ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა ვიცით Covid-19-ის ე.წ. “ინდური შტამის” შესახებ?

1 მაისი, 2021

ქართულ სოციალურ ქსელში ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესახებ რამდენიმე მტკიცება ვრცელდება:

  1. ფეისბუქ მომხმარებლები Goria Shiva და შორე შანიძე: ინდოეთში ხალხი კორონავირუსისგან არ იღუპება;
  2. ფეისბუქ მომხმარებელი სამყარო სამყარო: ინდოეთში კოვიდპანდემია დადგმულია, ადამიანები სხვა ქვეყნების მიერ დაწუნებული ვაქცინებით იღუპებიან;
  3. “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე: ინდოეთში პანდემია დადგმულია

;;;;

ეს მტკიცებები დეზინფორმაციას წარმოადგენს, რადგან ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური მეორე ტალღა აპრილის დასაწყისში ხალხმრავალი შეკრებების, არასაკმარისი ვაქცინებისა და კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო დაიწყო, რასაც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა. ინდოეთში ვაქცინაცია Covidshield-სა და Covaxin-ის ვაქცინებით მიმდინარეობს და არც ერთი მათგანი სხვა ქვეყნებში არ დაუწუნებიათ. 

ინდოეთში მხოლოდ 28 აპრილს კორონავირუსის 379 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 647 ადამიანი. კორონავირუსის ამდენად მასშტაბური გავრცელების მიზეზებად ხალხმრავალი შეკრებები, ნელა მიმდინარე ვაქცინაცია და კორონავირუსის ახალი ვარიანტები სახელდება. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობასთანაა კავშირში, კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებიდან მალევე ქვეყანაში საწოლფონდი შეივსო, რამაც საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელი გახადა და, შესაბამისად, გარდაცვალების რიცხვის ზრდა გამოიწვია. 

  • რა ვიცით Covid-19-ის ე.წ. “ინდური შტამის” შესახებ?

ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ე.წ. “ინდური შტამი” სახელდება. ვირუსები მუტაციით ხასიათდებიან, ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და მუტირებული ვირუსი უფრო ძლიერი ან სუსტი ხდება. Covid-19-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან რამდენიმე მუტაცია განიცადა და ე.წ. “ინდური შტამი” ერთ-ერთი მათგანია. ოფიციალურად ვირუსის ამ შტამს SARS-CoV-2-ის B.1.617 ვარიანტი ჰქვია. თავის მხრივ B.1.617 ორ მუტაციას აერთიანებს, ესენია: E484Q და  L452R. ორივე მათგანი ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც გვხვდებოდა, თუმცა ერთად პირველად სწორედ ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, ტერმინი “ინდური შტამი” სწორედ აქედან დამკვიდრდა, თუმცა ამ ვარიანტის წარმოშობის ზუსტი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ჯერჯერობით უცნობია B.1.617 ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება თუ არა. ამ მიმართულებით კვლევები დიდ ბრიტანეთში აქტიურად მიმდინარეობს. მართალია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტის უფრო სწრაფი გავრცელება ინდოეთში მიმდინარე კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, თუმცა არსებული მონაცემებით ამის თქმა შეუძლებელია.  BBC-ის მიხედვით, კვლევის პროცსს ართულებს ისიც, რომ მეცნიერებს “ინდური შტამის” საკვლევად მხოლოდ ათასამდე ნიმუში გაუზიარეს მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კიდევ ერთი ახალი ვარიანტის გამოსაკვლევად 384 ათასი ნიმუში შეისწავლეს.

  • ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური მეორე ტალღის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხალხმრავალი შეკრებებია

ინდოეთში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ერთ-ერთი ძირითად მიზეზად ხალხმრავალ შეკრებებს ასახელებენ. ინდოეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ხელმძღვანელი ქეი სრინათ რედის თქმით, 2021 წლის იანვარში შემთხვევათა კლების გამო მოსახლეობამ ჩათვალა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსის გავრცელების კონტროლმა სახელმწიფო დონეზეც უკანა პლანზე გადაიწია. 

სწორედ ამიტომ ხალხმრავალი შეკრებები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ტარდებოდა. მაგალითად, პირველ აპრილს უტარაკჰანდის შტატში ყოველწლიური რელიგიური ღონისძიება კუმბჰ მელა (Kumbh Mela) გაიმართა. შეკრებას 3.5 მილიონი მორწმუნე დაესწრო. ღონისძიება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ადგილად იქცა, რის შედეგადაც მხოლოდ უტარაკჰანდის შტატში აპრილის შუა რიცხვებში 2 000-2 500 შემთხვევა ფიქსირდებოდა მაშინ, როცა თებერვალში ეს რაოდენობა 30-60-ს შეადგენდა. 

ხალხმრავალი შეკრებებისა და მეორე ტალღის ზრდის კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ ბენგალში დაფიქსირდა. შტატი ახალ მთავრობას ირჩევდა, ხმის მიცემის პროცესი 27 მარტს დაიწყო და 29 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკვე 1 აპრილს მხოლოდ ამ შტატში კორონავირუის 6 519 შემთხვევა დაფიქსირდა,  26 აპრილს კი - 15 992.

  • ინდოეთი ვაქცინაციას სხვა ქვეყნების მიერ “დაწუნებული” ვაქცინებით არ აწარმოებს

 ამ დროისთვის ინდოეთში  Covidshield-სა და Covaxin-ის ვაქცინები გამოიყენება. Covidshield-ი კოროეული AstraZeneca-SKBio-სა და ინდური სერუმის ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, რომელსაც WHO-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის 16 თებერვალს მიენიჭა. ხოლო Covaxin-ი ინდოეთში მზადდება და მას ინდოეთის მარეგულირებელი ორგანოს ავტორიზაცია აქვს. არც ერთი ეს ვაქცინა რომელიმე ქვეყანაში არ “დაუწუნებიათ” და ინდოეთისთვის ამის გამო არ მიუწოდებიათ. ამ დროისთვის ინდოეთში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 

ინდოეთის 1.38 მილიარდი მოსახლიდან კოვიდსაწინააღმდეო ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის მხოლოდ 8.88%-ს მაინც აქვს მიღებული, ხოლო სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 1%-ია. 

;

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინაცია 2021 წლის 16 იანვარს დაიწყო, ქვეყნის მთავრობა არასაკმარისი ვაქცინების ფლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.  აპრილის თვის დასაწყისში მასშტაბური შეკრებებისა და რეგულაციების დარღვევის შედეგად კორონავირუსის მეორე ტალღის გაძლიერებას არასაკმარის ვაქცინებსა და ცუდად ორგანიზებულ ვაქცინაციის კამპანიასაც უკავშირებენ.


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.