პოლიტიკა

ჰქონდა თუ არა ტრამპის მრჩეველს რუსეთის მიმართ “შემრიგებლური” პოზიცია?

11 თებერვალი, 2020

6 თებერვალს კრემლისტურმა გამოცემა News Front-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის სენსაციური განცხადება რუსებთან მიმართებაში”. სტატიის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო’ ბრაიანმა რუსეთთან მიმართებით “შემრიგებლური და პოზიტიური” განცხადებები გააკეთა, თანამშრომლობაზე ისაუბრა და მეორე მსოფლიო ომში აშშ-ისა და რუსეთიც მოკავშირეობაც გაიხსენა. 6 თებერვალს News Front-ის სტატია ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” თავის ფეისბუქ გვერდზე გადააზიარა.

1

News Front აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. რეალურად, რობერტ ო’ ბრაიანმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და საბჭოთა კავშირს შეადარა, ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ რუსეთს დაუპირისპირდება და თავის მოკავშირეებს დაიცავს.

რა საკითხებზე ისაუბრა რობერტ ო’ ბრაიანმა რუსეთთან მიმართებით?

5 თებერვალს ვაშინგტონში, მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიანმა უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მრჩეველმა რუსეთთან ბირთვული იარაღის კონტროლზე მოლაპარაკებები დააანონსა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საერთო მტერზე აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის გამარჯვებაც გაიხსენა, საბოლოო ჯამში ო’ბრაიანის შეფასება არანაირად არ ყოფილა პოზიტიური და შემრიგებლური, როგორც ამას News Front Georgia კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს.

ო’ბრაიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ისეთი ტიპის საგარეო პოლიტიკას მიმართავს, რაც საბჭოთა კავშირს 70-80-იან წლებში ჰქონდა, ეს კი, მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის არასახარბიელოა. ო’ბრაინმა ახსენა ის გაყინული და მიმდინარე კონფლიქტებიც, რაშიც რუსეთია ჩართული, მათ შორის საქართველო და უკრაინა.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, თუმცა ამავდროულად იმედებს არ გავუცრუებთ ჩვენს მოკავშირეებს მსოფლიოს გარშემო, მათ შორის უკრაინას.” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

რობერტ ო ბრაიანმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და უკრაინის თანამშრომლობას და აღნიშნა რომ აშშ დაუპირისპირდება რუსეთს როდესაც ამის საჭიროება გახდება, თუმცა, ამასთანავე დგას რუსეთთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებელობაც, რადგან ეს არამარტო რუსეთისა და აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მშვიდობისთვის არის მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, რობერტ ო’ ბრაიანს ადრეც განუმარტავს, რომ რუსეთი აშშ-ის მოკავშირედ არ განიხილება, მაშინაც კი, როდესაც მათი ინტერესები იკვეთება (მაგალითად ISIS-ის წინააღმდეგ) და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებულად მოქმედება უწევთ. ო’ბრაიანის თქმით, რუსეთი აშშ-სთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და მას თვალყურს ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებენ.