Various

როგორ შეუცვალეს გეიტსის სიტყვებს მონტაჟით აზრი?

19 July, 2021

2021 წლის 30 ივნისს ფეისბუქ მომხმრებელმა „ლაზარე ქართულიამ“ გამოაქვეყნა ბილ გეითსის ერთ-ერთი ინტერვიუს ნაწყვეტი. ვიდეოს, რომელსაც რუსული გახმოვანება და  ქართული სუბტიტრები ერთვის, ახლავს წარწერა: “დიდი კეთილი ბილ გეითსი”.  ვიდეოში გეითსის ორი ციტატაა მოცემული: “ნორმალური ცხოვრება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვაქცინას გავუკეთებთ დედამიწის ყველა მცხოვრებს” და “თქვენ არ გაქვთ არჩევანი, ხალხი ისე იქცევა, თითქოს მათ ჰქონდეთ არჩევანი”.

;
ლაზარე ქართულია ვიდეოს შემდეგი შინაარსის კომენტარით ავრცელებს: „გეგმები წინასწარ არის დალაგებული.“. პოსტს 18  ივლისის მონაცემებით 236 გაზიარება აქვს.

ლაზარე ქართულიას მიერ პოსტი მანიპულაციურია და რედაქტირებულ ვიდეოს შეიცავს. ვიდეო ისეა რედაქტირებული, რომ ეკონომიკაზე ნათქვამი გეიტსის სიტყვები ვაქცინაციას მიეწერება და მცდარ კონტექსტს ქმნის. ბილ გეითსი არ საუბრობს რაიმე გეგმაზე, რომელიც მოსახლეობის იძულებით ვაქცინაციას და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. 

ლაზარე ქართულიამ მიერ გამოაქვეყნებული ვიდეო Financial Times-ისთვის ბილ გეითსის მიერ 2020 წლის 2 აპრილს მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტია. ინტერვიუში სიტყვები “თქვენ არ გაქვთ არჩევანი, ხალხი ისე იქცევა, თითქოს მათ ჰქონდეთ არჩევანი” შეეხება არა ვაქცინაციას, არამედ პანდემიასთან გამკლავების ეკონომიკურ გეგმას. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია სწორი ბალანსი ხალხის სიცოცხლის დაცვას და ეკონომიკურ ზარალს შორის, როგორ ხედავს ის სიტუაციას, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა თითქმის გაჩერებულია წელიწადის და მეტი ხნის განმავლობაში, ბილ გეითსი პასუხობს, რომ ეკონომიკა შემცირდება, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს და შესაძლოა ამას 1873 წელზე უარესი დეპრესიაც მოჰყვეს.

“ეს იქნება ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა, რაც კი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მომხდარა. მაგრამ არჩევანი არ გვაქვს. ხალხი ისე იქცევა, თითქოს არჩევანი ჰქონდეთ. ადამიანებს არ სურთ სტადიონებზე წასვლა, როდესაც შეიძლება დაინფიცირდნენ. მთავრობა კი არ ამბობს, რომ მოდით, ყურადღება არ მიაქციოთ დაავადებას, ხალხს აწუხებს ღრმად ამდენი სიკვდილის ნახვა. იციან, რომ შეიძლება გახდნენ გადამდები და ეს შეეხოს მოხუცებს, მათ მშობლებს, ბებია-ბაბუას”.

შესაბამისად, ბილ გეითსის სიტყვები არჩევანის არარსებობას თაობაზე პანდემიის შესაჩერებლად შემოღებულ შეზღუდვებს შეეხება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ის ამბობს, რომ მიუხედავად ეკონომიკური ზარალისა, არჩევანი, რეალურად, არ არსებობს, ვინაიდან შეზღუდვების გარეშეც მოსახლეობა ვირუსით ინფიცირების შიშის გამო ამცირებს და ზღუდავს აქტივობებს.

ამის შემდეგ ბილ გეითსი ამბობს, რომ მდიდარ ქვეყნებს საშუალება ექნებათ უფრო მალე მოხსნან შეზღუდვები, თუმცა მთლიანად მსოფლიოსთვის ჩვეული მდგომარეობა აღდგება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება.

ინტერვიუერთან, ვანესა კორეკაასთან საუბრისას, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა მექანიზმებს უნდა მიმართონ სახელმწიფოებმა პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, რა განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დგებიან განვითარებადი ქვეყნები, პანდემიასთან ბრძოლის რა მიმართულებებს აფინანსებენ თავად ბილ გეითსის მიერ დაარსებული ფონდები და ა.შ.

მსგავსი ვიდეო, სადაც ბილ გეითსის ინტერვიუდან ნაწყვეტი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც შეისწავლეს და მცდარად შეაფასეს.

ბილ გეითსი ხშირად ხდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სამიზნე. შეთქმულების თეორიის მომხრეებს სჯერათ და აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბილ გეითსი გეგმავს ვაქცინის გამოყენებას ხალხის სათვალთვალოდ და მათ ორგანიზმში მიკროჩიპების შესაყვანად.  ბილ გეითსთან დაკავშირებულ კონსპირაციებსა და დეზინფორმაციაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა:


მოამზადა მარიამ ბეჟანიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.