ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული ანტიდასავლური ნარატივები, აქტორები და მადისკრედიტირებელი კამპანია ფეისბუქზე

;23 თებერვალს პოლიცია საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) სათაო ოფისში შეიჭრა და მისი ლიდერი, ნიკა მელია, დააკავა1. შეჭრისას, პოლიციამ მელიას მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებმაც პარტიის ოფისის შიგნიდან ბარიკადები აღმართეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მელიას დაკავებამ ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირების, ანალიტიკოსების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რიგი კრიტიკული განცხადებები გამოიწვია. მათ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს და ეს ქვეყანაში დემოკრატიის შესუსტებას დაუკავშირეს. დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს, კრემლისტური და ულტრანაციონალისტური აქტორების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვა. ამასთან, მმართველი ქართული ოცნების რამდენიმე წევრს დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ მათი კრიტიკის პასუხად მკაცრი შეფასებები ჰქონდათ. ეს ანგარიში აანალიზებს კვლევის პერიოდში გამოვლენილ ანტიდასავლურ გზავნილებს და წარმოადგენს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) კოლაბორაციულ კვლევას საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში.

მთავარი მიგნებები:

  • მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს მთავრობის წარმომადგენლების, ქართული ოცნების და მათი მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები განცხადებები მოჰყვა, რაც იმავე პერიოდში,  კრემლისტური და ანტი-ლიბერალური აქტორების განცხადებებთან გარკვეულწილად თანხვედრაში იყო.
  • სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სამი საკნვაძო ანტიდასავლური გზავნილი დომინირებდა: 
    • აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტერორიზმის მაგალითია და, მოგვიანებით, სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებები მოჰყვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებები ოპოზიციის დევნად მიიჩნევა;
    • მთავრობის დასავლელი კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს.
    • ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან;
  • ანტიდასავლური ნარატივები აისახა ფეისბუქზეც. კრემლისტურმა და პრო-სახელისუფლებო ანონიმურმა გვერდებმა „ორმაგი სტანდარტის“ გზავნილზე მოახდინეს კაპიტალიზაცია და მელიას დაკავება კაპიტოლიუმთან დაკავშირებულ მოვლენებს შეადარეს.
  • გარდა ანტიდასავლური ნარატივებისა, პრო-სახელისუფლებო და ქართული ოცნების მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა მელიას დაკავება „კანონის უზენაესობის“ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ დაცვის კონტექსტში წარმოაჩინეს.
  • მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, ანონიმური გვერდები და პირადი პროფილები, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ქართული ოცნების მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სულ მცირედით შეიცვალა — ის იმავე პერიოდში 3%-ით შემცირდა.
  • მართალია, ქართული ოცნების ინტერესებში მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, 16-28 თებერვალს, წინა ორ კვირასთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა მათი ინტერაქციების რაოდენობა.
  • ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირე მასშტაბის კამპანია შეინიშნებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი იყო ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტისკენ მოწოდება და პარტიის მხარდამჭერების მობილიზაციის მცდელობა.
  • ფეისბუქზე მოსაზრებების მობილიზაციაში, ანონიმური გვერდების გარდა, არაავთენტური/ყალბი ანგარიშებიც იყო ჩართული. ყალბი ანგარიშების მიერ დაწერილი კომენტარები ემთხვეოდა ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მოწინააღმდეგე გვერდების, ისევე, როგორც ქართული ოცნების წევრების და სხვა პრო-სახელისუფლებო აქტორების გზავნილებს.
  1. ანტიდასავლურ კამპანიებში ჩართული მთავარი აქტორები.

საქართველოს დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუკამ, რომელიც GIIP-ის ფარგლებში შეიქმნა, საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა ყველა იმ აქტორის იდენტიფიცირება, რომელმაც 16-28 თებერვლის პერიოდში შექმნა ან გაავრცელა ანტიდასავლური გზავნილები. ეკოსისტემის რუკიდან აღებულ გრაფიკზე, ლურჯი ფერი საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოცნების, მათთან ასოცირებული მედია საშუალებების, მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდების და ასოცირებული ექსპერტების აღმნიშვნელია. ვარდისფერი აღნიშნავს კრემლისტურ აქტორებს, მათ შორის ორგანიზაციებს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს. ბოლოს, მწვანე ფერით აღნიშნულია ანტი-ლიბერალური და ულტრა-ნაციონალისტური მედია საშუალებები, პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, ფეისბუქ გგვერდები და ინდივიდები.

