ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა არის ბაქტერია სინტია და აქვს თუ არა კავშირი კორონავირუსთან?

26 ივნისი, 2020

23 ივნისს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით  “კორონავირუსის მეორედ მოსვლა”.  მასალა  მეტწილად ბიოლოგ ირინა ერმაკოვასთან რუსი ჟურნალისტის ანდრეი ყარაულოვის ინტერვიუს თარგმანია და ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია აშშ-ში შემქნილი ბაქტერიის შედეგად არის გამოწვეული. “საქართველოს და მსოფლიოს” თქმით, ჟურნალისტი და რესპოდენტი თახმდებიან, რომ ვირუსებს, მათ შორის კორონავირუსს, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო-ები) იწვევენ. ბიოლოგ ირინა ერმაკოვას თქმით, ყველაზე საშიში ბაქტერია სინტიაა, სინთეტიკური გენომი, რომელიც აშშ-ში ბიოტექნოლოგებმა  ჩაღვრილი ნავთობისაგან მექსიკის ყურის გაწმენდის მიზნით შექმნეს. რუსი მეცნიერი ავითარებს მოსაზრებას, თითქოს სინტიამ ცხოველებისა და ადამიანების დაავადება დაიწყო და ადამიანები ზღვის პროდუქტების მიღების შემდეგ იღუპებიან, რასაც ფლორიდაში დაფიქსირებულ ბაქტერიით გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირებს. ირინა ერმაკოვა აცხადებს, რომ სინტიათი ინფიცირებული თევზი უჰანის ბაზრობაზე მოხვდა. მისი თქმით ახალი კორონავირუსი- კოვიდ 19 უცხო ფრაგმენტებს შეიცავს. ბიოლოგი ამტკიცებს, რომ სწორედ კორონავირუსისა და ბაქტერია სინტიას გაერთიანება ხდის ახალ ვირუსს განსაკუთრებით საშიშს. 

“საქართველო და მსოფლიო” : “ ნებისმიერ ხელოვნურ ჩარევას ბუნებაში კვალდაკვალ მიჰყვება გაუგებარი ვირუსების წარმოქმნა, მათ შორის კორონავირუსებისაც, დამახასიათებელი პანდემიით და ა.შ… ყველაზე დიდი მონსტრი, რომელიც ბიოტექნოლოგებმა შექმნეს, არის ბაქტერია “სინტია” _ სინთეტიკური გენომი, რომელიც ოფიციალურად არ ითვლება საბრძოლო ბაქტერიად და შექმნილი იყო (2010 წლის 20 აპრილს ტანკერის კატასტროფის შედეგად) დაღვრილი ნავთობისგან მექსიკის ყურის გასაწმენდად. [ვინ შექმნა ეს ბაქტერია? ამერიკელებმა?]_ დიახ, ამერიკელებმა. იგი შთანთქავს ნახშირბადს და აქრობს ნავთობის აფსკს. მას შემდეგ, რაც “სინტია” ნავთობს მოერია, მან დაიწყო ცხოველებისა და ადამიანების დაავადება. სიმპტომები ძალიან ჰგავდა იმას, რისი მოწმენიც დღეს ვართ: იწყება ტემპერატურის აწევით, ვითარდება პნევმონია და მთავრდება სიკვდილით. ყვებოდნენ, რომ სადღაც ფლორიდასთან ადამიანებმა იბანავეს ოკეანეში და დაიხოცნენ. უცებ კვდებოდნენ, დახმარებას ვერ ასწრებდნენ…არსებობს ტიპური კორონავირუსი და კოლიტკორონავირუსი, რომელშიც არის უცხო ფრაგმენტები. ახალ კორონავირუსს იმიტომ უწოდეს კოვიდ-19, რომ იგი შეიცავს უცხო ფრაგმენტებს. ვირუსი აღწევს უჯრედში და დნმ–ს გამოიყენებს, როგორც მატრიცას. ასე გაჩნდა ეს კორონავირუსი მეტად უცნაური სტრუქტურით.”

მტკიცება, თითქოს  ახალი კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ამერიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ბაქტერია სინტიას გამო არის, ტყუილია. არსებული ინფორმაციით,  კორონავირუსი  ხელოვნურად შექმნილი არ არის, ის ღამურებში წარმოიქმნა. ასევე,  მასალა შეიცავს ყალბ ინფორმაციას სინტიას შესახებ. ხელოვნურად გამოყვანილი ბაქტერიის შექმნის პროცესი დასრულებული არ არის, ის მექსიკის ყურის ნავთობისგან გასაწმენდად არ გამოუყენებიათ და არც ფლორიდაში ბაქტერიის გამო გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევასთან აქვს კავშირი, როემლიც ბუნებაში არსებული ბაქტერიით იყო გამოწვეული. 

   1. კოვიდ-19 ხელოვნურად შექმნილი არ არის. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, კოვიდ-19-ის გამომწვევი  SARS-CoV-2 ბუნებაში წარმოიქმნა, კერძოდ ღამურებში, რის შემდეგაც ადამიანებში გავრცელდა.  SARS-CoV-2 -ის გენომი უკვე შესწავლილია. ამ ჯგუფის ვირუსმა 2002 წელს ადამიანები და კატები დააავადა. ვირუსი უცნობ ფრაგმენტებს არ შეიცავს და ის ბუნებაშია წარმოქმნილი.

   2. ხელოვნურად გამოყვანილი ბაქტერიის შექმნის პროცესი დასრულებული არ არის

რა არის ბაქტერია სინტია?

მერილენდსა და კალიფორნიაში კრეიგ ვენტერის ინსტიტუტში 2010 წელს მეცნიერებმა  ბაქტერიის გენომის რეკონსტრუირება შეძლეს და ხელოვნურად შექმნილი, სინთეტიკური დნმ უჯრედში შეიყვანეს. მეცნიერები ამ საკითხზე 1995 წლიდან მუშაობდნენ. მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნილ მიკრობს სინტია უწოდეს. ამ ფაქტს მედიასა და სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოყვა, რადგან ზოგიერთი თვლიდა, რომ მეცნიერებმა ცოცხალი ორგნიზმის შექმნა შეძლეს, სხვები კი ამ შეფასებას გადაჭარბებულად მიიჩნევდნენ. თუმცა, სინთეტუკურად მიკრობის შექმნის პროცესი დასრულებული არ არის და მეცნიერები სხვადასხვა სირთულეების წინაშე დგანან. სინთეთიკური გენეტიკა იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე ფიქრობდნენ. ხელოვნურად მიღებული ბაქტერიის გამოყენების პოტენციალი ძალიან დიდია, ის შეიძლება საწვავად, წამლების/ვაქცინების დასამზადებლად და ბუნების დაბინძურების აღმოსაფხვრად გამოდგეს. თუმცა, ჯერჯერობით ეს სფერო განვითარების საწყის ეტაპზეა

    3. ბაქტერია სინტია მექსიკის ყურის ნავთობისაგან გასაწმენდად  არ გამოუყენებიათ  

2010 წელს მექსიკის ყურეში 760 მლნ ლიტრამდე ნავთობი ჩაიღვარა, რამაც ოკენეში და მის მიმდებარედ არსებული ფლორა და ფაუნა მნიშვნელოვნად დააზიანა. ე.წ. ნაბთობის შთამთქმელი (oil eating) ბაქტერიები სხვადასვხა ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობენ, ისინი ჰიდროკარბონატით იკვებებიან და განსაკუთრებით იმ ადგილებში მრავლდებიან, სადაც საკვებად ნავთობი აქვთ. 2010 წლის მექსიკის ყურის კატასტროფის შემდეგ ნავთობის შთამთქმელმა ბაქტერიამ  alcanivorax borkumensis-მა ოკეანის ნავთობისაგან გაწმენდაში დიდი როლი შეასრულა, მაგრამ დიდი რაოდენობით ნავთობთან გამკლავება გაუჭირდა. ბაქტერია ხელოვნურად გამოყვანილი alcanivorax borkumensi არ არის. მექსიკის ყურეში ამ ბაქტერიის მომქედების შედეგებზე დაკვირვების შემდეგ ამ ბაქტერიის საფუძვლიანად შესწავლა დაიწყეს

მეცნიებისათვის მოულოდნელად, 2019 წელს მარიანას ღრმულში ნავთობის შთამთქმელი ბაქტერიების დიდი რაოდენობით აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ეს ბაქტერიები მექსიკის ყურის ნავთობისაგან გასაწმენდად გამოეყენებინათ. თუმცა, ეს ჯერ არ განხორციელებულა

   4. ფლორიდაში ბაქტერიის გამო გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა არა სინტიასთან, არამედ Vibrio vulnificus -ის ბატქერიისგან იყო გამოწვეული, რომელიც ბუნებაში არსებობს და დიდი ხანია აღმოჩენილია

2017 წლიდან ფლორიდაში, ოკეანის სანაპიროებზე ბაქტერიით Vibrio vulnificus -ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. 2017 წელს 3 ადამიანი, 2018 წელს კი 5 ადაიანი გარდაიცვალა. ბაქტერია ადამიანის სხეულში ზღვის პროდუქტების მიღებისას ან წყალში ღია ჭრილობებით ბანაობისას აღწევს და სხეულის ნაწილების ნეკროზირებას იწვევს, რაც ზოგიერთ შემთქვევაში ფატალურად სრულდება. ამ ბაქტერიით ინფიცირების მომატებულ შემთხვევებს მეცნიერები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რადგან მექსიკის ყურეში ტემპერატურის მომატების გამო Vibrio vulnificus ისეთ ადგილებშიც გავრცელდა, სადაც მანამდე არ იყო. ბაქტერია Vibrio vulnificus 1970-იანი წლებიდან არის ცნობილი და ხელოვნურად შექმნილი არ არის