ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

საიდან იღებს სათავეს ინფორმაცია ამერიკელი მფრინავების მიერ ვაქცინაციის გამო სამხედრო სამსახურის დატოვებაზე?

10 სექტემბერი, 2021

8 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Gia Kacharava გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო აცრაზე 27-მა სამხედრო მფრინავმა განაცხადა უარია და აშშ-ს საჰაერო ძალები დატოვა. 10 აგვისტოს მდგომარეობით პოსტს 266 გაზიარება აქვს.

"
პოსტი მტკიცებულების გარეშეა. მსგავსი ინფორმაცია არცერთ სანდო მედიას არ გაუვრცელებია. პირველად მსგავსი ინფორმაცია ამერიკულ ვებ-გვერდზე გავრცელდა, რომელიც სატირულ სტატიებს აქვეყნებს. პოსტი ფოტომანიპულაციასაც შეიცავს, ვინაიდან ვიზუალი, რომელიც პოსტშია გამოყენებული, 2003 წელს ერაყიდან დაბრუნებულ პილოტებს ასახავს.

ინფორმაცია, რომ 27-მა ამერიკელმა სამხედრო მფრინავმა სავალდებულო აცრაზე უარი თქვა და საჰაერო ძალები დატოვა, არც ერთ სანდო მედიაში არ იძებნება. პირველად მსგავსი ინფორმაცია ამერიკულ ვებ-გვერდზე Real Raw News-ზე პირველ სექტემბერს გამოქვეყნდა

"

ჩვენს შესახებ სექციაში ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია საგანმანათლებლო და გასართობი ხასიათისაა და მკითხველს აფრთხილებს, რომ ვებ-გვერდი შეიცავს იუმორისტულ, პაროდიულ და სატირულ მასალებს. სექციაში მითითებულია, რომ ეს გაფრთხილება იურისტის რჩევის საფუძველზეა განთავსებული. ვებ-გვერდზე კორონავირუსის ვაქცინებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით არაერთი გამოგონილი ამბავი გავრცელებულა, მათ შორის ბილ გეითსის, ჰილარი კლინტონის გასამართლების, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის და ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს დაკავების შესახებ.

"

"
მოგვიანებით ინფორმაცია 27 პილოტის მიერ აშშ-ს არმიის დატოვების თაობაზე სოციალურ მედიაშიც გავრცელდა. ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Lead Stories-მა გადაამოწმა და დაასკვნა, რომ ის მტკიცებულების გარეშეა.

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც Gia Kacharava-ს პოსტშია გამოყენებული, ის 2003 წელს ოპერაცია ერაყის თავისუფლებაში მონაწილე ამერიკელ პილოტებს ასახავს, რომლებიც USS Kitty Hawk-დან იაპონიაში, აცუგის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვაქცინაციაზე უარი მასზე ასახულმა სამხედროებმა თქვეს.

"
პენტაგონში გასულ თვეს განაცხადეს, რომ ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც სამედიცინო თუ რელიგიური ნიშნით გამონაკლის შემთხვევებს არ წარმოადგენენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნებოდა. გადაწყვეტილების შემდეგ სამხედროების მიერ სამხედრო სამსახურის მასობრივად დატოვების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.