გრაფიკი #1. მელიას დაკავების შესახებ ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელები აქტორების რუკა
;
როგორც გრაფიკზე ჩანს, ქართული ოცნების წევრები, ხელისუფლების მხარდამჭერი მედია არხები და ექსპერტები, ისევე როგორც კრემლისტური და ანტი-ლიბერალური, ულტრანაციონალისტური ჯგუფები, ჩართულნი იყვნენ აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური პირების და ექსპერტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. კრემლისტური აქტორებიდან, ტვ ობიექტივი და ონლაინ-მედია საშუალება „საქართველო და მსოფლიო“ ყველაზე მეტად იყვნენ ანტიდასავლურ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი.  ულტრანაციონალისტური, ანტი-ლიბერალური აქტორი მოიცავდა ალტ-ინფოს და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელს, რომელსაც მყარი კავშირები აქვს საქართველოში ოჯახთა მსოფლიო კონგრესის (WCF) წარმომადგენელ ლევან ვასაძესთან.

ობიექტივი ამჟამად კრემლისტური პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ 2010 წელს დაარსებული სამაუწყებლო ტელეარხია. შემოწირულობები არხის შემოსავლების 90%-ზე მეტს შეადგენს. ობიექტივი პარტნიორობს სპუტნიკ-საქართველოსთან. ტელეარხზე გადის რუსულენოვანი პროგრამა Неделя (კვირა), რომელიც სპუტნიკ-საქართველოს კორესპონდენტ ანა ანასტასიადის მიჰყავს. ობიექტივის წამყვანია არააქტიური კრემლისტური პარტია სოციალისტური/ნეიტრალური საქართველოს ლიდერი, ვალერი კვარაცხელიაც. 2020 წელს, ბონდო მძინარაშვილი, ობიექტივის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ცნობილი თავისი ანტიდასავლური და კრემლისტური სენტიმენტებით, ქართული ოცნების დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს. ზვიად ავალიანი, ობიექტივის პროგრამების დირექტორი, ამავდროულად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაარსებული პლატფორმა Mediacritic.ge-ს თანაავტორია.

ობიექტივს ქსენოფობიური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვს, რომელიც პირდაპირ მიჰყვება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დღის წესრიგს. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის მიხედვით, სახელწოდებით „2019: სიძულვილის ენა“, ობიექტივი ყველაზე მეტ სიძულვილის ენის შემცველ და თურქოფობიულ განცხადებებს ავრცელებს. მაგალითად, არხის ერთ-ერთმა წამყვანმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს სამ რეგიონზე პრეტენზიას აცხადებს. ობიექტივი ასევე ავრცელებს შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ კოვიდ-19 ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, საქართველო კი საექსპერიმენტო პოლიგონია ვაქცინებისთვის. არხის კიდევ ერთი ცნობილი ნარატივი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სკრიპალთა მოწამვლას მათი მომჯობინების გამო.


საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge) შპს ისტორიული მემკვიდრეობის მიერ 2009 წელს დაარსებული ბეჭდური გაზეთი და ონლაინ მედია საშუალებაა. ისტორიული მემკვიდრეობის ხელმძღვანელი ტარას გაგნიძეა. ორგანიზაციის საზოგადოებრივი საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი ალექსანდრე ჭაჭიაა. 2014 წელს, ვლადიმერ პუტინმა ჭაჭია „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაში, აგრეთვე სამეცნიერო და კულტურული კავშირების გამტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილის“ გამო დააჯილდოვა. 2008 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, პირადად მიესალმა საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის დაარსებას.

საქართველო და მსოფლიოს მტკიცე კავშირები აქვს ევრაზიულ ინსტიტუტთან, ნიუს ფრონტ საქართველოსთან და რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოში. ევრაზიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და საქართველო და მსოფლიოს თანაავტორი კონსტანტინე ჩიკვილაძე ერთობლივად მართავენ ფეისბუქ ჯგუფს, რომელიც ძირითადად ნიუს ფრონტ საქართველოს მასალების გასავრცელებლად გამოიყენება.

ნიუს ფრონტ საქართველო, თავის მხრივ, დაკავშირებულია მემარცხენე და ანტიდასავლურ ფეისბუქ გვერდ პოლიტიკანოსთან, რომელიც, მელიას დაკავების შემდგომ, ჩართული იყო ანტიამერიკულ კამპანიაში. პოლიტიკანო პარტნიორობს ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც გორჩაკოვის სახელობის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის დაარსებულია.


საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი არის ლევან ვასაძე, ბიზნესმენი და ოჯახთა მსოფლიო კონგრესის (WCF) წარმომადგენელი საქართველოში. ლევან ვასაძე ადგილობრივი კონსერვატიული და რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგია — მათ შორისაა ალტ-ინფო, ქართული მარშის და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ დაარსებული ანტი-ლიბერალური არხი.

  1. საკვანძო ანტიდასავლური ნარატივები

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გააანალიზა მთავარი დეზინფორმაციული და ანტიდასავლური გზავნილები. ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჩვენებს მმართველი პარტია ქართლი ოცნების წევრების, ხელისუფლების მხარდამჭერების, აგრეთვე კრემლისტური და ულტრანაციონალისტური აქტორების მიერ განცხადებებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ საკვანძო სიტყვებს2.

Image removed.

MDF-ის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ მელიას დაკავების კონტექსტში ხელისუფლების და ქართული ოცნების წარმომადგენლების, მათი მხარდამჭერების, ასევე კრემლისტური და ანტი-ლიბერალური ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილები მეტწილად ემთხვეოდა ერთმანეთს.

  • აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა ტერორიზმის მაგალითია, ხოლო საქართველოში ეს აღიქმება, როგორც ოპოზიციის დევნა.

როგორც ეს გრაფიკზე ჩანს, ადგილობრივმა აქტორებმა აშშ-დან წამოსულ კრიტიკულ რეაქციებს ძირითადად ამ უკანასკნელის ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულების რიტორიკით უპასუხა. ამ კონტექსტში, აქტორები იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „შეჭრა/თავდასხმა“ (35-ჯერ), „ტერორიზმი“ (8-ჯერ) და „ორმაგი სტანდარტები“ (5-ჯერ). აშშ-ის კონგრესმენ ადამ კინსინგერის განცხადების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ, აღნიშნა, რომ მელიამ იმაზე გაცილებით უარესი რამ ჩაიდინა, ვიდრე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის იმპიჩმენტსაც, აშშ-ის კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების გამო, კინსინგერმა მხარი დაუჭირა. იგივე გზავნილი გაავრცელეს მმართველი პარტიის სხვა წევრებმა, მათმა მხარდამჭერებმა და კრემლისტურმა აქტორებმა რომლებიც ხაზს უსვამდნენ აშშ-ის ორმაგ სტანდარტებს და კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობას.

  • რეაქციები ლიეტუველი პარლამენტარისა და ელჩის განცხადებებზე.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის, საქართველოში ვიზიტმა ასევე დაიმსახურა ყურადღება. მის გაფრთხილებას, რომ საქართველო შეიძლებოდა „ბელარუსად ქცეულიყო“, მოჰყვა მადისკრედიტირებელი კამპანია მის და საქართველოში ლიეტუვის ელჩის წინააღმდეგ. როგორც ეს Flourish-ის გრაფიკზე ჩანს, კამპანიაში ჩართულმა აქტორებმა ტერმინები „პავილიონისი“ და „ლიეტუვა“, შესაბამისად, 22-ჯერ და 28-ჯერ გამოიყენეს. MDF-ის მედია მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო აქტორების გარდა, ლიეტუველი პარლამენტარი კრემლისტური და ანტი-ლიბერალური აქტორების სამიზნეც გახდა. ამ კამპანიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ნარატივი:

  1. პავილიონისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლობისტია;
  2. პავილიონისის განცხადებები მიკერძოებულია;
  3. პავილიონისი საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერია.

კრემლისტური აქტორები უფრო შორსაც წავიდნენ. ბონდო მძინარაშვილმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა და ტვ ობიექტივის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, რომელიც ასოცირებულია კრემლისტურ პოლიტიკურ პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან, პავილიონისის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. შოთა აფხაიძე, ნიუს ფრონტ საქართველოს ყოფილი რედაქტორი, ლიეტუვის ელჩ ანდრიუს კალინდრას პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას და მის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდა.

  • ხელისუფლების კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი ამ კამპანიაში უკავშირებდა დასავლელ პარტნიორებს ენმ-ს და მათ განცხადებებს აფასებდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. მაგალითად, ირაკლი ზარქუამ, მმართველი პარტიის წევრმა, განაცხადა, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კადრების დირექტორი კრის სოჰა, რომელმაც ივანიშვილზე სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა, ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან მიკერძოებულია, ანდაც, შესაძლოა, ენმ-ის ლობისტი. ვალერი კვარაცხელიამ, კრემლისტური ტვ ობიექტივის წამყვანმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მართავს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და აკონტროლებს ოპოზიციურ პარტიებს, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ხელისუფლების მხარდამჭერმა ერთ-ეთმა ადვოკატმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის კრიტიკა უდრის ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით საქართველოში გადატრიალების მოწყობას.

  1. კამპანია ფეისბუქზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიხედვით, ანონიმური საინფორმაციო კამპანია სოციალურ მედიაში 23 თებერვალს, ანუ იმ დღეს, როდესაც პოლიცია ენმ-ის ოფისში შეიჭრა და ოპოზიციის ლიდერი დააკავა, უფრო ინტენსიური გახდა. საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, გვერდები და პირადი პროფილები, საგრძნობლად გააქტიურდა. ანონიმური და ორგანიზებული ფეისბუქ გვერდების საინფორმაციო კამპანია მიზნად 23-24 თებერვლის მოვლენების გარშემო საზოგადოების პოლარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავდა.

პოლიტიკურად მოტივირებულმა, ორგანიზებულმა, მადისკრედიტირებელმა და მხარდამჭერმა 78-მა გვერდმა 16-28 თებერვლის პერიოდში სულ 2,190 პოსტი გამოაქვეყნა. ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. თუმცა, მხარდამჭერი ჯგუფების აქტივობები განსხვავდებოდა. კერძოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდებმა ორჯერ მეტ პოსტი გამოაქვეყნა, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა.
;
;
16-28 თებერვალსა და მანამდე ორი კვირის განმავლობაში ოპოზიციის ინტერესებში მოქმედი მადისკრედიტირებელი და მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობის შედარება ცხადყოფს, რომ ნიკა მელიას დაკავება, სავარაუდოდ, ამ გვერდების გაზრდილი აქტივობის მიზეზია. კერძოდ, ქართული ოცნების მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და ქართული ოცნების მხარდამჭერ გვერდებზე პოსტების რაოდენობა მხოლოდ მცირედით, 3%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ კვირასთან შედარებით აქტივობა საგრძნობლად არ გაზრდილა, წინა ორი კვირის პერიოდში ეს გვერდები ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებთან შედარებით ორჯერ მეტი რაოდენობის პოსტებს აქვეყნებდნენ. 

;
საინტერესოა, რომ ქართული ოცნების ინტერესებში მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა 16-28 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქცია 33%-ით მეტი იყო წინა ორ კვირაში გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქციების რაოდენობასთან შედარებით. ოპოზიციის ინტერესებში მოქმედი გვერდების შემთხვევაში, ასევე წინა ორ კვირასთან შედარებით, 16-28 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობის 30%-იან ზრდას ინტერაქციების მხოლოდ 15%-იანი ზრდა მოჰყვა. პოსტების ინტერაქციას ფეისბუქი განმარტავს, როგორც პოსტის რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამს.

;
ISFED-მა გამოააშკარავა ექვსი საკვანძო გზავნილი ფეისბუქზე ნიკა მელიას დაკავების შესახებ, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერმა, ანტი-ოპოზიციურმა, პრო-ოპოზიციურმა და გამყოფი ნარატივის გამტარებელმა გვერდებმა3 გამოაქვეყნეს. ინტერაქტიული რუკა შემდეგნაირადაა სტრუქტურირებული — ნარინჯისფერი წერტილები აღნიშნავს ექვს მთავარ გზავნილს; ყვითელი ფერით მონიშნულია გვერდები, ხოლო ლურჯი ფერი უშუალოდ პოსტებს წარმოადგენს.

Image removed.

როგორც რუკაზე ჩანს, ანტიდასავლური ნარატივები, განსაკუთრებით კი გზავნილი აშშ-ის ორმაგი სტანდარტების და კაპიტოლიუმში შეჭრის შესახებ, ასევე დაფიქსირდა ფეისბუქზე და მეტწილად ვრცელდებოდა კრემლისტური გვერდებისა და კრემლისტური ონლაინ მედია გამოცემების ფეისბუქ გვერდების მიერ. ქართული ოცნების მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდებმა აზრის მობილიზება მელიას დაკავების საკითხზე „კანონის უზენაესობის“ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ ნარატივის გარშემო მოახდინა. ანტი-ოპოზიციურმა გვერდებმა მასხრად აიგდეს მელიას ადრინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიცია მას ვერ დაიჭერდა და მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიმები შექმნეს. მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ დაანონსდა. შემდგომში, ის პარლამენტის წინ გადაიტანეს. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები, ტრადიციულად, პროტესტის მონაწილეების დაბალ რიცხვზე ამახვილებდნენ ირონიულად ყურადღებას.
;;;
ქართული ოცნების ღიად მხარდამჭერმა გვერდებმა აქტიურად გაავრცელეს გზავნილი იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას დაკავებამ მშვიდობიანად ჩაიარა. გარდა ამისა, გვერდმა „ლიდერი 41“, რომელსაც 38,453 გამომწერი ჰყავს, დაპოსტა, რომ პოლიციას არ გამოუყენებია ცრემლსადენი გაზი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გავრცელებული განცხადებები იმის შესახებ, რომ დაშავდნენ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გვერდებმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები, ლიდერი 41 და ბიძინა ივანიშვილი და მედია მოახდინეს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების ციტირება იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურებოდა ნიკა მელიას დაკავება კანონის უზენაესობის პატივისცემას.
;;
;;
რიგმა ანონიმურმა მადისკრედიტირებელმა გვერდებმა 23 თებერვლის მოვლენების შესახებ პოსტები დაასპონსორეს კიდეც. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, პოსტები მხოლოდ ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა გვერდებმა დაასპონსორეს. თითოეული რეკლამა 100 დოლარზე ნაკლებით დასპონსორდა. ამ გვერდებიდან, ყველაზე აქტიური იყო ნაცები, შმაცები და შმაცუნები – მისი დასპონსორებული პოსტები მიზნად ოპოზიციის დაცინვას ისახავდა. გვერდის რეკლამების დეკლარაციაში რეკლამების გადამხდელ პირად გიორგი კვარაცხელიაა მითითებული – ის ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდის რეკლამათა დეკლარაციაში ფიგურირებს.
;;;;;;
პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირემასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობდა. პრო-ოპოზიციური გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტებს აანონსებდა და პარტიის მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდა. გამოქვეყნდა ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი და ოპოზიციის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი, მაგრამ ისინი ორგანიზებული კამპანიის ნიშნებს არ შეიცავდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს პრიმაკოვის ცენტრთან და ნიუს ფრონტ საქართველოსთან დაკავშირებული ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი ფეისბუქ-გვერდი პოლიტიკანო, რომელიც ჩართულია ღირებულებებზე დაფუძნებული გამყოფი ნარატივების გავრცელებაში. გვერდმა ასევე დაასპონსორა პოსტი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინსინგერის და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის წინააღმდეგ, რაც ნიკა მელიას დაკავების მათეულ შეფასებას უკავშირდებოდა. 
;
კამპანიაში ჩართული არაავთენტური ანგარიშები.

ISFED-ის მიერ გაანალიზებული პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური გვერდების გარდა, MDF-მა ასევე გამოააშკარავა 41 არაავთენტური ანგარიში, რომელთა კომენტარებიც ემთხვეოდა ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართული სხვა აქტორების მიერ გავრცელებულ გზავნილებს. ამ ანგარიშებიდან ზოგიერთი თავისი იდენტობის დამალვას ცდილობს, დანარჩენები კი სხვა მომხმარებლებისგან მოპარულ ფოტოებს იყენებენ.

MDF-ის მიხედვით, რამდენიმე პრო-სახელისუფლებო ტროლმა ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილები გაავრცელა. ტროლების მეორე ჯგუფმა, წარსული მოვლენების გახსენებით, ოპოზიციის დისკრედიტაცია სცადა. მესამე ჯგუფის სამიზნე აშშ იყო – ისინი იხსენებდნენ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას, ადარებდნენ მას საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობას და მიანიშნებდნენ ორმაგ სტანდარტებზე. ისინი ასევე აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ აშშ-ს არ აქვს დემოკრატიაზე საუბრის მორალური უფლება.


დასკვნა

ნიკა მელიას დაკავება და დასავლელი პარტნიორების შეფასებამ საქართველოში ანტიდასავლური გზავნილები გაახშირა. საინტერესოა, რომ მთავრობის კრიტიკის პასუხად, ქართული ოცნების წევრებმა ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართეს და დასავლელი პარტნიორები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. არაა გასაკვირი, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე კრემლისტურმა და ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა მოახდინეს კაპიტალიზაცია, რითაც ამ ორ ჯგუფს შორის გზავნილებისა და სამიზნეების კუთხით თანხვედრა შეინიშნებოდა. ამ ჯგუფებმა გამოიყენეს კრიზისი აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასასხმელად, რათ გაეძლიერებინათ ძველი ანტიდასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და ბრუსელი საქართველოში პროცესებს წარმართავს.

მელიას დაკავების შემდეგ, გააქტიურდნენ როგორც ხელისუფლების და ქართული ოცნების მხარდამჭერი, ასევე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები. წარსულ გამოცდილებასა და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით, პოლიტიკურად მოტივირებული ანონიმური გვერდები აქტიურდებიან ხელისუფლებისთვის კრიტიკული მოვლენების დროს და ახდენენ სოციალურ მედიაში მოსაზრებების მობილიზებას ქართული ოცნებისა და ხელისუფლების დღის წესრიგის შესაბამისად. დასავლელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი შეფასებების ფონზე, პრო-სახელისუფლებო და ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდებმა სცადეს მელიას დაკავების და მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრის გამართლება გზავნილით კანონის უზენაესობის შესახებ. ანონიმური პრო-ოპოზიციური გვერდები ასევე გააქტიურდა, მაგრამ მათი პოსტების რაოდენობა პრო-სახელისუფლებო გვერდებთან შედარებით ნაკლები იყო, ხოლო მათ მადისკრედიტირებელ პოსტებს არ გააჩნდათ კოორდინირებული ხასიათი, განსხვავებით პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური გვერდებისგან.


მეთოდოლოგია

საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამა (GIIP) მიზნად ისახავს საქართველოში ინფორმაციის სანდოობის გაუმჯობესებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად, GIIP თანამშრომლობს რიგ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის კოლაბორაციული კვლევებითა და საქართველოში დეზინფორმაციის ეკოსისტემის თანმიმდევრული და ერთიანი გააზრებით. 

ამ საქმიანობის ფარგლებში, GIIP-მ გამოამჟღავნა საქართველოში იმ დეზინფორმაციის და ანტიდასავლური ნარატივების მასშტაბი და არსი, რომელიც 23 თებერვალს ოპოზიციის მთავარი ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას და აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებებს მოჰყვა. წინამდებარე ანგარიში ქსელის პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პირველი ანალიზია. ანგარიში ეყრდნობა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებულ მედიის და სოციალური მედიის მონიტორინგს.

მელიას შემთხვევასთან დაკავშირებული ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაში ჩართულ აქტორებს შორის კავშირების იდენტიფიცირებისთვის ჩვენ გამოვიყენეთ Visallo, კავშირების ანალიზის პროგრამა. MDF-ის მედია მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ პროგრამირების ენა, პითონი, რათა განცხადებებიდან გამოგვემჟღავნებინა უმთავრესი საკვანძო სიტყვები, რომლებმაც საშუალება მოგვცა, საკვანძო ანტიდასავლური გზავნილები გაგვეანალიზებინა. ISFED-მა დამატებით გადაამოწმა ნარატივები მედიასა და სოციალურ მედიაში Crowdtangle-ის მეშვეობით, რომელიც ფეისბუქის მფლობელობაში არსებული სოციალური მედიის მონიტორინგის პლატფორმაა, და მოახდინა იმის იდენტიფიცირება, თუ როგორ ახდენდნენ პრო-სახელისუფლებო, ანტი-ოპოზიციური და ოპოზიციური ფეისბუქ გვერდები მოსაზრებების მობილიზებას ფეისბუქზე.

მონიტორინგი მოიცავს 16 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდს:

  • 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა და პროკურატურას მისი დაკავების მოთხოვნის საშუალება მისცა.
  • 28 თებერვალს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ესტუმრა საქართველოს და წამოიწყო პოლიტიკური დიალოგი, რომელმაც შეამცირა ტრადიციულ თუ სოციალურ მედიაში არსებული მკაცრი რიტორიკა და მადისკრედიტირებელი გზავნილების მასშტაბი.

ვიზუალიზაციისთვის, ჩვენ გამოვიყენეთ Gephi, ვიზუალიზაციისა და მოკვლევის პროგრამა ქსელის ანალიზისთვის და Flourish, ონლაინ ხელსაწყო მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის. 


2019 წლის ივნისში, საქართველოში, ქალაქ თბილისში სერგეი გავრილოვის, რუსი კომუნისტი დეპუტატის, ვიზიტს და საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას ანტი-სახელისუფლებო და ანტი-საოკუპაციო პროტესტები მოჰყვა. 20-21 ივნისის ღამეს, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა პროტესტის დასაშლელად, მათ შორის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შესაბამისმა უწყებებმა პროტესტის მონაწილეებისა და ნიკა მელიას, ენმ-ის ლიდერის, წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი გამოძიება წამოიწყეს. 2021 წლის 16 თებერვალს, 88 ხმით ორის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას მეორედ მოუხსნა იმუნიტეტი, რითაც პროკურატურას მისი დაკავების საშუალება მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ, 23 თებერვალს, პოლიცია ენმ-ის ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო (watchdog) ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და Amnesty International-მა, მელიას დაკავება „კანონის უზენაესობის უპატივცემულობად“ და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასეს.

 საკვანძო სიტყვების ინტერაქტიული გრაფიკი ხელმისაწვდომია აქ: https://public.flourish.studio/visualisation/5507801/

3   ISFED-ის განმარტების მიხედვით, გამყოფი ნარატივის გამტარებელი გვერდები აერთიანებს ნაციონალისტური, ანტი-ლიბერალური, ქსენოფობიური და ანტიდასავლური იდეოლოგიის გამტარებელ გვერდებს.

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში იქნა გაწეული. GIIP-ის ახორციელებს Zinc Network-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრებები, შესაძლოა, არემთხვეოდეს USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს. 

მედიის განვითარების ფონდის მონაცემების შეგროვება შესაძლებელი გახდა USAID-ის მხარდაჭერილი PITA-ს პროგრამის ფარგლებში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგი ჩატარდა USAID-ის მხარდაჭერილი აღმოსავლეთ-დასავლეთ მეართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროგრამის ფარგლებში. 

მიმაგრებული ფაილები: