2021 წლის ტოპ 10 შეთქმულების თეორია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

91
VIEWS

2021 წელს სოციალურ ქსელებში როგორც კოვიდ-19-ის პანდემიის, ასევე სხვა თემებზე არაერთი შეთქმულების თეორია გავრცელდა. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ წლის ტოპ 10 კონსპირაციას.

  1. კორონაპანდემია დოლარის კუპიურებზეა ნაწინასწარმეტყველები

წყარო: თვალსაზრისი

ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისი” რუსულად გახმოვანებულ ვიდეოზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ თუ სხვადასხვა კუპიურას სპეციფიკურად გადავკეცავდით, ვნახავდით, რომ მათზე 11 სექტემბრის ტრაგედიაა ნაჩვენები, 20$-იანი კუპიურის გადაკეცვისას კი პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის შუბლის და თვალების ნაწილს დავინახავდით. ეს უკანასკნელი კი იმის მტკიცებულება იყო, რომ პანდემიის დროს ადამიანების მიერ პირბადის მასობრივი ტარება წინასწარ იყო განსაზღრვული.

ფაქტები: დოლარის კუპიურების დაკეცვის შედეგად მიღებული გამოსახულებების წინასწარმეტყველური ხასიათის შესახებ შეთქმულების თეორიების მრავალი წელია ვრცელდება. რეალურად, კუპიურების გადაკეცვის შედეგად მიღებული გამოსახულებები ტყუპ ცათამბჯენებს არ ჰგავს, ხოლო 20%-იანი კუპიურის გადაკეცვით მასზე გამოსახული პრეზიდენტის თვალების და შუბლის დანახვა არ ნიშნავს იმას, რომ ამით პანდემია იყო ნაწინასწარმეტყველები.

ვრცლად:
როგორ დავკეცოთ $ – კონსპირაციები ენდრიუ ჯექსონის, პირბადეების და ცათამბჯენების შესახებ

  1. ედუარდ შევარდნაძე მალტის ორდენის წევრი იყო

წყარო: Lasha Modebadze

ფეისბუქ მომხმარებელმა გამოქვეყნა ფოტოები, რომლებზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყო ასახული. პოსტში გვხვდებოდა მტკიცება, რომ როგორც შევარდნაძე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მასონური ორდენის წევრები იყვნენ.

ფაქტები: პოსტში მოყვანილი ფოტოები არა საიდუმლო მასონური ორდენის წევრობას, არამედ სხვადასხვა ღონისძიებაზე ლიდერების შეხვედრებს ასახავს. მაგალითისათვის, ერთ-ერთ ფოტოზე შევარდნაძესთან ერთად რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ და ბელარუსის მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო არიან გამოსახული, რომლებსაც  ქრისტეს საფლავის ტაძრის რაინდის ვარსკვლავი უკეთიათ. ფოტო, რომელსაც შევარდნაძის მალტის ორდენთან კავშირის მტკიცებულებად იყენებენ, რეალურად 1991 წელს მასაჩუსეტშია გადაღებული, როდესაც მან ბოსტონის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი მიიღო. მანტია არა მალტის ორდენს, არამედ ბოსტონის უნივერსიტეტს ეკუთვნის.

ვრცლად:
იყო თუ არა შევარდნაძე მალტის ორდენის წევრი? – კონსპირაციები პოსტსაბჭოთა ლიდერებზე

  1. აშშ-ს მთავრობა აპოკალიფსისთვის ბუნკერს ამზადებს

წყარო: Ti-Nia Diaდავით გიორგობიანი

ფეისბუქ მომხმარებელმა და “ხარისხის არხის” წამყვანმა დავით გიორგობიანმა გამოაქვეყნეს რუსულენოვანი ვიდეო, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მთავრობა გლობალური კატასტროფისთვის სამხედრო ბუნკეს ამზადებს და მედიკამენტებსა და პროდუქტებს იმარაგებს. ვიდეოს მიხედვით, ეს ბუნკერი კოლორადოს შტატის მთებში, კოლორადო სპრინგსიდან 300 კილომეტრში მდებარეობს.

ფაქტები: რუსულენოვანი ვიდეო “Gazprom Media”-ს საკუთრებაში არსებული, შეთქმულების თეორიებითა და ფსევდომეცნიერული გზავნილებით გამორჩეული რუსული არხის, TV3-ის 2013 წლის ერთ-ერთი გადაცემის ფრაგმენტია. კადრები არა კოლორადოში მდებარე საომარ ბუნკერს, არამედ მისურის შტატში, სფრინგილდში არსებულ მიწისქვეშა საწარმო, სასაწყობე და სადისტრიბუციო კომპლექსს ასახავს, რომელიც აშშ-ს მასშტაბით საკვები და სხვა სახის პროდუქტების სწრაფ დისტრიბუციას უზრუნველყოფს.

ვრცლად:
ბუნკერი არშემდგარი აპოკალიფსისთვის თუ პროდუქტების საწყობი – რა “იწინასწარმეტყველა” Gazprom Media-სTV3-მა?

  1. თერმოსკრინინგის დანიშნულება არა სიცხის გაზომვა, არამედ ადამიანების სკანირებაა

წყარო: თვალსაზრისი

გამოცემა “თვალსაზრისის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კარატეს ინსტრუქტორ კახა კაკაბაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ კოვიდპანდემია ტერორისტული ოპერაცია იყო და თერმოსკრინინგს რეალურად არა სიცხის გასაზომად, არამედ ადამიანების სკანირებისათვის იყენებდნენ, რომლითაც “მხეცისგან დაღდასმული” ადამიანების იდენტიფიცირება მოხდებოდა. კაკაბაძე ამტკიცებდა, რომ დიდ მარკეტებში დამონტაჟებულ სკრინინგ აპარატებს კობრას ფორმა ჰქონდა, მათი სახელი ორი ნაწილისგან “კობრა” და “აიდი” შედგებოდა და ულტრაიისფერი დასხივებით სამგანზომიებიანი შტრიხკოდების წაკითხვა შეეძლოთ.

ფაქტები: მტკიცება, რომ კოვიდ-პანდემიას, ვაქცინებს და სკრინინგს აპარატებს კავშირი აქვს გლობალური კონტროლის მცდელობასთან, ანტიქრისტესთან ან მხეცის ნიშანთან, შეთქმულების თეორიაა, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებებს არის მოკლებული და რელიგიის საფუძველზე მოსახლეობაში შიშის დანერგვას ისახავს მიზნად. თერმოსკრინინგის აპარატები რეალურად ადამიანის სხეულის ტემპერატურას ზომავენ და ამავდროულად პირდაპირი კონტაქტის შემცირების საშუალებას იძლევიან. კომპანია კიმატექის აპარატი COBRAID ქართულ ბაზარზე პირველად 2020 წელს გამოჩნდა არა სამგაზომილებიან შტრიხკოდს, არამედ სხეულის ტემპერატურას კითხულობს და უკონტაქტო დეზინფექციას ატარებს.

ვრცლად:
COBRAID – “კობრა და აიდი” თუ რიგითი თერმოსკრინინგი?

  1. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნივთიერება ლუციფერაზას შეიცავს

წყარო: ხათუნა საგინაშვილი

ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი ამტკიცებდა, რომ პანდემია გლობალისტების მიერ ხელოვნურად შექმნილი იარაღი იყო და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ლუციფერაზას და მხეცის ბეჭდის გავრცელების საშიშროებას შეიცავდა.

ფაქტები: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნივთიერება ლუციფერაზას არ შეიცავს და მათი ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირება კონსპირაციაა. ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა. ფერმენტ ლუციფერაზას ჟანგვისას სინათლე წარმოიქმენება. ის ისეთ ცოცხალ სხეულებში გვხვდება, როგორიცაა ციცინათელა. ლუციფერაზას მეცნიერები აქტიურად იყენებენ, თუმცა ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში არ გვხვდება.

ვრცლად:
“ქვაკუთხედის” რედაქტორის კონსპირაციები დნმ-დან ლუციფერაზამდე

  1. თვითმფრინავებიდან მომწამლავ ნივთიერებებს და ვირუსებს აფრქვევენ

წყარო: გოჩა ჩუმაშვილიBacho Grigoliaლევან ნავი,  ირაკლი ლომიძეRau AlGoria Shiva

ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებული კვალი ჩანდა. მათ პოსტებში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავებიდან სახიფათო ქიმიური ნივთიერების და ვირუსების გავრცელება ხდებოდა. ზოგიერთ პოსტში მოყვანილი იყო თვითმფრინავებში განთავსებული ავზების სურათები, რომლებიც პოსტის ავტორების მტკიცებით, სწორედ ამ სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდა. ასევე პილოტების ფოტო სამკერდე ნიშნით, რომელზეც გვხვდებოდა წარწერა “Chemtrail”. ერთ-ერთ პოსტში კი ფეისბუქ მომხმარებელი ირწმუნებოდა, რომ ესპანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანომ აღიარა, რომ ჰაერს ქიმიური ნივთიერებების 2015 წლიდან წამლავდნენ.

ფაქტები: არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თვითმფრინავებიდან საშიში ნივთიერებების და ვირუსების გავრცელება ხდება. ფოტოების ნაწილი გაყალბებულია, ნაწილი კი ასახავს თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი ცხელი აირის ცივ და დაბალი წნევის მქონე გარემოში აირის კონდენსაციის შედეგად თეთრ ორთქლად გარდაქმნას, რაც ბუნებრივი პროცესია. ზოგიერთ ფოტოზე ასევე ასახულია სახანძრო სამუშაოებში ჩართული თვითმფრინავებიდან წყლის გამოფრქვევის პროცესი. სწორედ წყლითაა სავსე ის კონტეინერები, რომლებიც ფოტოებზე ჩანს. რაც შეეხება სამკერდე ნიშანს, ის პილოტებმა ხუმრობის მიზნით შექმნეს. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ესპანეთის მთავრობამ ჰაერის მოწამვლა აღიარა.

ვრცლად:

  1. “ლურჯი სხივის” კონსპირაცია

წყარო: გოჩა ჩუმაშვილი

ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც პროექტ “ლურჯი სხივის” შესახებ არის საუბარი. ვიდეოს მიხედვით, “ლურჯი სხივი” ნანას და გაეროს ერთობლივი პროექტია, რომელის მეშვეობითაც სიმულაციურ გამოსახულებებს შექმნიან და დედამიწაზე ახალ რელიგიას და ტოტალური კონტროლს დაამყარებენ.

ფაქტები: “ლურჯი სხივის” კონსპირაცია 1994 წლიდან ვრცელდება. მისი მიმდევრები ირწმუნებიან, რომ სატელიტების მეშვეობით ცაში სიმულაციებს შექმნიან და შემდეგ ადამიანებს ერთი რელიგიის ქვეშ გააერთიანებენ. თეორია ამერიკული ფრენჩაიზი, “ვარსკვლავური გზის” სცენარისტის, ჯინ როდენბერის იდეის იდენტურია, რომელიც “ლურჯი სხივის” კონსპირაციის გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე ნოველის სახით გამოქვეყნდა.

ვრცლად:
საიდან იღებს სათავეს “ლურჯი სხივის” კონსპირაცია?

  1. ევროკავშირის შენობა ბაბილონის გოდოლის ასლია

წყარო: !!მნიშვნელოვანი!!

ბიზნესმენ ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით “გავერიდოთ ბაბილონის გოდოლს”. ვიდეოში ევროპარლამენტის შენობა პიტერ ბრეიგელის (უფროსი) ბაბილონის გოდოლის ილუსტრაციას არის შედარებული. ვიდეოში გვხვდება რომის პაპის, ფრანცისკეს ფოტოც, რომელსაც ხელში ცისარტყელას ფერებიანი დროშა უჭირავს. 2020 წელს რუსულ რადიო ავრორასთან საუბარში ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლს თავად ლევან ვასაძემაც შეადარა. ვასაძის ინტერვიუ ამგვარადაა დასათაურებული “სატანიზმი კარზე გვიკაკუნებს”.

ფაქტები: კონსპირაცია, რომ ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლის მოდელის მიხედვითაა აშენებული და სატანისტურ ძალებთან აქვს კავშირი, წლებია ვრცელდება. რეალურად, ევროპარლამენტის შენობის დიზაინი არა ბაბილონის გოდოლს, არამედ რომაულ ამფითეატრს უკავშირდება. ვიდეოში გამოყენებული რომის პაპის ფოტო კომპიუტერულად არის დამუშავებული. პაპ ფრანცისკეს ფოტოს ორიგინალ ვერსიაში არგენტინის დროშა უჭირავს.

ვრცლად:
ბაბილონის გოდოლის ძიება ევროპაში, ვასაძის კონსპირაციები – რადიო Аврора-ში

  1. კლიმატის ცვლილება არ ხდება, პარიზის კლიმატის შეთანხმება მიზნად მსოფლიო მმართველობის დამყარებას ისახავს

წყარო: NatiaColussiლევან ჩხიკვაძე,  მნიშვნელოვანიმარჯი საქართველო, ლილუ ლილუ, საქართველო და მსოფლიო,

ფეისბუქ მომხმარებლებმა და კრემლისტურმა გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” ეჭვქვეშ დააყენეს კლიმატის ცვლილების ნამდვილობა და მიუთითებდნენ, რომ ამ თემას ელიტები შეზღუდვების დასაწესებლად და ხალხის კონტროლისათვის იყენებდნენ. ფეისბუქ მომხმარებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მსოფლიო მმართველობის დამყარებას ისახავდა მიზნად პარიზის კლიმატის შეთანხმება.

ფაქტები: 1991 წლიდან დღემდე ავორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული კვლევების 99% ადასტურებს, რომ დედამიწაზე კლიმატი ნამდვილად იცვლება. 1980-იანი წლების შემდეგ ეს პროცესი უპრეცედენტოს სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პარიზში გარეოს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებაც სწორედ სათბურის ეფექტის შემცირებას ემსახურება.

ვრცლად:

  1. ევროკომისიის შტაბბინაში, შენობაში ნომრით 666, სუპერკომპიუტერი ადამიანების დაჩიპვაზე მუშაობს

წყარო: ვინც იცრება გაიცრება

ფეისბუქ ანგარიშმა, რომელიც უმეტესწილად ანტივაქსერულ პოსტებს აქვეყნებს დაწერა, რომ ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში სუპერ კომპიუტერის მდებარეობდა, სადაც ადამიანების დაჩიპვაზე მუშაობდნენ. პოსტის მიხედვით, კომპიუტერი ადამიანებზე ინფორმაციას აგროვებდა და მათ 18-ნიშნა ნომერს ანიჭებდა, რომლის პირველი 3 ციფრი 666 იყო. პოსტს თან ერთვის ფოტო რომელზეც შენობაზე გამოსახული 666-ია აღბეჭდილი.

ფაქტები: მტკიცება, რომ ბრიუსელში მდებარეობს შენობა 666 ნომრით, სადაც სუპერკომპიუტერი ადამიანებს 18-ნიშნა კოდებს ანიჭებს შეთქმულების თეორიაა. ფოტოზე ასახული შენობა არა ევროკომისიის შტაბ-ბინა, არამედ ნიუ-იორკში მდებარე ნაგებობაა, რომელიც უძრავი ქონების კომპანიას ეკუთვნის.

ვრცლად:
სად მდებარეობდა შენობა 666 ნომრით და რას საქმიანობენ იქ განთავსებული ორგანიზაციები?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist