ფეისბუკ გვერდი Sakartvelo Today News 2023 წლის 11 თბერვალს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელი Marketing Hawk იყო. გვერდის გამჭვირვალობის სექციაში მითითებულია, რომ გვერდს სამი ადამიანი – ორი უკრაინიდან, ერთი კი აშშ-დან მართავს.
აღსანიშნავია, რომ რეკლამების ბიბლიოთეკაში გვერდის მიერ 2023 წლის ივლისში სამი დასპონსორებული პოსტი გვხვდება. ორი მათგანი 15 ივლისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებული – ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეეხება. პოსტში ნათქვამია, რომ დღესასწაული მიზნად ისახავს, შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს განვითარებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში დავეხმაროთ. თავად სტატიაში კი მოთხრობილია რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობის შესახებ. სტატიის მიხედვით, ქართველი აბიტურიენტებისთვის რუსეთში 200 ადგილია გამოყოფილი, როგორც ფასიან, ასევე უფასო განყოფილებებზე.
ვებსაიტი sakartvelo-today.org, რომელზედაც სხვადასხვა სტატია ქვეყნდება, რამდენიმე განყოფილებას მოიცავს: კულტურა, საზოგადოება, ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკა, მეცნიერება და განათლება, სპორტი, ანალიტიკა. აღსანიშნავია, რომ ვებ-საიტზე “ჩვენ შესახებ” განყოფილება არ არის მითითებული და ინფორმაცია გამოცემის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. Who is Lookup-ის მონაცემების მიხედვით, ვებსაიტი sakartvelo-today.org 2023 წლის აპრილში შეიქმნა და მისი IP მისამართი ნიდერლანებდში, კერძოდ კი ამსტერდამში მდებარეობს.
ტექსტები ხშირ შემთხვევაში ენობრივად გაუმართავია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სტატიები სხვა ენის მცოდნე ადამიანმა დაწერა, ან სხვა ენაზე მომზადდა, შემდეგ კი ავტომატურად ითარგმნა, რამაც ქართულისთვის არაბუნებრივი ფორმები გამოიწვია. მაგალითად, წინადადებაში “მეორეს მასში ჯერ არ უძახიან” ქართული სალიტერატურო ენის მცოდნე “უძახიან-ის” ნაცვლად “იღებენ” დაწერდა. ამავე სტატიაში წინადადების “სხვა ქვეყნის იარაღით გატენვა” ნაცვლად “სხვა ქვეყნის იარაღით მომარაგება, სხვა ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება უნდა იყოს. ასევე ქართული ენისთვის არაბუნებრივი და შეუსაბამოა წინადადება “ნატო-სთან წვდომა უკრაინას დაკეტილი აქვს”.