პოლიტიკა

კრემლისტურმა მედიამ ბჟეზინსკის ყალბი ციტატა გაავრცელა

24 ოქტომბერი, 2019

Polygraph.info-ის მასალის მიხედვით

3 ოქტომბერს Свободная Пресса-მ, რომლის რედაქტორი ულტრამემარჯვენე ზახარ პრილეპინია, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პლამენ პასკოვი: რუსოფობიის გაღვივებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს ამზადებს”. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ომისთვის ამზადებს და ამერიკელი დიპლომატის ზბიგნევ ბჟეზინსკის მითითებებს მიჰყვება, რომელიც, Свободная Пресса-ს მტკიცებით, ამბობდა, რომ “21-ე საუკუნე აშენდება რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის წინააღმდეგ.” 

"
წყარო: polygraph.info

ბჟეზინსკის ყალბი ციტატის ვარიაციები უკვე წლებია კრემლისტურ მედიაში ვრცელდება. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ ციტატა ბჟეზინსკის წიგნიდან “დიდი საჭადრაკო დაფა - აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები” არის ამოღებული. რეალურად, წიგნში მსგავსი ციტატა არ იძებნება, ხოლო ბჟეზინსკის კოლეგები Polygraph-თან კომენტარში აცხადებენ, რომ ყალბი ციტატის გავრცელება  რუსული პროპაგანდის ნაწილია, მაშინ, როდესაც ბჟეზინსკი რუსეთის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ შემობრუნდებოდა.

  • ბჟეზინსკისთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ციტატა გაყალბებულია

იანუს ბუგაისკიმ, რომელიც CEPA-ს უფროსი მკვლევარი და ბჟეზინსკის კოლეგა და მეგობარია, Polygraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსგავსი ციტატების გავრცელება კრემლის პროპაგანდის ნაწილია. მისი განმარტებით, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან რუსეთის მთავრობა ცდილობდა, რომ ბჟეზინსკი ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის განადგურების სურვილში დაედანაშაულებინა, თუმცა არც მის წიგნებსა და არც გამოსვლებში მსგავსი რამ ბჟეზინსკის არ უთქვამს. “ისინი განტევების ვაცს ეძებენ, რათა დასავლეთის წინააღმდეგ თავიანთი კამპანია გაამართლონ, ისეთ განტევების ვაცსაც კი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის.”- აცხადებს ბუგაისკი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში პოლ გობლი და Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი გლენ ჰავარდი ასევე აცხადებენ, რომ ციტატა ფაბრიკაციაა, რომელიც რუსეთმა მიზანმიმართულად გაავრცელა. “ბჟეზინსკის არასდროს უსაუბრია “რუსეთის ნანგრევებზე”, ეს მისი მეტყველების სტილზე ქვემოთ დგას, ის ყოველთვის მჭევრმეტყველი იყო და ნიუანსებს ყურადღებას აქცევდა.”- განმარტავს ჰავარდი.

  • რას ამბობდა ბჟეზინსკი რუსეთზე?

ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა - აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები” რუსეთს ახალი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევდა და არათუ მის ნანგრევებზე არამედ რუსეთისა და დასავლეთის პოტენციურ თანამშრომლობაზე საუბრობდა. 

გთავაზობთ ამონარიდს, წიგნის მეოთხე თავიდან “შავი ხვრელი”, სადაც ბჟეზინსკი რუსეთის გეოპოლიტიკურ როლსა და ალტერნატივებს განიხილავს.

ზბიგნევ ბჟეზინსკი, “დიდი საჭადრაკო დაფა” (1997): “ყოველ შემთვევაში, ‘რა არის რუსეთი და სად არის რუსეთის’ რედეფინიციის პროცესი, მოხდება, ალბათ, მხოლოდ თანდათანობით და ამისათვის დასავლეთმა უნდა დაიკავოს ბრძნული და მტკიცე პოზიცია. ამერიკასა და ევროპას მოუწევთ მას დაეხმარონ. მათ რუსეთს უნდა შესთავაზონ არა მარტო სპეციალური ხელშეკრულების დადება ანდა ნატოსთან ქარტია, არამედ რუსეთთან ერთად უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ტრანსკონტინენტალური იმ სისტემის მომავალი შესაძლებელი ფორმის შესწავლის პროცესის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანწილად სცილდება ევროპაში ეუთოს ბუნდოვანი სისტემის ფარგლებს. და თუ რუსეთი განიმტკიცებს თავის შინაგან დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მიაღწევს საგრძნობ უპირატესობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, მაშინ მან არ უნდა გამორიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს ნატოსთან და ევროკავშირთან.”

ბჟეზინსკი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ახალი თაობა, რომელსაც კომუნიზმი არ გამოუვლია, ზურგს აქცევდა ეროვნულ-იმპერიალისტურ პროექტს და შებრუნდებოდა დემოკრატიისა და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ. როგორც ბჟეზინსკი ამბობდა, იმისათვის, რომ აშშ-მა რუსეთთან ითანამშრომლოს, ამ უკანასკნელმა უნდა გადალახოს თავისი იმპერიული ნოსტალგია, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო და კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა და საქართველო.

PBS NewsHour-თან ინტერვიუში ბჟეზინსკი აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს:

 

ვინ გაავრცელა ბჟეზინსკის ყალბი ციტატა?

Свободная Пресса-ს გარდა ციტატას მცირედი ცვლილებებით სხვა მედიები წლების წინაც ავრცელებდნენ. ბჟეზინსკის გაყალბებული ციტატა 2011 წელს ვებ-გვერდმა iarex.ru-მ, ხოლო 2017 წელს esquire.ru-მ, Красная весна -მ და ru.citaty.net-მა გამოაქვეყნეს.

"

"

"

"