თვალსაზრისი

,,ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია”

15 ოქტომბერი, 2021

21 სექტემბერს კრემლისტური მედია ალტ-ინფოს გადაცემა ალტ-ანალიტიკის ეთერში გადაცემის წამყვანებმა ლიბერალიზმის ქრისტიანობასთან შეუთავსებლობაზე რამდენიმე გზავნილი გააჟღერეს: 

  • ლიბერალიზმის  ანტიქრისტიანული იდეოლოგიაა;
  •  ადამიანის უფლებების ლიბერალური კონცეფციაც ანტიქსრისტიანულია და ქრისტიანული ხედვის მუტირებულ ფორმას წარმოადგენს, 
  •  ლიბერალიზმი სათავეს პროტესტანტიზმისგან იღებს და მართლმადიდებელი ქრისტიანული მიდგომის წინააღმდეგაა მიმართული; 
  •  პროტესტანტები ქრისტიანები არ არიან;
  • ლიბერალიზმის მიმდევრები ეკლესიის ჩამოშლას  ცდილობენ;
  • რომის პაპი გეი აქტივისტად  გახადეს
  • საჭიროა გამოვიდეთ “მოჯადოებული ლიბერალური სტანდარტებიდან”, რომლის თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანი ის ადამიანია, “რომელსაც სახეში აფურთხებენ და ის ითმენს”.

ლიბერალიზმის და ქრისტიანობის ურთიერთდამოკიდებულების, კათოლიკური ეკლესიის და პროტესტანტიზმის შესახებ ალტ-ინფოს ეთერში გაჟღერებული გზავნილების შესახებ “მითების დეტექტორი” თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილის ანალიზს გთავაზობთ:

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავაჭავაძე, ქართველთა ერთ ნაწილს შეაგონებდა: ,,ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია; თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული, ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია." მიუხედავად იმისა, რომ ამ შეგონების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ფაქტია, რომ ლიბერალიზმის აზრი ბევრისათვის ჯერ კიდევ უცხოა და გარკვეულ ფობიებთანაა დაკავშირებული. პრობლემის სათავე უმთავრესად ალბათ ისაა, რომ ლიბერალიზმზე უარყოფითად მოსუბრე თითქმის ყოველი ადამიანი, ამ ტერმინისა და იდეის მისეულ განმარტებას გვთავაზობს. ჩვენ, როდესაც ლიბერალიზმის კლასიკურ გაგებაზე ვსაუბრობთ, შემდეგ აზრზს ვგულისხმობთ: 

,,ლიბერალიზმად“ ყველაზე ფართო გაგებით, მოიხსენიებენ ხოლმე ფილოსოფიურ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფორმალურ დონეზე გამიჯნული უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს.“ 

ის, რომ რელიგიური და სახელმწიფოებრივი სივრცე ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა განიყოფოდეს, ვიღაცისთვის კი შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც ქრისტე ამბობდა - ,,მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა“ (მთ. 22, 21).

თქმა იმისა, რომ ლიბერალიზმი ადამიანების ,,ქრისტიანობისგან გათავისუფლების“ იდეოლოგიაა, მცდარი და ყოველგვარ აზრზს მოკლებულია. პირიქით, ლიბერალიზმის უმთავრესი იმპულსი სწორედ ადამიანის თავისუფლების იდეალია და ეს იდეალი თავისთავადვე გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასაც, შესაბამისად, ნებისმიერ პიროვნებას თავისუფლად შეუძლია აირჩიოს ქრისტიანული რელიგია, სჯეროდეს ქრისტეს ღმერთობის, იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით და არავის არ აქვს უფლება, რომ მის ამ არჩევანს შეეწინააღმდეგოს.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ამ თემაზე საუბრის დროს ხშირად უშვებენ ხოლმე არის ის, რომ პიროვნების როლსა და პატივისცემას მთლიანად უკავშირებენ ლიბერალიზმსა და ადამიანის უფლებებს. რეალურად კი პირიქითაა, რამდენადაც თავად პიროვნება, როგორც კონცეპტი, არის ქრისტიანული ღვთისმეტყველების პირმშო და არა რომელიმე პოლიტიკურ-ფილოსოფიური იდეოლოგიისა. უმთავრესი საფუძველი საეკლესიო მამებისათვის ტერმინ „პიროვნების“ ქრისტიანული გაგებისათვის იყო ძველი და ახალი აღთქმის სწავლება ღმერთისა და ადამიანის და, მათ შორის, ონტოლოგიური კავშირის შესახებ. Სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო საღვთო პიროვნების ადამიანურ პიროვნებასთან კავშირი. Შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ღვთისა და ადამიანის ურთიერთკავშირი ეს რაღაც განყენებული მოძღვრება კი არა, არამედ, ორი პიროვნების შეგნებული თანაზიარებაა, რომელიც სიყვარულსა და თავგანწირვაზეა დაფუძნებული. Ეს კი შეუძლებელია მაშინ მოხდეს, როდესაც ადამიანური პიროვნება არაა თავისუფალი, დამოუკიდებელი, მოაზროვნე და გარკვეული ღირებულებების მატარებელი. Პიროვნების შემადგენელი ამ ძირითადი კომპონენტების გააზრებას ემყარება კლასიკური ლიბერალიზმიც. ამას გარდა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ პოლარიზაციის მცდელობა ლიბერალიზმის კონტექსტში დიდი შეცდომაა. თქმა იმისა, რომ ერთ მხარეს ქრისტიანები დგანან, მეორე მხარეს კი ანტიქრისტიანები, რომლებიც იმთავითვე ლიბერალებთან იგივდებიან, იმის გარდა, რომ ფაქტებისა თუ იდეოლოგიების დამახინჯებაა, სხვა პრობლემასაც წარმოშობს. ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ მილიონობით ქრისტიანს, რომლებიც თავის თავს ლიბერალებად მიიჩნევენ და სავსებით სამართლიანადაც.

ძალიან ხშირად მითების მსხვერპლი ხდება კათოლიკური ეკლესია. ის, რომ მის წიაღში პედოფილიასთან დაკავშირებული სკანდალები მოხდა (მაგ.ვაშინგტონის ყოფილი არქიეპისკოპოსის თეოდორ მაკკარიკის, პენსილვანიელი სასულიერო პირის როჯერ სინკლაირისა და სხვათა შემთხვევები), არანაირად არ ნიშნავს, რომ ,,გარე ძალები“ ებრძოდნენ ოფიციალურ ვატიკანს. ზოგადადაც, როდესაც ეკლესიაში ასეთი ტიპის პრობლემები ხდება, მათი სათავე ყოველთვის საეკლესიო ოფიციოზია, რასაც ცხადად გადმოსცემს საეკლესიო ისტორია. ხოლო თუკი პედოფილიის სკანდალების გამო დასავლეთში არაერთი სასულიერო პირი დასაჯეს, დააკავეს თუ განაყენეს, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ დასავლური საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ღირებულებაა ბავშვთა უფლებები და მათზე ძალადობას არავის პატიობენ, თუნდაც ეს ისეთი ძლიერი, გავლენიანი და ისტორიული ინსტიტუტი იყოს, როგორიც კათოლიკური ეკლესიაა.

ძალიან ხშირად საქართველოში მითების მსხვერპლი ხდებიან პროტესტანტული აღმსარებლობები და მათ საერთოდ არაქრისტიანებადაც მოიხსენიებენ ხოლმე, არადა რეალურად, კლასიკური პროტესტანტიზმი არ უარყოფს არათუ ქრისტეს ღმერთობას, არამედ სამების არსებობასაც კი. Პროტესტანტობა არ გაჩენილა ღვთისადმი ან ქრისტესადმი პროტესტის გამო. Იგი ჩამოყალიბდა კონკრეტული სასულიერო ინსტიტუციისადმი დაპირისპირებისას, რომელი ინსტიტუციაც, რიგ შემთხვევებში ან ქრისტეს მიერ დადგენილ ნორმებს არღვევდა, ანაც ღვთის სახელით მანიპულირებდა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქრისტიანს სახეში შეიძლება აფურთხებდნენ და ისიც ითმენდეს, Ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ამგვარი მოქმედება ე.წ. ,,ლიბერალიზმმა” დაამკვიდრა. რეალურად იგი ქრისტიანული, სახარებისეული პრინციპია და თან ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მის გარეშე ქრისტიანობის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია. ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და მოტივაცია, თუკი ქრისტიანი, თავისი იდეალის - ქრისტეს მიმბაძველობიდან გამომდინარე, ითმენს პირად შეურაცხყოფას, ეს მხოლოდ მისი არჩევანია და არავის არ აქვს უფლება მასში ჩაერიოს. ეკლესიის ისტორიას მრავლად ახსოვს მაგალითები, როდესაც ცნობილი მოღვაწეები სხვათაგან შეურაცხყოფს გამიზნულად ითმენდნენ, რაც არათუ უუნარობად, არამედ სიძლიერედ ჩაეთვალათ და დღეისათვის ისინი წმინდანებად არიან შერაცხულნი.

და ბოლოს, იმ ფაქტის არსებობა, რომ მსოფლიოში მრავალგვარი სქიზმა ერესი თუ ,,სექტა“ არსებობს, არანაირად არ ნიშნავს გარე ძალების მიზანმიმართულ ბრძოლას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ეკლესიას, თავისი ჩამოყალიბებიდან მოყოლებულ თანაცხოვრება უწევდა უამრავი ტიპის ,,ქრისტიანულ კრებულთან,“ თუმცა ამას იგი არ უშინდებოდა, მზად იყო დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, საკუთარი უპირატესობის არგუმენტირებულად დასაბუთებისთვის, რაც ცხადადაა ასახული მისი ისტორიის ფურცლებზე.


ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი