თვალსაზრისი

რა ხდება, როცა ხელისუფლება საკუთარი ხალხის გაბრიყვებას ცდილობს?

13 დეკემბერი, 2019

შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.
აბრაამ ლინკოლნი

“მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სამთავრობო აქტორები სოციალურ მედიას იყენებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, არასუსურველი მოსაზრებების ჩახშობისთვის და საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დაზიანებისთვის,” - ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევაში, რომელიც 2019 წელს სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას და მანიპულაციებს შეეხება. 

კომპიუტერიზირებული პროპაგანდა - ალგორითმების, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ბაზების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის გამოყენება - ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ და გარდაუვალ ფენომენად ყალიბდება. 

სოციალური მედია ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ინსტრუმენტად იქცა. მსოფლიოს 26 ქვეყნის შესწავლისას კომპიუტიზირებული პროპაგანდის საინფორმაციო კონტროლის იარაღად გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება იკვეთება: ადამიანის ხელშეუვალი უფლებების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობა.  

ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერიზებული პროპაგანდის კვლევის პროექტმა მსოფლიოს 28 ქვეყნის შესწავლის შემდეგ გამოავლინა, რომ თითქმის ყველა ავტორიტარული რეჟიმი,  საკუთარ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოსახდენად, საინფორმაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში აწარმოებდა, რამდენიმე მათგანი სასურველი გზავნილების გავრცელებას ქვეყნის გარეთაც ცდილობდა. ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, დემოკრატიულ ქვეყანათა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ორგანიზებულ კამპანიათა სამიზნე აუდიტორია ძირითადად საერთაშორისოა, საკუთარ ამომრჩევლებზე მიმართულ სოციალური მედიის კამპანიებს, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები მართავენ.  

საყურადღებოა, რომ გლობალური ტენდენციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურების მიერ მართულ კამპანიებში გამოყენებულ სოციალური მედიის მომხმარებელთა ნაწილი არა ყალბი, არამედ აუთენტური მომხმარებელია. ვიეტნამისა და ტაჯიკეთის მსგავს ქვეყნებში, სამთავრობო სტრუქტურები მათ განკარგულებაში მყოფ კიბერ-აქტივისტებს სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების ტროლინგისთვის და არასასურველი ინფორმაციის მასობრივი “დარეპორტებისთის” ნამდვილი პროფილების გამოყენებისკენ  უბიძგებენ. სოციალური მედიის კომპანიების მიერ ყალბი პროფილების გაუქმების კამპანიის გააქტიურებასთან ერთად მოსალოდნელია ნამდვილი პროფილებით მოქმედების ფენომენის გააქტიურებაც.  

კიბერ-აქტივისტები სოციალური მედიის მომხმარებლებზე ზეგავლენის მრავალგვარ მეთოდებს იყენებენ. პოლიტიკური კამპანიების შესახებ 2019 წლისთთვის მომზადებულ  მოხსენებაში საუბარია ონლაინ აქტივობის შემდეგ ნაირსახეობებზე: 

  1. სამთავრობო ან პარტიული პროპაგანდის გავრცელება; 
  2. ოპოზიციაზე შეტევა და ცილისმწაბელური კამპანიები; 
  3. მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა; 
  4. პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გამწვავება; 
  5. აქტიურობის პიროვნული შეტევებითა და შევიწროვებით ჩახშობა.    

იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ცხადი იყოს, ვინ დგას ამა თუ იმ რეკლამის და საინფორმაციო კამპანიის უკან, მაგალითად ფეისბუქში დაწყებულია მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა. კერძოდ, საუბარია პოლიტიკურ რეკლამის წყაროების გამჭვირვალობაზე. ეს იქნება ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ ვისი სახელით რომელი ჯგუფი მოქმედებს, რამდენს ხარჯავს და რა გზავნილებით ცდილობს მაგალითად წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა გულების მოგებას. გაუმჭვირვალე პოლიტიკური რეკლამის გაშიფვრის საჭიროება მას შემდეგ დადგა ფეისბუქის დღის წესრიგში, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფეისბუქ-გვერდების რეკლამები ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 10 მილიონმა ადამიანმა ნახა. ამ პროცესის გაგრძელება იყო Twitter-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული არხების, Russia Today-სა და Sputnik-სთვის რეკლამის აკრძალვა.

საქართველო ხსენებული ანგარიშების სამიზნედ ამ დრომდე არ ქცეულა, თუმცა ადგილობრივი სოციალური და პოლიტიკური პროცესების დამკვირვებლებისთვის ცხადია, რომ ის, რაზეც ამ ანგარიშებშია საუბარი, ჩვენი ყოველდღიურობისთვისაც ნაცნობია. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მხარდაჭერის მოპოვებისთვის დადასტურებულად ვიცით, რომ შემდეგი ინსტრუმენტები გამოიყენება. 

ეს ინსტრუმენტები ძირითადად ანტიდასავლური განწყობების გასაღვიძებლად, კრემლისთვის სასურველი ნარატივის გასავრცელებლად ან კრიტიკული განწყობების 

მარგინალიზაციისთვის გამოიყენება და რიგ შემთხვევაში აჩენს ეჭვს, რომ წახალისებულია ან მხარდაჭერილი  ხელისუფლების მხრიდან. 

ამ მოცემულობაში, როცა ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის ნიშნები შეინიშნება და 2020 წელს ქვეყანას წინ აქვს საპარლამენტო არჩევნები, რთულია მკაფიო პასუხების მოძებნა მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა:  

  • ვინ ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს? 
  • როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ისე, რომ არ დავაზარალოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? 
  • რამდენად მოახდენს არჩევნების შედეგებზე “თრეშ” კონტენტის მწარმოებელი და გამავრცელებელი ფეისბუქ ჯგუფების ნარატივი? 
  • რამდენი  და ვისი ფული იხარჯება ცრუ ამბებისა და პოლარიზაციის გამამწვავებელი კონტენტის გავრცელებისთვის? 
  • უნდა ჩაითვალოს თუ არა უკანონო შემოწირულებად სხვადასხვა, არასამთავრობო და არაოფიციალური გვერდების მხრიდან სამთავრობო ნარატივის გავრცელება?

სხვადასხვა ქვეყნებში, ამ კითხვებზე პასუხად სხვადასხვა გზას ირჩევენ. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა ორ რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებას - Russia Today-სა და Sputnik-ს.  

ჩეხეთში ფუნქციონირებს ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების ცენტრი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების აუდიტის რეკომენდაციით შეიქმნა და  სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის და სხვა „ჰიბრიდული საფრთხეების“ სკრინინგს ახდენს. 

გერმანიაში ონლაინ პლატფორმებს აქვთ ვალდებულება, გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ “ცალსახად უკანონო” კონტენტი, როგორიცაა სიძულვილის ენა, ცილისწამება და ძალადობის წაქეზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნდესტაგის მიერ მიღებული ქსელების დაცვის აქტიდან გამომდინარე, ქსელები შესაძლოა დაჯარიმდნენ. 

ევროკომისიამ მიიღო ინტერნეტში უკანონო სიძულვილის ენასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი, ევროკავშირმა კი შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, ევროპარლამენტი კი დეზინფორმაციასთან ხელოვნური ინტელექტით რეგულირების საკითხებზე მუშაობს

თავის მხრივ, მეტი დაცულობისა და გამჭვირვალობისთვის მუშაობს ფეისბუქი, რომელიც 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატებს მეტ დაცულობას, ინტერნეტმომხმარებლებს კი ნაკლებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ჰპირდება.

ჩამოთვლილი ცალკეული ინიციატივები ცხადია, სრულად ვერ აღმოფხვრის ციფრულ სამყაროში ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და ვერც სიძულვილის ჯფუფების განწყობებს გაანეიტრალებს, თუმცა აჩვენებს მზაობას ქვეყნებისა და ინსტიტუციების მხრიდან, თვალი გაუსწორონ და ებრძოლონ პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ ცაკლეულ ჯგუფებს, არამედ დემოკრატიებს და ლიბერალურ დღის წესრიგს უქმნის საფრთხეს. 

საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შეჯამებისას, მთავარმა მომხსენებელმა, პარლამენტარმა ნინო გოგუაძემ რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემცირებისთვის საჭირო ნაბიჯებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ჯგუფში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატების ცუდ ქცევაზე ისაუბრა. ამ ჯგუფს პირველადი გეგმის თანახმად, 2019 წლის მაისში, შემდეგ კი ნოემბერში უნდა ჰქონოდა დასკვნა და რეკომენდაციები. ამ ტიპის დოკუმენტი ამ დრომდე არ არსებობს და შესაბამისად, პარლამენტის შიგნით მომუშავე ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც კვლევის შედეგად უნდა შეემუშავებინა რეკომენდაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის უცხო ქვეყნის საინფორმაციო ზეგავლენებთან გასამკლავებლად, ქმედითი არ აღმოჩნდა. ამ ჯგუფის მიერ გაკეთებული ყველაზე მსუყე სამუშაოდ შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან ინფორმაციის შეკრება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითზებზე, რომლებშიც მკაფიოდ არის ფორმირებული ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც ქვეყანა ამ მიმართულებით დგას. საკანონმდებლო ორგანოში არსებული ჯგუფის ამგვარი უშედეგო მუშაობა ერთგვარი გზავნილია საზოგადოების მიმართ და ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას და მზაობას საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში. 

დემოკრატიების მკვლევარი, სოციოლოგი ლარი დაიმონდი თავის წიგნში “ავი ქარები” ინტერნეტში არსებულ დემოკრატიის საფრთხეებზე, პოლარიზაციასა და სიძულვილის ენის გამოყენების შემცირებაზე საუბრისას, წერს, რომ “სიძულვილის ენასთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა უკეთესი ენის გამოყენება – ისეთი მესიჯები და ისტორიები, რომლებიც არ არის ტენდენციური, იცავს უმცირესობებს და ხელს უწყობს ჩართულობას. ეს ციფრულ სამყაროშიც უნდა წახალისდეს და ჩვენს ფიზიკურ სამყაროშიც. თუ მიმღებლობას, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას სიღრმისეულად არ ვასწავლით და გულწრფელად არ ვაჩვენებთ სკოლებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში, მათ ვერც კიბერსივრცეში დავამკვიდრებთ. “

პასუხი კითხვაზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის გამავრცელებლების ქცევას ჰყავს და როცა ტროლებს ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის იყენებს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, სპეციალისტების პასუხები სხვადასხვაგვარია. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სილვია შტოებერი გამოსავალს ძლიერ და დამოუკიდებელ მედიაში ხედავს, სოციალური მედიის ანალიტიკოსი ლუკა ჰამერი მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონების მიღება და ცრუ ინფორმაციების მუდმივი აღმოჩენა, რაც უსასრულო პროცესია, შესაძლოა ბრძოლის სწორი სტრატეგია იყოს,  კაროლინ შვარცი კი, რომელმაც ცრუ ინფორმაციებთან ბრძოლისთვის პლატფორმა hoaxmap შექმნა, კანონებს ნაკლებად საიმედოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ამგვარი რესურსები და ცრუ ინფორმაციების პოვნაში კარგად მომზადებული ჟურნალისტები მნიშვნელოვან შედეგს იძლევა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.


ნასტასია არაბული
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს