიკებდნენ გლოვის ხარისხს, არასაკმარისად სევდიან და მხიარულ სახეს, სამოსს, მოშიშვლებულ მხრებს, მართლმადიდებლური წესების უგულებელყოფას.

ბელარუსი პოლიტოლოგის, ანდრეი ლაზუტკინის თქმით, ის ქმრის გარდაცვალების შემდეგ ოსკარის დაჯილდოების ცერომიანასაც კი დაესწრო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჯერ არც ჩატარებულა. იულია ნავალნაიას ქმრის ღალატშიც ადანაშაულებდნენ, მათ შორის ბიზნესმენ ევგენი ჩიჩვარკინთან ღალატში სდებდნენ ბრალს. მის წინააღმდეგ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო და ფოტომანიპულაციებიც. 

ასევე, სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული ანგარიშები (1, 2, 3) ნავალნაიას პოლიტიკაში ჩართვას დასავლეთს უკავშირებდნენ და წერდნენ, რომ იულია ნავალნაია აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში არეულობის მოსაწყობად დანიშნეს.

გზავნილები იულია ნავალნაიას წინააღმდეგ

კრემლის პროპაგანდა ნავალნაიას “მხიარულ ქვრივად” მოიხსენიებს (1,2,3,4). 

ნავალნაია

ნავალნაია

პროპაგანდისტული გამოცემა Царьград წერს, რომ ნავალნის ცოლს პრესა მოსიყვარულე მეუღლედ წარმოაჩენს, თუმცა მას ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცრემლიც არ ჩამოვარდნია და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა.  

“თითქმის ყველამ, ვინც დაინახა, როგორ ლაპარაკობდა და იქცეოდა იულია ნავალნაია იმ კონფერენციაზე, შეამჩნია შეუფერებელი ღიმილი, რომელიც სახეზე დასთამაშებდა. ფიზიონომისტობა არ არის საჭირო, რომ გაიგოთ, რას ნიშნავს ნავალნაიას ეს ღიმილი”- წერია Царьград-ის სტატიაში.

“როგორც არ უნდა შეეცადოს დამოუკიდებელი მედია ქვრივის საქციელის გათეთრებას, მთავარი ცხადია: იულიას ქმართან დამშვიდობების სურვილი არ აქვს, რადგან მისი სიკვდილი, როგორც ჩანს, მისთვის რთული გამოცდა არ ყოფილა” – გამოცემა ციტირებს რუსული სოციალური ქსელის dzen.ru-ს ერთ-ერთ არხ Вспомним Советский Союз – ის ავტორს.

პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, ნავალნაიას გაუმართლა, რომ ქმრის გარდაცვალების შესახებ სწორედ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიგო – ევროპის წამყვანი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა, პერსპექტივა გაეხსნა. 

იულია ნავალნაიას ვიზუალსა და მის მიუნხენის კონფერენციაზე ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარი კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმაც გააკეთა. მან გადაცემაში “Вечер с Владимиром Соловьевым” ნავალნაიას კონფერენციაზე გამოსვლა გააკრიტიკა.

მარგარიტა სიმონიანი, RT-ის რედაქტორი: “ქმრის გარდაცვალებიდან ორ საათში ცოლი მაკიაჟით, ღიმილიანი რომ გამოდის პრესკონფერენციაზე…”

ამავე გადაცემაში, სიმონიანმა და კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა აღნიშნეს, რომ დასავლეთს ნავალნის სიკვდილის თემა პუტინის და ტაკერ კარლსონის ინტერვიუს ეფექტის გადასაფარად აწყობს. 

ნავალნაიას მაკიაჟი და გლოვა განხილვის საგანი იყო სხვა რუსულ გადაცემებშიც. 21 თებერვალს Соловьев LIVE-ის გადაცემაში ” Лабиринт Карнаухова ” კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ სასლოვსკიმ იულია ნავალნაიას ვიდეო შეაფასა, რომელიც მან ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერა.

ალექსანდრ სასლოვსკი: “მიმიკა, მანერები, სამოსი, მოშიშვლებული მხრები. ქრისტიანულ წესში ასეა მიღებული, მომიტევეთ, მაგრამ მართლმადიდებელი ქალი, რომელსაც ქმარი უკვდება თავს თავსაბურავით იფარავს.როგორც მინიმუმ, მოშიშვლებული მხრებით არ გამოდის.”

დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები 

რუსული ტელეგრამ-არხები 17 თებერვლიდან ავრცელებდნენ  ფსიქოლოგის და წიგნის “მომატყუე თუ შეძლებ”  ავტორის, პოლ ეკმანის გაყალბებულ ციტატას, თითქოს მან იულია ნავალნაიას სიტყვით გამოსვლა გააანალიზა და აღნიშნა, რომ ქალმა სიხარული ვერ დამალა, როდესაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიტყვით წარსდგა. 

“ეს არ არის ქალის რეაქცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საყვარელი ქმრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ჩვენს წინაშე დგას ძლიერი ქალი, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ საბოლოოდ მიიპყრო ამ სამყაროს მთელი ყურადღება. ეს არის ის, რაც მას სურდა, რომ მთელს მსოფლიოს მხოლოდ მასზე ესაუბრა” – ვრცელდება ტელეგრამ-არხებზე.

პოლ ეკმანის სახელით გავრცელებული ყალბი ციტატა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, ვიდეო ვერსიითაც ვრცელდებოდა, რუსულმა დამოუკიდებელმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – provereno.media-მ გადაამოწმა

თავად ვიდეოში ეკმანი არ საუბრობს, ვხედავთ მხოლოდ კადრების მონაცვლეობას და მასთან თანმდევ ციტატას; ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) ლოგოა გამოსახული, ხოლო ვიდეოს ბოლოს მაყურებელს მოუწოდებენ ეკმანის სრული ინტერვიუს სანახავად  APA-ს ონლაინ-ჟურნალ Monitor on Psychology-ს ეწვიოს. არც აღნიშნულ და არც პოლ ეკმანის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის ინტერვიუ არ იძებნება. 

იულია ნავალნაია – “მოღალატე ცოლი”

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ნავალნაიას “ღალატის დამადასტურებელი” ფოტომანიპულაციებიც გავრცელდა. ერთ ფოტოზე ის რუს ბიზნესმენ ევგენი ჩიჩვარკინთან ერთადაა გამოსახული. ფოტო რეალურად 2021 წელსაა გადაღებული, თუმცა მას პროპაგანდისტული არხები როგორც ახალს ისე ავრცელებდნენ. ფოტო ჩიჩვარკინის ინსტაგრამ-ანგარიშზე 2021 წლის 17 აგვისტოს განთავსდა შემდეგი აღწერით: რუსეთის მომავალი პირველი ლედი. #ჩემიმეგობარი. თავისუფლება ნავალნის.

ნავალნაია

ჩიჩვარკინი რუსული მობილური ტელეფონების უმსხვილესი საცალო ქსელის, Euroset-ის ყოფილი მფლობელია და დღეს პუტინის ოპოზიციაშია. ის ნავალნის მხარდამჭერი იყო და მას გარკვეულ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეორე ფოტო, რომელზეც იულია ნავალნაიას ისევ ჩიჩვარკინთან აწყვილებდნენ, ფოტოშოფით არის დამუშავებული და 2021 წლიდან ვრცელდება. ავთენტიკური ვერსია 2013 წელსაა გადაღებული და მასზე ალექსეი და იულია ნავალნები არიან გამოსახული.

გაყალბებული ფოტო

ავთენტიკური ფოტო

ნავალნაია ნავალნაია

გავრცელებული ფოტოები მედია AFP-ს ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. 

ქმრის ერთგულებაში იულია ნავალნაიაზე ეჭვი ჯერ კიდევ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე შეჰქონდათ. თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ქალის ვიდეო, რომელიც თავს ოჯახის ყოფილ დამხმარედ, ანა გონჩარად ასაღებდა (1, 2, 3 ). ის ირწმუნებოდა, რომ იულია ნავალნაიას ქმართან ქორწინების პარალელურად სხვადასხვა კაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის ბიზნესმენ ჩიჩვარკინთან და Bellingcat – ის ჟურნალისტ ხრისტო გროზევთან.

ნავალნაია

როგორც აღმოჩნდა, ოჯახის ყოფილ დამხმარედ წარმოჩენილი ანა გონჩარი არ არსებობს, ვიდეო კი დიფფეიკ ტექნოლოგიით არის შექმნილი

navalnaia7 ნავალნის "მხიარული" ქვრივი - კრემლის პროპაგანდა იულია ნავალნაიას წინააღმდეგ
კადრი ყალბი ვიდეოდან

ბელარუსი პოლიტოლოგის მტკიცებით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნავალნაია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა

20 თებერვალს ბელარუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ლაზუტკინმა СТВ-ს ეთერში თქვა, რომ გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცოლი ქმარს არ გლოვობს და სოციალურ ღონისძიებებს ესწრება. კადრში იულია ნავალნაიას ფოტოს აჩვენებენ ოსკარის დაჯილდოებიდან, რომელიც ლაზუტკინის მტკიცებით,  ნავალნის გარდაცვალების შემდეგ არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ჯერ არ ჩატარებულა და 10 მარტს არის დაგეგმილი. გავრცელებული კადრები კი წინა წლის დაჯლდოებიდანაა, სადაც იულია ნავალნაია შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 2023 წელს კანადელი რეჟისორის დენიელ როერის ფილმი “ნავალნი” ოსკარით დაჯილდოვდა  საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. გავრცელებული მტკიცება ბელარუსულმა საგამოძიებო ცენტრმა გადაამოწმა

ნავალნის დედის სახელით АI-ით გენერირებული ვიდეო-მიმართვა იულია ნავალნაიას წინააღმდეგ

იულია ნავალნაიას წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებული ვიდოც გავრცელდა. ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში 22-23 თებერვალს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა (1, 2) გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია, ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას ალექსეი ნავალნის ქონების საკუთარ სახელზე გადაწერაში, შვილებს შორის განხეთქილების ჩამოგდებაში, ქმრის რუსეთში დაბრუნების იძულებაში, ნავალნის ხმის “მითვისებასა” და მისი სიკვდილით ვაჭრობაში ადანაშაულებს. გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ჩანაწერი მექანიკურ, არაბუნებრივ ხმას შეიცავს. 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist