იდენტობა

გამოგონილი ახალი ამბავი, თითქოს საუდის არაბეთში ქალები შინაურ ცხოველებად ცნეს

27 ივლისი, 2017

სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი პორტალის Alibabaru.com- ს მიერ 23 ივლისს გამოქვეყნებული მასალა, სათაურით „საუდის არაბეთში ქალები ოფიციალურად ცნეს შინაურ ცხოველებად“. მასალაში ნათქვამია, რომ  საუდის არაბეთის სწავლულების კოლეგია უპრეცედენტო დასკვნამდე მივიდა, კერძოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ  ქალები რეალურად ძუძუმწოვარი ცხოველები არიან და შესაბამისად, იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რითიც იმავე კლასის დანარჩენი ცხოველები - აქლემები, ცალკუზა აქლემები და თხები. იქვე მითითებულია, რომ ფრანგული ახალი ამბების რესურსი Journal de Montreal -ის  ინფორმაციით, ქალთა უფლებების დაცვის ცენტრები საუდელი სწავლულების ამ ანთროპოლოგიურ აღმოჩენას ისტორიაში გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ, რადგან ჯერ კიდევ გუშინ საუდის არაბეთში ქალებს საყოფაცხოვრებო ნივთებზე მეტად არ აფასებდნენ.

გავრცელებულ ახალ ამბავს თან ახლავს 2015 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც საუდის არაბეთის პრინცები მუჰამედ ბინ ნაიეფი და მოჰამედ ბინ სალმანი არიან გამოსახული.

"

ამბავი თითქოს საუდის არაბეთში ქალები შინაურ ცხოველებად ცნეს - გამოგონილია და სატირული გამოცემების მიერ 2016 წლის 7 მარტს გავრცელდა.  სხვადასხვა პერიოდში ყალბი ამბავი რეალურ ფაქტად  გაასაღეს რუსულენოვანმა ვებ-გვერდებმა: Русское Агентство Новостей, Historytime.ru, Vlasti.net .

ამბავი, თითქოს საუდის არაბეთში მეცნიერთა პანელზე ქალები შინაურ ცხოველებად სცნეს, 2016 წლის 7 მარტს  სატირულ პორტალებზე World News Daily Report და Journal de Montreal-ზე გამოქვეყნდა. 

World News Daily Report-ის მისიის განაცხადში მითითებული აქვს:

"ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

რაც შეეხება ფრანგულენოვან Journal de Mourreal-ს, ვებ-გვერდზე სექციაში ჩვენს შესახებ აღნიშნულია, რომ იგი  60 წლის წინ დაარსებული მედიასაშუალებაა, ხოლო მის დამფუძნებელ მამებს ამერიკაში საუკუნეების განმავლობაში სდევნიდნენ მათი მორმონების ღმერთისადმი რწმენისა და სოდომისტობის გამო. ვებ-გვერდზე მითითებულ მისიის განაცხადში, World News Daily Report-ის ანალოგიურად გაცხადებულია,  რომ Journal de Mourreal -იც გამოგონილ, სატირულ ახალ ამბებს აქვეყნებს და შესაბამისად პერსონაჟებიც გამოგონილია.

ამერიკულმა ფაქტჩექინგ პორტალმა Snopes.com -მა World News Daily  Report-ის მასალა 2017 წლის მარტში გადაამოწმა.  Snopes.com -მა გაადამოწმა ფოტო, რომელზეც გამოცემის მტკიცებით თითქოს საუდის არაბეთში გამართული სამეცნიერო პანელი იყო ასახული. 

"

სინამდვილეში, ფოტოზე ასახულია 2016 დუბაიში  ჩატარებული ყოველწლიური ღონისძიება - World Government Summit. სამიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2016 წლის პროგრამაში მითითებული პანელისტებიდან არცერთი არაა მეცნიერი საუდის არაბეთიდან. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებული  წლიური ანგარიშები არ ეხება ქალთა ბიოლოგიურ კლასიფიკაციას.

როგორც ინგლისურენოვანი  World News Daily  Report-ი, ასევე ფრანგულენოვანი Journal de Montreal-ი ამერიკაშია რეგისტრირებული, თუმცა ისინი შესაძლოა დანიური წარმომავლობის იყოს. საიტები ანონუმურ სერვერს იყენებენ, რაც მათი მფლობელების იდენტიფიცირებას ართულებს.

"


 

პროპაგანდის მეთოდი
სატირულ-ოუმორისტული გამოცემების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა ანტიდასავლური გამოცემების მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია.  თუ აუდიტორია ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მასალა იუმორისტულია, ის მას რეალურ ამბად არ აღიქვამს, მაგრამ როდესაც იუმორისტული გამოგონილი ამბების სხვა პლატფორმებზე გაზიარება კონტექსტის გარეშე ხდება და არ არის მითითებული მისი გასართობი ხასიათი, მომხმარებელს უჭირს მისი როგორც სატირად ან პაროდიად აღქმა.  

World News Daily  Report –ის გამოგონილი ამბებს, ახლადდაბადებული ალიგატორის, ასევე  მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურებაზე სხვადასხვა დროს ავრცელებდა ინტერნეტ პორტალი „საქართველო და მსოფლიო“.


მოამზადა რაუფ მახარამოვმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია