რა არის HALAL საკვები და შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს მისი მიღება?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

136
VIEWS

2024 წლის 29-30 იანვარს იღუმენია ქეთევანმა და Facebook გვერდმა “დიდ ხარ შენ უფალო” გაავრცელეს პოსტი, რომელიც ქრისტიანებს მოუწოდებდა ისლამური წესით დამზადებული საკვები ე. წ. ჰალალი არ მიეღოთ, რადგან აღნიშნულ საკვებს მათი სულისა და ხორცისათვის შეუთავსებელი თვისებები აქვს.

halali sakvebi1 რა არის HALAL საკვები და შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს მისი მიღება?

გავრცელებული პოსტი და მოწოდება, რომ ქრისტიანებმა ჰალალი საკვები არ უნდა მიიღონ, მანიპულაციურია და ქრისტიანულ სწავლებასთან თანხვედრაში არ მოდის. ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტიანობა, იუდაიზმისა და ისლამისგან განსხვავებით, საკვებ შეზღუდვებს არ აწესებს. “მითების დეტექტორი” აღნიშნულ თემაზე სასულიერო პირებსა და თეოლოგებსაც ესაუბრა.

  • რა არის ჰალალი?

ჰალალი არაბული სიტყვაა და დაშვებულს ნიშნავს. კვების შემთხვევაში ის გამოიყენება იმ პროდუქტებზე, რომლებიც ან საერთოდ არ არის აკრძალული (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სხვა) ან რომლებიც აკრძალულია იმ შემთხვევაში თუ ისლამური წესით არ არის დამუშავებული (ძირითადად ხორცის და ხორცის შემცველ პროდუქტები). ჰალალის პრაქტიკა ყურანიდან მომდინარეობს და მოიცავს, როგორც ცხოველის დაკვლის ფორმებს, ასევე დაკვლის წინ საჭირო ლოცვის წესებს, ასევე იმას, თუ რომელი ცხოველია ზოგადად დაშვებული და აკრძალული საკვებად. მაგ. ისლამური წესის მიხედვით სრულიად აკრძალულია ღორის ხორცის საკვებად მიღება, ასევე აკრძალულია ვირი, ხორცისმჭამელი ცხოველები და ა. შ. ამავე წესის მიხედვით დაშვებულია ქათმისა და საქონლის ხორცი, თუმცა იმისათვის რომ აღნიშნული საკვები ჰალალი იყოს, არსებობს დაკვლის სპეციალური წესებიც. 

როგორც ყურანში ვკითხულობთ, ცხოველის დაკვლისას საჭიროა ღმერთის სახელის ხსენება, რათა ხორცი დაშვებული იყოს.

ყურანი (6:121): “და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული! უეჭველად, იგი ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა. და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ. და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!”

ასევე, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია დაკვლის ფორმებიც, კერძოდ, ცხოველი მოკლული უნდა იყოს საუღლე ვენის, სასულის ან საძილე არტერიის გადაჭრით. დაკვლის პროცესისას ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი და მოკვლის შემდეგ სრულიად უნდა დაიცალოს სისხლისგან

ყურანი (6:145): “უთხარი შენ: ვერ ვპოულობ რაც მე მეუწყა იმაში აკრძალულს საჭმელებიდან, გარდა ლეშისა, ან დანთხეული სისხლი, ან ღორის ხორცისა, უეჭველად, იგი სიმურდლეა ან სიბილწე, რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა; მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე, არა ზღვარგადასულობითა და არა მოძალადეობით. უეჭველად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.

ჰალალის პრაქტიკის მიხედვით, საკვები არანაირ თვისებას არ იძენს, როგორც ეს პოსტში იყო ნახსენები, არამედ აღნიშნული წესი საკვების უსაფრთხოებას განკარგავს. მსგავს წესებს ვხვდებით სხვადასხვა რელიგიაშიც. მაგ. იუდაიზმში არსებობს ე. წ. კოშერი (კაშერი) საკვები, რომელიც ბიბლიურ, ძველი აღთქმის წესებს ეფუძნება. კოშერულ კვებაში ასევე აკრძალულია ღორის ხორცი, ამასთანავე დაუშვებელია ხორცისა და რძის პროდუქტების შერევა.

  • ეკრძალება თუ არა ქრისტიანებს ჰალალი პროდუქტი?

მიუხედავად იმისა, რომ ძველ აღთქმაში საკვების შეზღუდვებს ნამდვილად ვხვდებით, კერძოდ კი კოშერის კვებას, ახალი აღთქმა საკვებზე სპეციალურ შეზღუდვებს არ აწესებს, შესაბამისად ქრისტიანებს, მუსლიმებისა და იუდეველების მსგავსად, დიეტური შეზღუდვები არ აქვთ.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ვინაიდან და რადგანაც ძველი აღთქმის ბევრი კანონი მესიის მოვლინებასთან იყო დაკავშირებული, ქრისტეს მოვლინებით და მისი ჯვარზე გაკვრით აღნიშნულ კანონებს ძალა დაეკარგა, ქრისტემ ხალხი გამოიხსნა “ცოდვისა და ეშმაკის მონებისაგან და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა”. მაგალითად, თუ ძველი აღთქმის მიხედვით მსხვერპლშეწირვა ცოდვებისთვის აუცილებელი იყო, ახალ აღთქმაში ეს წესი გაუქმდა, რადგან ქრისტე იყო ბოლო სისხლიანი მსხვერპლი. 

რომაელთა 10:4: “რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.”

გალატელთა 3:23-24: “რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.”

ებრაელთა 10:18: “ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.”

ასევე გაუქმდა კანონები წინადაცვეთისა და დიეტური შეზღუდვების შესახებ (კოშერი). პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით, სულის ხსნა დამოკიდებული იყო ღვთის წყალობასა და მადლზე და არა რიტუალებსა და დამსახურებებზე.

ეფესელთა 2:8-9: “და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა”.

პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ასევე საუბრობს უშუალოდ საკვების შესახებ და ამბობს, რომ საჭმელი ღმერთთან არ გვაახლოებს და რაიმე კონკრეტულის ჭამით ან უჭმელობით ადამიანს არც არაფერი ემატება და არც აკლდება.

კორინთელთა 8:7-8: “მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.”

დიეტურ შეზღუდვებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია მოციქულთა საქმენი, კერძოდ თავი მე-10, რომელშიც მოციქული პეტრე უარს ამბობს შეჭამოს რაიმე ბილწი და უწმინდური, ღმერთი კი მას ეუბნება, რომ რაც ღმერთმა შექმნა და წმიდა-ყო, მან არ მიიჩნიოს უწმინდურად. 

მოციქულთა საქმენი 10:11-15: “და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას.  მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.”

მღვდელმონაზონმა ლეონიდე ებრაელიძემ მითების დეტექტორთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული ამბავი პეტრეს შესახებ შეიძლება გამოყენებული იყოს იმის ერთ-ერთ არგუმენტად, რომ ქრისტიანები არ არიან ვალდებული ძველი აღთქმის დიეტურ წესებს მიყვნენ.

ლეონიდე ებრალიძე: “ეს ამბავი, რაც ხილვაშია მოთხრობილი, პირდაპირ აუქმებს რჯულის იმ გასტრონომიულ წესებს, რომლის დაცვაც სავალდებულო იყო ძველ აღთქმაში და რომელსაც დღემდე მკაცრად იცავენ იუდეველები: საუბარი გვაქვს ცოცხალი ორგანიზმების დაყოფაზე “წმინდად” – ანუ საკვებად ვარგისად და “უწმინდურად” ანუ საკვებად უვარგისად.  პეტრე მოციქულის ხილვაში ცალსახაა რომ აღარ არსებობს უწმონდირი საკვები. ამ ხილვის საღვთისმეტყველო შინაარსი პირდაპირ კავშირშია შესაქმესთან: იხილა ღმერთმა მის მიერ შექმნილი სამყარო და თქვა რომ კარგია.  სამყაროში რაც მატერიალურად არსებობს თავისთავად ყველაფერი კარგია, მაგრამ ადამის ცოდვით დაცემამ ეს “სიკარგის”, “სიმშვენიერის” აღქმა დაუკარგა კაცობრიობას. ახალი ადამის, ანუ იესო ქრისტეს მოსვლით კი ის პირველი, შესაქმისეული “სიკარგე” სამყაროსი კვლავ დაბრუნდა, როგორც შესაძლებლობა.”

ამავეს ადასტურებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მითების დეტექტორთან საუბარში. 

ბექა მინდიაშვილი: “ქრისტიანული არგუმენტების წყება ეფუძნება პავლე მოციქულს, რომლის მიხედვითაც ქრისტეს მოსვლით რჯული აღსრულდა და ადამიანი ახალ საფეხურზე ავიდა. ადამიანისთვის მნიშვნელოვანი გახდა სულიერი გამთლიანება და არა გარეგნული აკრძალვები. პავლე მოციქული გვთავაზობს არგუმენტს, რომ სულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას შეჭამ. ამოსავალი წერტილი ის კი არ არის თუ რას შეჭამ, არამედ ის მოყვასს აცდუნებს თუ არა შენი კონკრეტული საქციელი.”

მსგავსი შინაარსის ტექსტს ვხვდებით პავლე მოციქულის 1 ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ.

პირველი ტიმოთეს მიმართ 4:2-4:  “ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით.”

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist