ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ვინ გააპროტესტა კოვიდ-რეგულაციები ილინოისის სკოლაში?

8 ოქტომბერი, 2021

პირველ ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქუჩაში ერთი შენობის წინ დაწყობილი ფეხსაცმელები და ფურცლებია გამოსახული. აღწერის მიხედვით, აშშ-ში ილინოისის შტატის ერთ-ერთ სკოლაში  მოსწავლეებმა იძულებითი ვაქცინაცია ასე გააპროტესტეს და ფურცლებზე დაწერეს, თუ რატომ მიატოვეს სწავლა. 

"
ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება, ხოლო გავრცელებული ცნობა ნახევრად სიმართლეა. რეალურად, ილინოისის შტატის ქალაქ Crystal Lake-ში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისა და ტესტირების წინააღმდეგ გამართულ იმ პროტესტში, რომელსაც ფოტო ასახავს, მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ და ადმინისტრაციის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს სწავლა არ მიუტოვება. 

დემონსტრაცია აშშ-ში ილინოისის შტატის ქალაქ Crystal Lake-ის 47-ე უბნის სკოლების ადმინისტრაციულ ოფისთან გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციაში მასწავლებლები, სკოლის პერსონალი, მშობლები და სხვა ადგილობრივი მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ. 

"
აღნიშნული ფოტოს ყალბი აღწერა ფაქტების ანალიტიკოსმა გამოცემა Lead Stories-მაც გადაამოწმა. მათთვის მიცემულ კომენტარში 47-ე უბნის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დენის ბარმა დაადასტურა, რომ დემონსტრაციაში სკოლის მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ და არც ერთ მოსწავლეს მშობლის ან საკუთარი პროტესტის ნიშნად  სწავლა არ მიუტოვებია.

პროტესტის მონაწილეები ვაქცინაციასთან  და ტესტირებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აპროტესტებდნენ. რეალურად ფეხსაცმელების ქვეშ დატოვებულ წერილებზე არა მოსწავლეების მიერ სწავლის მიტოვების მიზეზები, არამედ პროტესტის მონაწილეების ის შეხედულებები ეწერა, რომელთა გამოც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდნენ. ილინოისის შტატში ვაქცინაციის მოთხოვნა სკოლის მოსწავლეებს არ ეხებათ. 

26 აგვისტოს ილინოისის გუბერნატორის, ჯეი პრიცკერის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ჯანდაცვის სფეროში, სკოლაში, საჯარო სამსახურში და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე სწავლის ან მუშაობის გასაგრძელებლად კოვიდ-19-ზე ტესტირებების მოთხოვნა ვრცელდება. Lead Stories-თვის მიცემულ კომენტარში ილინოისის შტატის განათლების საბჭოს კომუნიკაციების აღმასრულებელმა ჟაკლინ მეთიუსმა განმარტა, რომ სკოლაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის, მინიმუმ ყოველკვირეული ტესტირება მოეთხოვება. 

4 ოქტომბრის მონაცემებით, Crystal Lake-ის 13 სკოლაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის მაჩვენებელი 78%-დან 95%-მდე მერყეობს. 

ფეისბუქ ანგარიში ლილუ ლილუ ვაქციანციის საწინააღმდეგო ყალბ ცნობებს წარსულშიც ავრცელებდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.