მიგრანტები

მიგრანტების შესახებ “ანტილიბერალური არხის” ფოტომანიპულაცია, სინამდვილეში ფილმის კადრია

27 ნოემბერი, 2017

2017 წლის 19 ნოემბერს ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ გვერდზე “ანტილიბერალური არხი” გამოქვეყნდა სურათი, წარწერით - ,,მიგრანტების მშვიდობიანი აქცია საფრანგეთში”. აღერაში კი ვკითხულობთ: “ამათ ვენაცვალე მე, კულტურის ეტალონია ეს ხალხი.”

"

რეალურად სურათზე გამოსახულია სცენა ფილმიდან ,,მსოფლიო ომი Z”, რომელიც 2013 წელს რეჟისორმა მარკ ფორსტერმა გადაიღო. ფილმის სიუჟეტი დედამიწაზე გავრცელებულ, ამოუცნობ ინფექცია  - ზომბების პანდემიასთან ბრძოლაა, რომელიც მთელ კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. “ანტილიბერალური არხი” ამ ფოტომანიპულაციით მიგრანტებს მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან აიგივებს.

via GIPHY - გიფი ფილმიდან

პროპაგანდისტული პლატფორმების მიერ ფილმის სცენების რეალურ ამბად გასაღება აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, 2016 წლის 26 აგვისტოს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, თითქოს აშშ-ში ადამიანებისა და ცხოველების შეჯვარების ცდებს ატარებდნენ. მასალას ილუსტრაციად კი "ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის "The Chimeran” პოსტერიდან იყო.

"

იგივე მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პარალელურად, როდესაც პრო-რუსული პროპაგანდისტული პლატფორმები ფილმის კადრებს რეალურ მოვლენად ასაღებდნენ, რაც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულობის დამადასტურებელ საბუთად მოჰყავდათ. ამის მაგალითი იყო 2014 წლის 2 მაისს ინტერნეტ პორტალ Боевая Висота-ს მიერ მომზადებული მასალა ოდესის პროფკავშირების სახლის დაწვის შესახებ. მასალის ერთ-ერთი ფოტოილისტრაცია სინამდვილეში იყო კადრი მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ამერიკული სერიალიდან War And Remembrance (“ომი და მეხსიერება”), რომელიც ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა.

"

პროპაგანდის მეთოდი

ფოტომანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და არსებული სტერეოტიპების კიდევ უფრო გასამყარებლად პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ვიდეომანიპულაციასთან ერთად, ფოტომანიპულაციებს მკთხველზე/მნახველზე დიდი გავლენა აქვს, რადგანაც მასზე ვიზუალური და ემოციური ზემოქმედება ხდება.


მოამზადა მარიამ მუმლაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია