ყველაფერი ყარსის ხელშეკრულების და თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ

8 სექტემბერი, 2020

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმოიწყო ვიდეო-რგოლების სერია “დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო”. ვიდეო-რგოლებში პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიის 33% აქვს მიტაცებული, ამავდროულად კი საქართველოს რეგიონებზე - აჭარაზე, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაზე აცხადებს პრეტენზიებს. ვიდეო-რგოლში დავით-თარხან მოურავი ყარსის ხელშეკრულებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებით თურქეთმა ბათუმი საქართველოს კი არ დაუბრუნა, არამედ დაუთმო, თუმცა 2 წლის შემდეგ თურქეთმა ბათუმი და აჭარა თურქეთის განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა. მეორე ვიდეო-რგოლში ვაჟა ოთარაშვილი კი ამბობს, რომ ბოლო 1000 წლის მანძილზე თურქეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საჯაროდ უარი მხოლოდ ერთხელ, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ თქვა, თუმცა 1920 წლის 28 იანვარს არტაანი, ართვინი, ყარსი, ბათუმი- თავის მარადიულ ნაწილებად გამოაცხადეს.  

ერეკლე საღლიანი: “თურქეთმა საკუთარ პროვინციად აქცია ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, კოლა არტაანი და მას დღეს უკვე პრეტენზია აქვს აჭარაზე, სამცხე-ჯავახეთზე და გურიაზე”.

ვაჟა ოთარაშვილი: “განვლილი 1000 წლის მანძილზე საჯაროდ თურქეთმა მხოლოდ ერთადერთელ თქვა უარი საქართველოს მიწა-წყალზე, ეს მოხდა მაშინ, რომცა თურქეთი დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა..1920 წლის 28 იანვარს ეროვნული ფიცი მიიღეს და ისტორიული ქართული მიწა წყალი, არტაანი, ართვინი, ყარსი, ბათუმი  თავის მარადიულ ნაწილებად გამოაცხადეს.”

დავით თარხან-მოურავი:” ამ ხელშეკრულებით (ყარსის ხელშეკრულება) თურქეთმა კი არ დაუბრუნა ბათუმი საქართველოს,  დაუთმო აჭარა და ბათუმი საქართველოს… 1923 წლის ოქტომბერში თურქეთის დიდმა ეროვნულმა ყრილობამ  ფაქტობრივად უკან წაიღო ეს სიტყვები, მან კვლავ გამოაცხადა ბათუმი და აჭარა თურქეთის განუყოფელ ნაწილად. დღეს თურქეთს  მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 33%... დღეს თურქეთი ღიად აცხადებს პრეტენზიას ბათუმზეც, ოზურგეთზეც,  და ახალციხეზეც. “

“პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლებში გაჟღერებული ინფორმაცია ერთი მხრივ, ისტორიით მანიპულაციაა, რომელიც ისტორიულ მოვლენებს თანამედროვე კონტექსტთან სპეკულაციურად აკავშირებს, მეორე მხრივ კი, დეზინფორმაციასაც შეიცავს.  

1. დღევანდელი აჭარის ტერიტორია, ბათუმის ჩათვლით, იმპერიების ინტერსისა და ვაჭრობის ობიექტი არაერთხელ გამხდარა (რუსეთი, თურქეთი, ბიტანეთი), ოსმალეთის იმპერიამ/თურქეთმა აღნიშნულ ტერიტიაზე უარი სულ მცირე 3-ჯერ თქვა.

ისტორიის მანძილზე დღევანდელი აჭარის ტერიტორია, ბათუმის ჩათვლით, იმპერიალისტური სახელმწიფოების ინტერესისა და ურთიერთგარიგების საფუძველზე ერთმანეთისათვის გადაცემის/წართმევის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა:  მაგალითად, 1878 წლის ბერლინის, 1920 წლის სერვისა და 1922 წლის მოსკოვის ხელშეკრულებებით ოსმალეთის იმპერიამ/ თურქეთმა, ბათუმის ოლქზე უარი განაცხადა, 1918 წელს კი საბჭოთა რუსეთმა  ბათუმის ოლქი ოსმალეთის იმპერიას გადასცა.

ისტორიკოსს ბექა კობახიძის თანახმად, ბათუმის ოლქი მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ტრაქტატი ამ ტერიტორიების დაბრუნებაში საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან დახმარების გაწევას ითვალისწინებდა. რუსეთმა ეს ტერიტორია რუსეთ-თურქეთის ომში გამარჯვების შემდეგ 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებით დაიბრუნა. 40 წლის შემდეგ, ბოლშევიკური რევლუციისა და პირველი მსოფლიო ომიდან  გამოსვლის შედეგად, 1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით  ბათუმის ოლქი საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს გადასცა. რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მმართევლობის  ალტერნატივად  შექმნილი და მასთან დაპირისპირებაში მყოფი ამიერკავკასიის მთავრობა, სადაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიოდა, ბათუმის დასაცავად იბრძოდა, თუმცა დამარცხდა. საქართველოსა და ოსმალეთს შორის 1918 წლის 4 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, ოსმალეთის აგრსიის შეჩერების მიზნით, ბათუმი თურქეთს გადაეცა, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება საქართევლოს პარლამენტს არასოდეს მოუხდენია

მუდროსის  ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შემდეგ ბრიტანელებმა თურქეთს ბათუმი ჩამოართვეს და მისი მმართველობა ბრიტანელ გენერალ-გუბერნატორს კუკ-კოლისს დაუქვემდებარეს. 1920 წელს დადებული სევრის  ხელშეკრულებით კი მსოფლიო ომში დამდარცხებულმა თურქეთმა სხვა ტერიტორიებთნ ერთად უარი ბათუმის ოლქზე კიდევ ერთხელ განაცხადა. ბათუმიდან ბრიტანული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ  საკითხი დადგა, თუ ვის უნდა დარჩენოდა ბათუმის პროვინცია. 4 და 6 აგვისტოს საქართევლოს მთავრობამ ბრიტანულ მხარეს  ნოტები გადასცა, სადაც ბრიტანულ ჯარებს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიდა, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვებას ითხოვდა და დენიკინის აგრესიისგან ბათუმისა და საქართველოს სხვა ტერიტორიების დაცვის სანაცვლოდ  ბრიტანეთს მჭირდრო თანშმორმლობას ჰპირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მემედ აბაშიძის მეჯლისის წევრებმა ჯერ კიდევ ბრიტანული მმარველობის პირობებში, 1920 წლის თებერვალში მოიგეს ბათუმის საქალაქო საბჭოს არჩევნები და დეპუტატების უმრავლესობა აჭარას საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიურ ერთეულად მოიაზრებდა, 1920 წლის 7 ივლისს მემედ აბაშიძის მეთაურობით მეჯლისი საქართველოს ჯარს ბათუმში შეუძღვა და ბათუმზე ფაქტობრივი კონტროლი საქართველომ დაამყარა. 1921  წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების, მოგვიანებით კი ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბათუმი და დღევანდელი აჭარის ტერიტორია საქართველოს შემდგენელ ნაწილად აღიარეს, რაც თურქეთმა 1992 წელს კიდევ ერხთელ დაადასტურა და აღნიშნული საზღვრების გადახედვის საკითხი არასოდეს დამდგარა. 

2.  თურქეთის მხრიდან  ყარსის ხელშეკრულების გადახედვა დღის წერიგში არასოდეს დამდგარა. აღნიშნული ხელშეკრულება აჭარას საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. 

1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ქალაქ ყარსში მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თურქეთმა აჭარის დიდი ნაწილი და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, სანაცვლოდ კი ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო. ხელშეკრულების ორიგინალი ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი

რა ვითარებაში გაფორმდა ყარსის ხელშეკრულება?

ყარსის ხელშეკრულებას წინ უძღოდა ე.წ. მოსკოვის ხელშეკრულება. თურქეთში რევოლუციის შედეგად, რომლის საფუძველზეც ათათურქი ხელისუფლებაში მოვიდა და ოსმალეთის იმპერია დასრულდა,  მეორე მხრივ კი რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფების არსებობის დამყარების შემდეგ, ორივე რეჟიმს საერთაშორისო აღიარების პრობლემა ჰქონდა და ერთმანეთის დახმარება სჭირდებოდა. 

1921 წლის 16 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებულმა “მეგობრობის ხელშეკრულებამ”, ე.წ მოსკოვის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი განსაზღვრა და აჭარა საქართველოს მიაკუთვნა, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ნაწილი კი თურქეთს გადაეცა. რამადენიმე თვის შემდეგ დადებული ყარსის ხელშეკრულება აღნიშნული შეთანხმებისათვის მეტი ლეგიტიმაციის შეძენის მიზნით გაფორმდა

აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში რუსეთ-თურქეთის მოკავშირეობა მყარდებოდა, საზღვრების გადახედვის საკითხი იმ პერიოდში დღის წესრიგში არ დამდგარა. უფრო მეტიც, 1924 წლის სექტემებრში თურქეთის პრემიერ-მინისტრს ისმეთ ფაშასა და თურქეთში რუსეთის ელჩ სურუცის შეხვედრისას დღის წესრიგში იდგა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე. 1925 წლის 17 დეკემბერს ორ ქვეყანას შორის თავდასუხმელობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება გაფორმდა. 

ყარსის ხელშეკრულება და აჭარის სტატუსი

ყარსის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ თურქეთის საზღვარი სარფზე გადის და  ხედის მთასა და შავშეთის ქედს მიუყვება.

მე-4 მუხლში აჭარასთან/ბათუმის ოლქთან დაკავშირებით 3 მნიშვნელოვანი საკითხია:

  1. თურქეთი ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს ქალაქ ბათუმზე, ბათუმის პორტზე და მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. 
  2. ბათუმის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივი ადმინისტრაციული ავტონომიით უნდა სარგებლობდეს, თითოეულ თემს კულტურული და რელიგიური უფლებები გარანტირებული უნდა ჰქონდეს.
  3. თურქეთს ბათუმის პორტის გავლით საქონლის  საბაჟო გადასახადების გრეშე თავისუფალი ტრანზიტის უფლება უნდა შენარჩუნებოდა. 

ბექა კობახიძის თქმით,  ყარსის ხელშეკრულებით აჭარის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება და ნათლად არის განსაზღვრული, რომ ის საქართველოს ტერიტორიაა. დებულებება, რომელიც აჭარის სტატუსს მიემართება და ავტონომიურობის გარკვეულ ხარისხს, დღევანდელ რეალობაში ავტონომიას ნიშნავს და  ამ საკითხზე  მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას მოიაზრებს, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრაქტიკასთან და საქართევლოს არსებულ კონსტიტუცისთანაც არის თანხვედრაში. 

ოფიციალურ თურქეთს ყარსის ხელშეკრულებით საქართევლოსთან დადგენილი საზღვარი ეჭქვეშ არასოდეს დაუყენებია 

ისტორიკოსი ბექა კობახიძე “მითების დეტექტორთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები თურქეთის მხრიდან ოფიციალურ დონეზე გადახედვის ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საგნად არასოდეს ქცეულა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, მცირე პერიოდის მანძილზე სსრკ-ს თურქეთთან ჰქონდა ტერიტორიული პრეტენზიები, თუმცა საზღვრის შესახებ შეთანხმებები ოფიციალურ დონეზე არც მაშინ გადახედილა. 

3. თურქეთ-საქართველოს დღევანდელი საზღვრები, მათ შორის ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, თურქეთმა 1992 წელს დადებული შეთანხმებით კიდევ ერთხელ აღიარა.

1992 წელს  გაფორმებული ხელშეკრულება  “ საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ” თანამედროვე კონტექტში საქართველოსა და თურქეთის საზღვრებს ადგენს. 

ისტორიკოსი ბექა კობახიძე აღნიშნავს, რომ ისტორიის პირდაპირ გაიგივება და თანამედროვე კონტექსტი გადმოტანა  მიზანშეწონილი არ არის, 1920-იანი წლების პერიოდი სხვა ეპოქაა და ყარსის ხელშეკრულებას მაშინდელ და თანამედრივე კოქნტექსტში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ხელშეკრულება აჭარის ტერიტორიას საქართველოს მიაკუთვნებს და კითხვის ნიშნებს არ სვამს, თუმცა ტერიტორიული გადანაწილების საკითხი, ორმა დიდმა სახელმწიფომ რუსეთმა და თურქეთმა საქართველოს პოზიციის და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრების გათვალისწინების გარეშე გადაწყვიტა. 

მისი თქმით, 1992 დადებული ხელშეკრულება საზღვრებთან დაკავშირებით  დამოუკიდებელი საქართველოსა და თანამედროვე თურქეთის პოზიციას და ურთერთშეთანხმებას გამოხატავს. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აჭარის ტერიტორიას თურქეთი საქართველოს ნაწილად მოიაზრებს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია:
 

“მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით;
მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.”

ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციის წყაროები

ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაციებს წლებია ღიად პრო-რუსული თუ ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებენ, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი, რომლის გზავნილი “თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია” რუსეთის საფრთხიდან ისტორიულ საფრთხეებზე ფოკუსის გადატანას ცდილობს. ყველაზე ხშირად ყარსის ხელშეკრულების შესახებ დეზინფორმაცია “ობიექტივის”, “ასავალ-დასავალისა” და “საქინფორმიდან” ისმის, აღნიშნულ კონსპრაციას ავრცელებდა ჯეფრი სილვერმანიც, რომელიც კრემლისტური მედიისთვის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზნფორმაციის ერთ-ერთი წყაროა. 


მოამზადეს ანა ჩიტალაძემდა ნინო ციხელაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია