ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ემუქრებათ თუ არა ვაქცინირებულ ადამიანებს ზამთარში იზოლირება?

1 ოქტომბერი, 2021

23 სექტემბერს Facebook მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც კრისტიან პერონმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა ევროპული მრჩეველთა ჯგუფის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა, ვაქცინირებული ადამიანების იზოლაციის საჭიროებაზე ისაუბრა. 

ვარდოსანიძის პოსტის თანახმად, პერონიმ თქვა, რომ ყველა ვაქცინირებული ადამიანი ზამთრის თვეებში კარანტინში უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზულად დაავადდებიან. პოსტს თან ერთვის კრისტიან პერონის ფოტო და მცირე ფრაგმენტი ვიდეო გამოსვლიდან. 

"
პერონის განცხადება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები იზოლირებული უნდა იყვნენ, რათა სერიოზულად არ დაავადნენ, უსაფუძვლოა, რადგან, ვირუსის მწვავე შემთხვევები  აცრილებს შორის იშვიათად ფიქსირდება და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც დაბალია. ამასთანავე, ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. კრისტიან პერონი დაუსაბუთებელ მოსაზრებებს სხვადასხვა დაავადების შესახებ 2016 წლიდან ავრცელებს. 

ვარდოსანიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო არის ფრაგმენტი 2021 წლის ივლისის ჩანაწერიდან, რომელშიც კონსპირაციული გამოცემის UK Column-ის ჟურნალისტები კრისტიან პერონსა და ანა-მარიამ იმს პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ. კრიტიან პერონი ვიდეოში სხვა დაუსაბუთებელ მოსაზრებებთან ერთად ამბობს, რომ COVID-19 ვირუსის მწვავე შემთხვევები საავადმყოფოებში აცრილებს შორის ფიქსირდება, აცრილი ადამიანები ვირუსის ახალი ვარიანტების განვითარების რისკის ქვეშ არიან და საზოგადოებისგან იზოლირებულნი უნდა იყვნენ. 

ისრაელის და ბრიტანეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

კრისტიან პერონი ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევებს ახსენებს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სტატისტიკა სწორედ იმას აჩვენებს, რომ ვაქცინა მუშაობს და როგორც ვირუსის შეხვედრის, ასევე მისი გართულების შანსი ვაქცინირებული ადამიანისთვის ბევრად უფრო დაბალია. 

16 აგვისტოს მონაცემებით, ისრაელში 60 წელზე მეტი ასაკის ყოველ 100 000  არავაქცინირებულ ადამიანზე COVID-19-ის 159 მძიმე შემთხვევა ფიქსირდებობდა, მაშინ, როცა ვაქცინირებულებს შორის ეს რიცხვი ყოველ 100 000 ადამიანზე  20- ს შეადგენს. ამ მონაცემების თანახმად, არავაქცინირებული ხანდაზმულები  მძიმე შემთხვევების განვითარების რვაჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ვაქცინირებულები. 

60 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის ეს  მაჩვენებელი არავაქცინირებულთა შორის ყოველ 100 000 ადამიანზე  2.4 შემთხვევა იყო, ვაქცინირებულებში კი 0.9, ანუ  2.7-ჯერ ნაკლები.

"
ფოტო: haaretz.com

იგივეს გვიჩვენებს დიდი ბრიტანეთის სტატისტიკაც. 2021 წლის 9 სექტემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინაციის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  ზრდასრულებში  Pfizer-BioNTech-სა და Oxford-AstraZeneca-ს ეფექტიანობა, ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის კუთხით 75-85%-ია, ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.

"
ამასთან ჟურნალ ლანცეტში აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის ეფეტიანობას სწავლობდა. კვლევა  დიდ ბრიტანეთში 1,2 მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებსაც Pfizer, Moderna ან AstraZeneca–ს ვაქცინა  2021 წლის პირველ ნახევარში აქვთ მიღებული, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ალფა და დელტა ვარიანტები ცირკულირებდა. 1.2 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან COVID-19 ვირუსი მხოლოდ  0.5 პროცენტს დაუდასტურდა. ასევე, კვლევის თანახმად ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერადად აცრილ მოქალაქეებში 73 პროცენტით უფრო დაბალია ვიდრე არავაქცინირებულ მოქალაქეებში. 

  • CDC-ს თანახმად, ვაქცინირებულთა 99.99% ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდა. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, COVID-19 ვაქცინები არ არის ექსპერიმენტული და იმ მეცნიერული ცოდნის გამოყენებითაა შემუშავებული, რომელიც ათწლეულებია არსებობს. ვაქცინებმა გაიარეს კლინიკური კვლევების ყველა საჭირო ეტაპი,  ფართო ტესტირებამ და მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ COVID-19 ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. ამასთან,  ვაქცინები კვლავ გადიან უსაფრთხოების ინტენსიურ მონიტორინგს.

იმავეს გვიჩვენებს სტატისტიკური მონაცემებიც, CDC-ის ანგარიში აღნიშნულია,  26 ივლისის მდგომარეობით, 163 მილიონი სრულად აცრილი ადამიანიდან მხოლოდ  6,587 შემთხვევაში იყო ინფიცირების ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან გარდაცვალება დაფიქსირდა. ამგვარად აცრილთა 99.99 %-ში არც ვირუსით გარდაცვალება დაფიქსირებულა და ისინი ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდნენ. 

  • ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ვაქცინირებული ადამიანებისგან მომალალი საფრთხის შესახებ მანიპულაციური მტკიცება factcheck.org-მა გადაამოწმა. 17 სექტემბერს აშშ-ს CDC-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ამჟამად ავტორიზირებული ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია და ამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების რისკს. სუსტი იმუნური სისტემის მქონე, მაგალითად კიბოს დიაგნოზის მატარებელი პაციენტების დასაცავად კი, რომლებსაც შესაძლოა ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი არ განუვითარდეთ, ექიმები მათი გარემოცვის ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემენ. ამრიგად, შესაძლოა არავაქცინირებული პირი ვაქცინირებულისთვის გახდეს საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ადამიანი შესაძლოა მაინც დაინფიცირდეს და ვირუსი სხვას გადასდოს, ამის რისკი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის მიერ ვირუსის გავრცელება.

25 სექტემბრიდან FDA უკვე რეკომენდაციას გასცემს, რომ გარკვეული ჯგუფის ადამიანების დასაცავად  გაკეთდეს ე.წ. Booster დოზები. ეს რეკომენდაცია 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების მაცხოვრებლებს და იმ 18-დან 64 წლამდე ასაკის პირებს ეხებათ, რომლებსაც განსაკუთრებული სამედიცინო მდგომარეობა აქვთ.

ვინ არის კრისტიან პერონი?

კრისტიან პერონი ფრანგი ექიმია, რომელიც კოვიდთან დაკავშირებით კონსპირაციულ მოსაზრებებს იზიარებს. ის 2016 წლამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს გადამდები დაავადებების კომისიას  ხელმძღვანელობდა და მედიკამენტების სააგენტოსთან (ANSM), ხოლო 2009 წლამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობდა. პერონი 2020 წლის დეკემბრამდე Raymond-Poincaré-ს საავადმყოფოში ინფექციური და ტროპიკული დაავადებების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, რომლიდანაც ექიმთა ორდენის ეროვნულ საბჭოში მის წინააღმდეგ შეტანილი მრავალი საჩივარის გამო გაათავისუფლეს.

კრისტიან პერონი ადრეული პერეიოდიდანვე გამოირჩეოდა არათანმიმდევრული პოლიტიკითა და განცხადებებით. მაგალითად, ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებით ის აცხადებდა, რომ წლების მანძილზე ამ ინფექციის აფეთქება ხელოვნურად შექმნილი ტკიპების გავრცელების გამო ხდებოდა, რომელიც აშშ-ში მიგრანტად მყოფმა  ნაცისტმა ვირუსოლოგმა შექმნა.

უფრო მეტიც  ჟურნალ Sunday-თან 2016 წელს ის ამბობდა, რომ ”ამერიკელი სამხედროები და მის კონტროლს დაქვემდებარებული მეცნიერები გარკვეულად დაინტერესებული არიან ეპიდემიის დამალვით”.

პერონს კოლეგები ამ განცხადებებისთვისაც აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებით მას სპეციფიური სამეცნიერო გამოცდილება არ ჰქონდა და ალტერნატიულ თეორიებს ავრცელებდა. 

იგივე მოხდა COVID-19 ის შემთხვევაშიც, სხვადასხვა ვიდეო ინტერვიუსა თუ მიმართვაში, ასევე დოკუმენტურ ფილმში Hold up, პერონი COVID-19-თან დაკავშირებით არაერთ მოსაზრებას მტკიცებულების გარეშე ავრცელებდა. ის უარყოფდა პანდემიის არსებობობას, ამტკიცებდა, რომ COVID-19 ვაქცინები გენეტიკური ცვლილებების გამომწვევია და პანდემია ხელოვნურად შექმნილია.


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.