დეზინფორმაცია, თითქოს ნავთობის ბაზრიდან ამერიკული დოლარი გამოაძევეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4
VIEWS

24 ივნის ფეისბუქ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “ამერიკული დოლარი გამოაძევეს ძირითადი ნავთობის ბაზრიდან, რაც აშშ-ს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმაა”. მომდევნო დღეს, მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო Georgia First NEWS-მა. მედიის მტკიცებით, “საუდის არაბეთი აშშ-სთან 50-წლიან „ნავთობ-დოლარის“ ხელშეკრულებას ასრულებს და სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობას იწყებს”. სტატიის მიხედვით, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის 1974 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დებულებით, საუდის არაბეთი ნავთობს მხოლოდ აშშ დოლარში ჰყიდდა, ახლა კი მათ უფლება მიენიჭებათ ივაჭრონ სხვა ვალუტაშიც. იგივე ინფორმაცია ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ქართულ და რუსულენოვანი (1, 2, 3, 4) მომხმარებლების მიერაც.

dezinphormatsia thithqos navthobis bazridan amerikuli dolari gamoadzeves დეზინფორმაცია, თითქოს ნავთობის ბაზრიდან ამერიკული დოლარი გამოაძევეს

მტკიცება, თითქოს ნავთობის ბაზრიდან ამერიკული დოლარი გამოაძევეს, დეზინფორმაციულია. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საუდის არაბეთი აპირებს დოლარის ამოღებას ნავთობით ვაჭრობის პროცესში. ამასთანავე, სტატიაში ნახსენები ხელშეკრულება რეალურად არ არსებობს და არაბულ სახელმწიფოს არ ჰქონია დოლარით ვაჭრობის ოფიციალური ვალდებულება.

მალხაზ ხაბაზი პოსტში არ აკონკრეტებს, თუ რომელ ბაზარს გულისხმობს ის ან საიდან აქვს მას მსგავსი ინფორმაცია, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სწორედ იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთი ასრულებს 50 წლიან ხელშეკრულებას აშშ-სთან. ფაქტს, რომ ხაბაზის პოსტი მცდარია, ადასტურებს იმ ექსპერტების კომენტარები, რომლებსაც ფაქტების-გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact-ი დაუკავშირდა. ანალიტიკოს პატრიკ დე ჰაანის განცხადებით, არ არსებობს რაიმე მყარი მტკიცებულება იმისა, რომ საუდის არაბეთი აპირებს შეწყვიტოს ნავთობის დოლარში გაყიდვები. სტატიის მიხედვით, დოლარის გლობალური გამოყენება და სტაბილურობა არის მიზეზი იმისა, რომ ამ დრომდე ის რჩება ნავთობის მთავარ შემსყიდველ ვალუტად, თუმცა გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა იწყება სხვა ვალუტაში ვაჭრობაც, მითუმეტეს ვითარებაში, სადაც ჩინეთი და რუსეთი აქტიურად ცდილობენ აშშ-ს გავლენების შემცირებას. 

ექსპერტებმა PolitiFact-ს დაუდასტურეს, რომ ნახსენები 50 წლიანი ხელშეკრულება რეალურად არ არსებობს და შესაბამისად მას ვადა ვერ გაუვიდოდა. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს კიდევ არაერთი მედიასაშუალებაც, რომლებიც ასევე ამ სფეროს ექსპერტებს ეყრდნობიან და მოიძიეს საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელთა საშუალებით დგინდება, რომ ფორმალური შეთანხმება ქვეყნებს შორის, თითქოს ნავთობი მხოლოდ დოლარში უნდა გაყიდულიყო, არ შემდგარა. 1974 წლის ივნისში მართლაც შედგა შეთანხმება, აშშ-საუდის არაბეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანი სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და საუდის არაბეთის ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა იყო. თუმცა, ამ დოკუმენტში არ არის ნახსენები ნავთობის დოლარში გაყიდვის ვალდებულება. კომისიის ჩამოყალიბება მოჰყვა წინა წლის ნავთობის ემბარგოს და კრიზისს, რამაც მისი ფასი საგრძნობლად გაზარდა და აშშ-ს სურდა, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილება მსგავსი სიტუაციის გამეორება. საგულისხმოა, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგაც კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთი კვლავ აგრძელებდა ნავთობით ვაჭრობას სხვა ვალუტაში, განსაკუთრებით ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში, რაც ადასტურებს, რომ ხელშეკრულება დოლარის მონოპოლიას არ აწესებდა. 

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ 1974 წელს ამ ორ ქვეყანას შორის საიდუმლო შეთანხმებაც დაიდო, რომლის მიხედვითაც აშშ საუდის არაბეთს სამხედრო სფეროშიც გაუწევდა დახმარებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ წელს მიღებული ორივე შეთანხმების მიხედვით, ნავთობით მოპოვებული ფულის დიდი ნაწილი საუდის არაბეთს ამერიკულ კომპანიებში და აშშ-ს ეკონომიკაში უნდა ჩაედო ინვესტიციების სახით და ეყიდა ამერიკული ობლიგაციები, რაც ორივე მათგანისთვის მომგებიანი იქნებოდა

საუდის არაბეთისთვის, ამერიკული დოლარის დომინაცია ნავთობით ვაჭრობის სფეროში რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: 1. ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის დასაწყისში, მას ამერიკული კომპანიები მართავდნენ და შესაბამისად ისინი დოლარში ვაჭრობდნენ და შემდგომში როდესაც ადგილობრივმა კომპანიებმა ინდუსტრია გამოისყიდეს, მაინც დოლარში განაგრძეს პროდუქტის გაყიდვა; 2. აშშ დოლარი უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განიხილებოდა გლობალურ ვალუტად, რის გამოც მისი გამოყენება ყველაზე ადვილად და უსაფრთხოდ ითვლებოდა საუდის არაბეთისთვისაც; 3. ნავთობის გლობალურად ვაჭრობის საქმეში, ტრანსპორტირება, ფინანსირება და დაზღვევა დოლარში ხდება; 4. ამ მომენტისთვის ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი შეერთებული შტატებია. ამ ყველაფრის შედეგად, ე.წ. “Პეტრო-დოლარის” სისტემა ორივე სახელმწიფოსთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა, რადგან ნავთობიდან ნაშოვნი დოლარის ინვესტირება ამერიკულ კომპანიებში ხდება.

არ არის გამორიცხული, მომავალში საუდის არაბეთმა სხვა ვალუტებშიც დაიწყოს ნავთობით ვაჭრობა, მით უმეტეს მაშნ,, როდესაც ტრანზაქციები გამარტივებულია და კრიპტოვალუტის გამოყენებაა შესაძლებელი. ასეთი კონტურები გამოჩნდა ბოლო წლებში, რადგან საუდის არაბეთი განიხილავს ჩინეთისგან ნავთობის სანაცვლოდ იუანის მიღებას, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ მიმდინარეობს და მისი განხორციელების შემთხვევაშიც, დოლარის ჩანაცვლება სრულად ვერ მოხერხდება. საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაზე ღიად განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს დოლარის გარდა ნავთობის სხვა ვალუტებში გაყიდვის შესაძლებლობებსაც. პროფესორმა დეივიდ ვაითმა აღნიშნა, რომ ნავთობის დოლარში გაყიდვა კი არ ხდის დოლარს გლობალური ვაჭრობის ლიდერად, დოლარის სიძლიერე არის მიზეზი რის გამოც ნავთობი დოლარში იყიდება. 

საუდის არაბეთის მიერ სხვა ვალუტების გამოყენებაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ ბოლო წლებში გაუარესებულ ვითარებას აშშ-სთან. კერძოდ, არაბულ ქვეყანას 4 მოთხოვნა აქვს: 1. ამერიკისგან მიიღოს უფრო აქტიური დახმარება თავდაცვის სფეროში; 2. გადაიდგას უფრო მტკიცე და ეფექტური ნაბიჯები ირანის შესაკავებლად; 3. პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად “ორი სახელმწიფოს” კონცეპტის აქტიური მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; 4. აშშ-მ თავი შეიკავოს საუდის არაბეთის კრიტიკისგან ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას, რისთვისაც მათ 2024 წელს შეადგინეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშშ ვალდებული იქნება საუდის არაბეთს გაუწიოს დახმარება თავდაცვის საკითხებში. ამერიკელი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელი გახდება საუდის არაბეთისა და ისრაელის დაახლოება და ახლო აღმოსავლეთში ახალი მეკავშირეობის შექმნა. “სტრატეგიული ალიანსის შეთანხმების” ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს და ბაიდენის ადმინისტრაციას მისი რატიფიკაციისათვის აშშ-ს სენატის ⅔-ის მხარდაჭერა დასჭირდება. ქვეყნებს შორის ასევე ბოლო ეტაპზეა შესული “თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებაზე” მოლაპარაკებები, რომლის ამოქმედებაც ამერიკის პრეზიდენტს კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე შეუძლია. სავარაუდოდ, ხელშეკრულებების გაფორმების და საუდის არაბეთისა და ისრაელის დაახლოების შედეგად, აშშ-სა და ამ არაბული სახელმწიფოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს იმის შანსს, რომ ნავთობით ვაჭრობაში დოლარის ჩანაცვლების საკითხი დღის წესრიგში დადგეს. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი მალხაზ ხაბაზი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორის” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საუდის არაბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist