ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი წყაროა. რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 – საქართველოში მცხოვრებ ამერიკეულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა.
სილვერმანი ამჟამად პორტალ Veterans Today-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელია, გამოცემა კი რუსეთთან არის დაკავშირებული. 2013 წელს Veterans Today-მ თანამშრომლობა დაიწყო რუსულ გეოპოლიტიკურ ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” (Новое восточное обозрение). ჟურნალს კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი გამოსცემს. ერთი მხრივ Veterans Today ჟურნალის მასალებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, მეორე მხრივ კი Veterans Today-ს მთავარი რედაქტორი ჯიმ დინი ჟურნალისთვის სტატიებს წერს ისეთი სათაურებით, როგორიცაა “უკრაინის კუ კლუქს კლანი – NATO-ს ახალი მოკავშირე”, “დასავლური გადატრიალება უკრაინაში და მიმდინარე უბედურება” და სხვა. Veterans Today-ს რედაქტორმა და რუსული გეოპოლიტიკური ჟურნალის ავტორმა ამ ორ გამოცემას შორის თანამშრომლობას “ზეცაში გადაწყვეტილი ქორწინება” უწოდა.
ჟურნალის ვებ-გვერდზე ლუგარის ლაბორატორიასა და მის წინააღმდეგ არსებულ კონსპირაციებზე არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული, რომლებშიც მთავარი რესპონდენტი კვლავ ჯეფრი სილვერმანია.
Veterans Today თავის სტატიებში ხშირად იმოწმებს წყაროდ “Strategic Culture Foundation” (სტრატეგიული კულტურის ფონდი). ფონდის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე ფონდის, დამფუძნებლების ან საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის. არსებობს კიდევ ერთი რუსულენოვანი საიტი fondsk.ru – Фонд стратегической культуры, რომელზეც ორგანიზაციის ლოგო და მასში გამოყენებული შრიფტის დიზაინი ინგლისურენოვანი ფონდის საიტზე გამოყენებული ლოგოს იდენტურია. ეს მსგავსება ამ ორი ორგანიზაციის იდენტურობის აღქმას ტოვებს.
“სტრატეგიული კულტურის ფონდი” მოსკოვშია ბაზირებული და მას მოსკოვის კომუნისტური პარტიის ყოფილი მეთაური და საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი იური პროკოფიევი ხელმძღვანელობს, მთავარი რედაქტორი კი ვლადიმირ მაქსიმენკოა, რომელიც ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელია.
ამას გარდა, Veterans Today-ზე ხშირად ვხვდებით პორტალ South Front-ის მასალებსაც. პორტალი რუსეთიდან იმართება და კრემლის დღის წესრიგის გამხმოვანებელია. “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში South Front-ი CNN-სა და BBC-ის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უწოდებს, რომლებიც მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით და ფიქტიური მტრის ყალბ სახეს ქმნიან. South Front-ის მიხედვით, ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინაა. გამოცემა 2014 წლის მაიდნის მოვლენებში მონაწილე ადამიანებს “შეცდომაში შეყვანილ ხალხს” უწოდებს, რომლებიც “გამოვიდნენ ქუჩაში, ჭამეს დეზინფორმაცია და ყალბი დაპირებები და გაანადგურეს ერის სტაბილური ინსტიტუტები.”
2012 წელს Veterans Today-ს ხელმძღვანელმა გორდონ დაფმა აუდიო ინტერვიუში განაცხადა, რომ Veterans Today-ზე გამოქვეყნებული მასალების 30% აშკარა ტყუილია. ინტერვიუს ჩანაწერი არქივირებისა და საარქივო მასალების ონლაინ ბაზამ archive.org-მა შეინახა.
გორდონ დაფი, Veterans Today-ს ხელმძღვანელი: “Veterans Today-ზე დაწერილი მასალების დაახლოებით 30% აშკარა ტყუილია. მე რასაც ვწერ, იმის 40% მაინც, მიზანმიმართულად, ნაწილობრივ ცრუა. მე რომ ცრუი ინფორმაცია არ ვწერო, ვერ ვიცოცხლებდი. მე უბრალოდ უნდა ვაკეთო ეს. მე ვწერ… ნებისმიერ რამეს, რასაც ვწერ, ვწერ სტრიქონებს შორის.”
ამერიკული ირიდიული საკონსულტაციო ორგანიზაციის Southern Poverty Law Center-ს ინფორმაციით, Veterans Today ანტი-სემიტური გამოცემაა და ანტი-ისრაელურ დღის წესრიგს ავითარებს. საიტზე ასევე ვხვდებით სხვადასხვა კონსპირაციებს, თითქოს 9/11-ის უკან ამერიკა იდგა, აშშ ისრაელის მარიონეტია და რომ ჰოლოკოსტი რეალურად არ მომხდარა და ის ებრაელების მიერ გამოგონილი ამბავია არა-ებრაელების მანიპულაციის მიზნით. ამერიკული პოლიტიკული ჟურნალის Politico Magazine-ის მიხედვით, Veterans Today-ს მეშვეობით კრემლი ამერიკელ სამხედროებსა და ვეტერანებს იღებს სამიზნეში.
ჯეფრი სილვერმანი საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან ინტერვიუში სილვერმანი აღნიშნავს, რომ 2004 წელს მას აშშ-ის მოქალაქეობა ჩამოართვეს. რუსულ გეოპოლიტიკურ ჟურნალთან “ახალი აღმოსავლური მიმოხილვა” კი სილვერმანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეობის დაბრუნება მან მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეძლო.